Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოზარდთა პრობლემები რეგიონებში


საქართველოში, ევროკომისიის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი და საქართველოს რეგიონალური მედიის ასოციაცია ახორციელებენ პროექტს

“მოქალაქეთა ინფორმირებული არჩევანი - მედია და არჩევნები”. პროექტში ჩართულია 20 რეგიონალური ჟურნალისტი 12 ქალაქიდან. მათ ერთდროულად გამოიკვლიეს სამი აქტუალური თემა და მთელი ქვეყნის მასშტაბით მეტ-ნაკლებად სრული სურათი აღადგინეს. გასულ კვირაში გიამბეთ ოპოზიციის მდგომარეობასა და მოლოდინებზე, დღეს კი რეგიონებში მოზარდთა პრობლემებზე გესაუბრებით.

18 ივნისს, გაზეთ “გურია ნიუსის” ინიციატივით, ოზურგეთის ბიბლიოთეკაში გაიმართა დებატები “დავუდგეთ მომავალს გვერდით”. გაზეთის ლანჩხუთელი კორესპონდენტი ნინო მშვიდობაძე წერს: “ოზურგეთული შეხვედრიდან დაბრუნებულმა, ჩემს მერვეკლასელ დეიდაშვილს, რომელიც ჩვენთან იზრდება, ვთხოვე, თავისებურად აეხსნა, რატომ გაუცხოვდა და გაცივდა ურთიერთობები მშობლებსა და შვილებს შორის. მან ცოტა ხანში პატარა წერილი მომაწოდა, ასეთი სათაურით: “მე აღარ გენდობი(თ)!”

ეს უაღრესად შთამბეჭდავი წერილი-მიმართვა მერვეკლასელმა მოსწავლემ, როგორც ჩანს, არა მხოლოდ თავისი, არამედ საკუთარი თანატოლების სახელითაც შეთხზა. წერილში, თითქოს, იგრძნობა, რომ მოზარდს, ბოლოს და ბოლოს, ჰკითხეს ის, რის პასუხზეც ბევრი უფიქრია, ოღონდ დარწმუნებული არ იყო, რომ ვინმე ოდესმე სწორედ ამ შეკითხვით მიმართავდა. პასუხის ადრესატიც არა საკუთარი დეიდაშვილი, არამედ მთელი საზოგადოებაა, ნებისმიერი ჩვენგანი. გაგაცნობთ რამდენიმე ნაწყვეტს ამ წერილიდან: “მე შენ აღარ გენდობი და შენი მეშინია. არ ვიცი, ჩემს ქცევას როგორ აღიქვამ და რა სახელს უწოდებ ჩემ მიერ გადადგმულ ამა თუ იმ ნაბიჯს. შენ წინაშე არავითარი პასუხისმგებლობის გრძნობა არ მაქვს, რადგან შენც აღარ გაქვს პასუხისმგებლობა ჩემ მიმართ. შენ ჩემთვის საერთოდ არ გცალია. არც მშობლებს სცალიათ, რადგან დილიდან საღამომდე და ხშირად ღამემდეც კი ლუკმაპურის საშოვნელად არიან გადახიზნულნი და კაპიკს კაპიკზე აწებებენ, რომ მშივრები არ დავრჩეთ... შენ გგონია, სკვერი, ბაღი ან ატრაქციონი გამოსავალია და ქუჩას მომწყვეტს? განა სკვერებთან ან ფანტანთან არ სჩადიან დანაშაულს, არ ექაჩებიან პლანს ან წებოს არ ისუნთქავენ? მე არ მჭირდება ფანტანები, სკვერები, ატრაქციონები, არც ბანაკები. მე მინდა ჩემი განათლებული მშობლებისთვის ნორმალური სამუშაო ადგილები და მათი სითბო და სიყვარული. მაშინ არც პლანს მოვწევ, არც წებოს ჩავისუნთქავ, არც დანას ჩავიდებ ჯიბეში, ცეკვის წრეზეც ვივლი და უცხო ენასაც ვისწავლი. მასწავლებელი ახლაც კი იმას ამბობს, რომ კლასში მაინც ყველაზე უკეთ ვიცი ინგლისური, მიუხედავად იმისა, რომ წიგნი არ მაქვს.”

“ახალი გაზეთის” ჟურნალისტ თეა ზიბზიბაძესთან საუბარში ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე თეონა ხურციძეც საკუთარ გულისტკივილს გვიზიარებს: “კლასში არის რამდენიმე მოსწავლე, რომელიც ყველას და ყველაფერს აკონტროლებს. ისინი თავის მიმდევრებს იჩენენ და, საბოლოოდ, ყალიბდება ჯგუფი, რომელსაც ნებისმიერი დანაშაულის ჩადენა შეუძლია. მე რომ მათ მივუთითო, ჩემს უკან უნდა იდგეს სკოლა, მშობელი და საზოგადოება, რომ მარტო არ აღმოვჩნდე მათ წინააღმდეგ. დღეს კი ასეთი გარანტიები არ არსებობს.”

საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მომზადებულ სტატიებში ფსიქოლოგების შეფასებები ზუსტად ემთხვევა მოზარდების მიერ უმთავრესი პრობლემების ხედვას: პირველი პრობლემა მძიმე სოციალური ფონია, მეორე - ღირებულებების დეფიციტი. როგორც აღმოჩნდა, სოციალური თემატიკა და პასუხისმგებლობის სიმძიმის ოჯახზე გადატანა უფრო ხშირად პედაგოგების კომენტარებში გვხვდება, ღირებულებების დეფიციტსა და საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე კი, როგორც წესი, მშობლები საუბრობენ. სკოლის დირექტორი ხარაგაულიდან: “ყოველდღიური გაჭირვება, სიცივე, შიმშილი, უყურადღებობა ბავშვის ფსიქიკაში ილექება, განსაკუთრებით, ისეთ ოჯახებში, სადაც მოზარდი სულიერ საზრდოს ვერ იღებს.” მშობელი ახალციხიდან: “სპეციალური სკოლები ჯერ მშობლებისთვის უნდა შექმნან. ღირებულებები იმდენჯერ გადაფასდა, რომ აღარ ვიცი, ჩემს შვილს რა ვასწავლო.”

მოზარდთა პრობლემების კუთხით რეგიონებიდან წამოსული მთავარი შეტყობინება ამგვარად შეიძლება ჩამოყალიბდეს: ოჯახის უფროსი თაობა სარჩოს ძებნით არის დაკავებული, სკოლებში კი ჯერ არც ახალ ღირებულებებს შეუღწევია და არც მათ დამამკვიდრებელ ახალ ლიდერებს.
XS
SM
MD
LG