Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი თაობა ბერგმანისგან კინოს გადაღებას სწავლობს


ორშაბათს, 30 ივლისს, შვედეთის კუნძულ ფერცზე, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა თანამედროვე თეატრისა და კინოს კლასიკოსი, დიდი შვედი რეჟისორი ინგმარ ბერგმანი.

„ბერგმანის გარდაცვალებით დასრულდა დიდი ეპოქა თანამედროვე მსოფლიო კულტურაში“.
ბერგმანის გარდაცვალების ამბავი რეჟისორის ქალიშვილმა, ევამ, 30 ივლისს, შუადღეზე გაავრცელა. ერთი დღეა უკვე, მსოფლიოს კინოსა და თეატრის სამყარო ინგმარ ბერგმანის გარდაცვალებას „დიდი ეპოქის დასასრულად“ აფასებს. პირველი ფილმი, „მოწამვლა“ შვედმა რეჟისორმა 1944 წელს გადაიღო, უკანასკნელი, „სარაბანდა“ – 2003 წელს. სხვათა შორის, ტელევიზიისთვის გადაღებული ეს კამერული სურათი ზოგიერთმა კრიტიკოსმა 21-ე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად მიიჩნია - „სარაბანდას“ პრემიერის შემდეგ წერდნენ, რომ დიდი კლასიკოსი ისევ ფორმაშია, მისი სტილი კი უფრო თანამედროვეა, ვიდრე ის, რომელსაც ახალგაზრდა რეჟისორები ამკვიდრებენ. მაგრამ ინგმარ ბერგმანმა განაცხადა, რომ „სარაბანდა“ მისი უკანასკნელი ფილმი იქნება, კუნძულ ფერცს, სადაც უწინ თავის ფილმებსაც იღებდა ხოლმე, აღარ ტოვებდა. თუმცა იმასაც ამბობდა, რომ სიკვდილის წინ სტოკჰოლმის ოპერის თეატრში, მოცარტის „ჯადოსნური ფლეიტის“ დადგმაზე ოცნებობს. „ეს ჩემი რექვიემი იქნება“ - უთქვამს ორი წლის წინ დიდ რეჟისორს

[მუსიკა. „ჯადოსნური ფლეიტა“

„ჯადოსნურ ფლეიტაზე“ ბერგმანმა ერთხელ უკვე იმუშავა - 1975 წელს ეკრანებზე გამოვიდა მოცარტის ოპერის ბერგმანისეული „კინოადაპტაცია“ - სურათი, რომელიც დღესაც ოპერის ერთ-ერთ საუკეთესო ეკრანიზაციად ითვლება. რეჟისორმა, რომელიც მთელი ცხოვრება ადამიანის მარტოობისა თემას იკვლევდა, ამ ოპტიმისტური, სიცოცხლით სავსე ფილმით უამრავი თაყვანისმცემელი გააკვირვა. 1982 წელს ბერგმანი ისევ დაუბრუნდა - ეპიკურ კინოს - გადაიღო ასევე სიცოცხლითა და ადამიანის რწმენით აღსავსე „ფანი და ალექსანდრე“ - ფაქტობრივად თავისი ცხოვრება ასახა კინოში - ცხოვრება შვედი პასტორის შვილისა, რომელმაც პროტესტანტული ეკლესიის მკაცრი სამყარო - ხელოვნებით, შემოქმედებით, კინოთი და თეატრით ჩაანაცვლა

[ინგმარ ბერგმანის ხმა]81.00.15 „მე თავისუფალი ვარ ჩემს შემოქმედებაში, ამიტომ თეატრსა და კინოს შორის არჩევანს ვერ გავაკეთებ. მე ერთნაირად მომთხოვნი ვარ მსახიობების, ტექნიკური მუშაკების მიმართ როგორც თეატრში, ასევე კინოში. ჩემთან ყველა დაკავებულია და ყველა თავის საქმეს აკეთებს. ამავე დროს, მუშაობის პროცესში, ჩვენ ყველა - მსახიობი იქნება ეს, თუ ოპერატორი - ერთად ვმუშაობთ, ერთად ვქმნით“ (ბოლო.1.40-დან).
ინგმარ ბერგმანის შემოქმედებამ უამრავ ხელოვანზე მოახდინა გავლენა. პირველად მისი ფილმი, „მარწყვის მდელო“ ჩვენში 1965 წელს ნახეს. არაერთმა საბჭოთა (მათ შორის ქართველმა) რეჟისორმა აღიარა, რომ ბერგმანის ამ სურათმა წარმოდგენა შეუცვალა კინოზე - აღმოჩნდა, რომ კინოს ენით შესაძლებელია გამოიხატოს არა მარტო ადამიანის ქცევა, არამედ მისი ფიქრები, გრძნობები... თანაც, ადამიანის სულის „მოძრაობა“ შესაძლებელია წარმოჩინდეს კამერულ, მცირებიუჯეტიან ფილმებში, სულ რამდენიმე მსახიობით... სწორედ მსახიობები, განსაკუთრებით ქალი მსახიობები, ქმნიან ინგმარ ბერგმანის სამყაროს. რეჟისორი არ ერიდება მათი ძალიან ახლო ხედების ჩვენებას, რათა მაყურებელმა უკეთ იგრძნოს პერსონაჟის სასოწარკვეთილება და მარტოობა. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ასეთ სტილს ირჩევს რეჟისორი, რომელმაც კინოსთან ერთად, თეატრშიც მიაღწია უდიდეს წარმატებებს. თუმცა ბერგმანის ბიოგრაფების მტკიცებით, მისი სპექტაკლებიც უაღესად კინემატოგრაფიულია. ხშირია, როცა მსახიობებს, რომლებმაც მის სპექტაკლებში გამოიჩინეს თავი, ბერგმანი კინოში იღებდა.

[მუსიკა. „ჯადოსნური ფლეიტა“]

საქართველოში ბერგმანის შემოქმედებას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. სხვადასხვა დროს ქართულად ითარგმნა ბერგმანის ფილმების სცენარები, წერილები. მწერალი დათო გაბუნია შვედურიდან თარგმნის ბერგმანის წიგნს „ლატერნა მაგიკა“, რომელსაც სულ მალე იხილავს მკითხველი. ახალი თაობა ბერგმანისგან კინოს გადაღებას სწავლობს
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG