Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

6 წლიანი მისიის შემდეგ ეუთოს მისია ომალოს ბაზას ქართველ მესაზღვრეებს უტოვებს


ეუთოს მისიამ თუშეთის მაღალმთიან სოფელ ომალოში

6 წლიანი მოღვაწეობა დაასრულა და მთელი ბაზა და ტექნიკური აღჭურვილობა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას გადასცა. თუმცა ამ ცერემონიას სიხარულთან ერთად სევდაც ახლდა. ეუთოს სამხედრო მისია წლების განმავლობაში არა მხოლოდ ურთულეს სასაზღვრო მონაკვეთის მონიტორინგს ატარებდა, არამედ წვრთნიდა ქართველ მესაზღვრეებს და, ამას გარდა, ეხმარებოდა და ცხოვრებას უმსუბუქებდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი ქართული კუთხის მცხოვრებლებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არა აქვთ შუქი და რომლებიც, მკაცრი ზამთარის გამო, საკუთარ სახლებს წელიწადში 7 თვით ტოვებენ. დღევანდელ პროგრამაში ”ჯარისკაცი და სახელმწიფო” ეუთოს მისიაზე, ქართველი მესაზღვრეებისა და საზღვრისპირა მაღალმთიან სოფელში მცხოვრები ადამიანების ყოფაზე გიამბობთ.


[მესაზღვრეთა ჯგუფის უფროსის ხმა] “სწორდით! სმენა! გიბრძანებთ, გახვიდეთ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დასაცავად. განწესის სახეობა სათვალთვალო პოსტი, გუშაგი საზღვრის მონაკვეთზე. ამოცანით: არ დავუშვათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევა...”(სტილი დაცულია)

სოფელ ომალოს სასაზღვრო პოლიციის სექტორის განაწესი, რომელიც 5-6 ჯარისკაცისაგან შედგება, ინსტრუქტაჟის შემდეგ საზღვრის დასაცავად პოსტებზე გადის. სოფელი ომალო ზღვის დონიდან 1800 მეტრზე მდებარეობს, ომალოს კომენდატურის პასუხისმგებლობაში არსებული რუსეთ-საქართველოს საზღვრის მონაკვეთის სიგრძე კი 100 კილომეტრზე მეტია. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გენერალ-მაიორი ბადრი ბიწაძე გვიხსნის, რომ ზამთარშიც და ზაფხულშიც ქართველი მესაზღვრეები საზღვრის ურთულეს მონაკვეთს ქვეითად აკონტროლებენ:
[ბადრი ბიწაძის ხმა] ”ბაზას თავისი კავშირგაბმულობის კომუნიკაციები აქვს. ჩვენც ძველ სექტორზე გვაქვს ანალოგიური კომუნიკაციები. გადმოვიტანთ აქ. კავშირგაბმულობა გვექნება, რომ დავუკავშირდეთ ყველა სექტორს - რა თქმა უნდა, თბილისს. დანარჩენი აქ ტექნიკით პატრულირება შეუძლებელია. ჩვენი მესაზღვრეები ფეხით ასრულებენ პატრულირებას.”(სტილი დაცულია)

ბაზა, რომელზეც ბადრი ბიწაძე საუბრობდა, ამა წლის 22 ივნისამდე ეუთოს ქართული მისიის სამხედრო დამკვირვებლებს ეკუთვნოდათ. ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის სამხედრო დამკვირვებლები 2001-2004 წლებში ომალოდან აწარმოებდნენ რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთ-ინგუშეთის მონაკვეთის მონიტორინგს და, რუსეთის ზეწოლის შედეგად, იძულებულნი გახდნენ შეეწყვიტათ ეს მისია. თუმცა ეუთოს სამხედრო დამკვირვებელთა ბაზაზე 2005 წელს ჩამოყალიბდა ტრენინგ ცენტრი, სადაც 2 წლის განმავლობაში 1000-ზე მეტი ქართველი მესაზღვრე და ტრენერი მომზადდა. საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა, ბრიტანელმა როი რივიმ 22 ივნისს ტრენინგ ცენტრი და აღჭურვილობა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ოფიციალურად გადასცა:

[როი რივის ხმა] ”ვინაიდან ჩვენი პროგრამა მთავრდება ამ თვეში, ამიტომ აღარ იყო საჭიროება ამ ბაზისა. ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება იყო, გადაგვეცა ეს ბაზა და აღჭურვილობა სასაზღვრო პოლიციისთვის. წინა წელს ჩვენ ასევე გადავეცით მესაზღვრეებს ბაზა გირევში.”

საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელი როი რივი 6 წლის განმავლობაში წელიწადში რამდენჯერმე ადიოდა ომალოში, რათა თვალი ედევნებინა პროგრამის მიმდინარეობისათვის. რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში მან თქვა, რომ თუშეთის ბუნებას ასე ხშირად აწი ვეღარ ნახავს და ამაზე გული სწყდება. თუმცა ეუთოს მისიის ბაზის დახურვის გამო გული კიდევ უფრო მეტად სწყდება მაღალმთიანი ომალოს მცირერიცხოვან მოსახლეობას, რომლისთვისაც ევროპელი დამკვირვებლების ყოფნა სამუშაოც იყო და უსაფრთხოების დამატებითი გარანტიაც. ომალოელი მანანა ჩაგაიძე ეუთოს ბაზაზე დიასახლისად 7 წელი მუშაობდა და ზამთარ-ზაფხულ ოჯახთან ერთად ბაზაზე იყო. მანანა უკვე წასასვლელად ემზადება:

[მანანა ჩაგაიძის ხმა] ”ზაფხული იყო თუ ზამთარი იყო, სამედიცინო დახმარება, პირველ რიგში, ამათგან იყო. თუ ფრენის საშუალება იყო და, ხალხის გადაყვან-გადმოყვანა თბილისიდან ომალოში და ომალოდან თბილისში. დახმარებაზე უარს არავის ეუბნებოდნენ. თუ რაიმე გარშემო გაკეთდა, ადგილობრივების გაკეთებულია და მათაც რაღაც დასაქმება ჰქონდათ. და ეხლა კი... სუყველა ჩვენი თავის ანაბარა უნდა ვიყოთ.”(სტილი დაცულია)

ყველა მსურველს, ალბათ, ვერ დაასაქმებს ეუთოს ბაზაზე გადასული ქართული სასაზღვრო პოლიციის კომენდატურა, რადგან ქართველი მესაზღვრეების ხელფასი არათუ ეუთოს მიერ დაწესებულ შრომით ანაზღაურებასთან ვერ მოვა, არამედ სასაზღვრო პოლიციის ოფიცრის საშუალო ხელფასი ორჯერ ნაკლებია, ვიდრე სამხედრო ოფიცრისა. თუმცა ომალოს სასაზღვრო რაზმის უფროსი, მაიორი ზურაბ მოურავიძე, რომელიც წარმოშობით ასევე ომალოდანაა, იმედს არ კარგავს, რომ საქართველოში დაწყებული აღმშენებლობის პროცესი თუშეთამდეც ჩააღწევს. მანამდე კი მესაზღვრეები ცდილობენ საზღვრის დაცვის საქმეში ადგილობრივი მოსახლეობაც ჩააბან:

[ზურაბ მოურავიძის ხმა] ”შტატში არის 4 კაცი ომალოს სექტორში, ადგილობრივი კადრი.”

ეუთოს მისიის წასვლის შემდეგ ომალოში თვეში ორჯერ შეასრულებს საავიაციო რეისს სასაზღვრო პოლიციის ავია ჯგუფი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობასაც მოემსახურება. როგორც აქაურები ამბობენ, სამოქალაქო რეისები ომალოში არ განხორციელებულა მას შემდეგ, რაც იქ ცნობილი ფილმი ”მიმინო” გადაიღეს. სოფელში არ არსებობს სკოლა და სამედიცინო პუნქტი. ზამთარში არა აქვთ დენი, არ მუშაობს ფოსტა და ტელევიზია. ომალოს სიცოცხლე და ხალისი მხოლოდ ზაფხულობით ეტყობა, როცა ბარში გამოსაზამთრებლად ჩასული თუშები მამა-პაპის კერას უბრუნდებიან. 12 წლის თედო შაბალაიძე, რომელიც ხშირად ადის კესელოს ციხეზე მეგობრებთან ერთად, წუხს, რომ ზამთრობით ვერ ახერხებს ომალოში დარჩენას:

[თედო შაბალაიძის ხმა] ”ძალიან ლამაზია მთები, ძალიან ლამაზი ადგილია, ზამთარი ძალიან ლამაზია და რა ვიცი. ციხეებია მანდ, ზემოთ ომალოში, და ძალიან ბევრი ძველებური რამე არის, ხანჯლები და ძალიან ბევრი რამე. ძალიან კარგი ადგილია, რა.” (სტილი დაცულია)
[კობა ლიკლიკაძე] ”რამდენ ხანს დარჩები კიდევ ომალოში?
[თედო შაბალაიძის ხმა] ”ერთი-ორი თვე და მერე წავალ ალვანში.”
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG