Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კენებანკპორტის შემდეგ ბუშსა და პუტინს შორის დაძაბულობა განიმუხტა


აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შინაურული შეხვედრა მეინის შტატის პატარა ოკეანისპირა ქალაქ კენებანკპორტში ღიმილით დასრულდა.

მასპინძელს, ჯორჯ ბუშს, სტუმრის, ვლადიმირ პუტინის, გულწრფელობასა და სინდისიერებაში მისხალი ეჭვიც არ ეპარება. სტუმარი კი აზრს არ იცვლის და მასპინძელს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის კვლავაც თავის, ძველ ვარიანტს, სთავაზობს, თუმცა – უფრო გაფართოებული სახით. რას ფიქრობენ ექსპერტები – რამდენად გულწრფელი და კეთილგანწყობილია რუსეთი ამერიკის და, საერთოდ, დასავლეთის მიმართ?

რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტებმა თევზაობისას 76-სანტიმეტრიანი ქორჭილა წყლიდან ერთობლივი ძალით ამოიყვანეს და ამით დაამტკიცეს, რომ "ძალა ერთობაშია". მოგვიანებით პრეზიდენტებმა თევზი ისევ წყალში გაუშვეს, რადგანაც ის მხოლოდ სიმბოლო იყო. ვლადიმირ პუტინისა და ჯორჯ ბუშის მთავარი ნადავლი იყო შესაძლებლობა, ერთმანეთისა და მსოფლიოსთვის დაენახვებინათ, რომ ისინი მზად არიან დაპირისპირება გვერდზე გადადონ და საერთო ენა გამონახონ. შინაურული მასპინძლობა წარმატებული აღმოჩნდა ამერიკის პრეზიდენტისთვის, რომელმაც რუს კოლეგაში ახალი ნიუანსები აღმოაჩინა:

[ჯორჯ ბუშის ხმა] "ჩვენი ურთიერთობის მანძილზე იყო საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც ჩვენ ერთმანეთს ვეთანხმებოდით და იყო საკითხები, რომლებზეც ჩვენ ერთმანეთს არ ვეთანხმებოდით. ერთი, რაც გავიგე, არის ის, რომ ვლადიმირ პუტინი მტკიცე, თანმიმდევრული, გულახდილი და სინდისიერია. იოლია მასთან ერთად განიხილო შესაძლებლობები და პრობლემები."

2 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე განმუხტული და ბედნიერი ჩანდა როგორც ჯორჯ ბუში, ასევე ვლადიმირ პუტინი. აშკარა იყო კონტრასტი გასული თვეების ემოციებთან, როდესაც ორი გავლენიანი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის სერიოზულმა დაპირისპირებამ იჩინა თავი. მსოფლიოს ახსოვს, რომ ბუში პუტინს არადემოკრატიულობაში სდებდა ბრალს, ხოლო პუტინი ბუშს თვითნებურ მოქმედებაში ადანაშაულებდა. მეთვალყურეები მიიჩნევენ, რომ კენებანკპორტის შეხვედრამ რაღაც-რაღაცები აშკარად შეცვალა, თუნდაც – მსოფლიოს დასანახად. გამოინახა თუ არა რეალურად საერთო ენა? ამ შეკითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. თუმცა მხარეებმა თანხმობის დემონსტრირება ისეთ საკითხთან დაკავშირებითაც ინებეს, როგორიც არის ირანი და ატომური იარაღი – ერთ დროს მუდმივი და მწვავე დაპირისპირების საგანი.

განიმუხტა ბოლოდროინდელი დაძაბული ფონი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემასთან დაკავშირებით. ამერიკის პრეზიდენტმა კეთილგანწყობით მოისმინა რუსი კოლეგის მიერ წამოყენებული ახალი წინადადება. უფრო სწორად, ეს იყო ივნისში, დიდი რვიანის სამიტის დროს, გახმაურებული წინადადების გაფართოებული ვარიანტი:

[ვლადიმირ პუტინის ხმა] "ჩვენ მზად ვართ, თუკი ეს აუცილებელი იქნება, მუშაობაში ჩავრთოთ არა მხოლოდ გაბალაში, აზერბაიჯანში, ჩვენ მიერ იჯარით აღებული სადგური, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ რეკონსტრუქცია ჩავუტაროთ მას... და მეტიც, თუკი არც ეს იქნება საკმარისი, მზად ვართ საერთო სისტემაში ჩავრთოთ გაშვებული რაკეტების აღმომჩენი ახალი სადგური, რომელიც სამხრეთ რუსეთში შენდება."

პრეზიდენტმა პუტინმა ასევე წამოაყენა წინადადება - ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ვაშინგტონისეული გეგმა ევროპის ქვეყნებმა ერთობლივად განიხილონ და განხილვის არენად რუსეთი-ნატოს საბჭო გამოიყენონ. მართალია, ვაშინგტონი არ აპირებს ანტისარაკეტო თავდაცვის ელემენტების პოლონეთსა და ჩეხეთში განთავსება გადაიფიქროს, მაგრამ პუტინის წინადადებას ბუში მაინც "კონსტრუქციულს" უწოდებს და საკითხის განხილვას შემოთავაზებული გზით აპირებს.

ერთი სიტყვით, ვლადიმირ პუტინმა და ჯორჯ ბუშმა ერთმანეთისთვის საჯარო კეთილგანწყობა არ დაიშურეს. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ამიერიდან ყველაფერი კარგად იქნება? თუკი გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის" მიმომხილველს ენ ეპელბაუმს მოვუსმენთ, ეს ნაკლებად დასაჯერებლად მოგვეჩვენება:

[ენ ეპელბაუმის ხმა] "რუსეთი აშკარად დაინტერესებულია, დაანაწევროს დასავლური ალიანსი, გათიშოს და ნეგატიური ატმოსფერო შექმნას, მაგალითად, გერმანიასა და აღმოსავლეთ ევროპას შორის. რუსეთი დაინტერესებულია ძირი გამოუთხაროს დასავლეთის პოლიტიკას ირანთან და სხვა ქვეყნებთან მიმართებით. ვიმედოვნებ, რომ სიტუაცია ამაზე მეტად ვეღარ გაუარესდება, რადგანაც ამჟამინდელი რუსეთი, სამხედრო თვალსაზრისით, და გნებავთ – ეკონომიკურად, არ არის ისეთი ძლიერი, რომ ამაზე მეტის გაკეთება შეძლოს. ეს შეიძლება რამდენიმე წელიწადში მოხდეს. შესაძლოა, ბევრი რამ გაუარესდეს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება რუსეთში უახლოესი 18 თვის მანძილზე."

"ვაშინგტონ პოსტის" მიმომხილველი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს რუსეთი, მისთვის შესაფერ მომენტში, კიდევ არაერთხელ დაუდებს ფეხს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG