Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


ზურაბ ჭიაბერაშვილი გასული კვირის დღიურებს წაგვიკითხავს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

- საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში.

12 აგვისტო, კვირა
გუშინ მთელი ჯალაბი ქობულეთს წავიდა. უყვართ ბავშვებს ზღვა, განსაკუთრებით კი თავისი ქვეყნის ზღვა. მე ეს მახარებს. მახარებს ის, რომ ზაფხულის არდადეგებამდე ერთი თვით ადრე იწყება მათი ფიქრი იმაზე, როდის, კონკრეტულად რომელ რიცხვში, წავლენ საქართველოში და ნახავენ მათთვის ძვირფას ადამიანებს. ვფიქრობ, კარგი ბალანსია: მოსწონთ იქ, სადაც ცხოვრობენ და უყვართ ის, რაც მათია.
სახლში მე და მაკა ვართ მხოლოდ. ბავშვობის მერე ჩემი დისგან ასეთი ყოველდღიური ზრუნვა აღარ დამჭირვებია. მეკითხება, რა საჭმელი მინდა, რა ტანსაცმელს ჩავიცვამ. უცნაურია, მაგრამ სასიამოვნო. ხანდახან ვგრძნობ, რომ ჩემი ცხოვრების წესის თუ საზოგადოებრივი აქტიურობის თუ სამსახურ(ებ)ის გამო დავშორდი საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი და ერთმანეთის თავიდან აღმოჩენას ასეთ უბრალო, ადამიანურ, ყოფით სიტუაციებში ახლავს თავისი ხიბლი.
შხაპი, ორი ნაჭერი ცივი საზამთრო, და გავდივარ სახლიდან. ვცდილობ, ყოველდღე 2-3 ადამიანი ვნახო და ერთმანეთს შევუხამო სასარგებლო და აუცილებელი: საქმიანი შეხვედრებიც კი ძალიან მეგობრულია და იუმორით სავსე. ალბათ, იმის გამო, რომ ზაფხულია, ტრადიციული დაძაბულობა გამქრალია (საჯარო მოხელეებიც კი ცოტა მოშვებულნი მეჩვენებიან) და ამიტომ საუბარში ისე გადის დრო, ვერც ვიგებთ.
თან ეს ადამიანები სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ და მათი საუბარი, ხედვა, აზრი ჩემთვის საინტერესო მოზაიკას ქმნის. დღევანდელ ჩემ თანამოსაუბრეთაგან, მაგალითად, ერთი აკადემიური სფეროს წარმომადგენელია, ერთი – სამოქალაქო სექტორის, ერთიც – ბიზნესის. შეხვედრის ადგილი აბანოთუბნიდან ანჩისხატამდეა, საუბრის თემატიკა – ქვეყანაში შემოსული ინვესტიციებიდან – ჯონ როულზის “პოლიტიკურ ლიბერალიზმამდე”.
სახლში გვიან ვბრუნდები. მამაჩემი დაბრუნებულა ქობულეთიდან. ვწვები, ყასიდად ვრთავ ტელევიზორს და ხუთ წუთში მეძინება. ეს კარგი ნიშანია. თავიდან ვეჩვევი საკუთარ სახლში ძილს და მოსვენებას.

13 აგვისტო, ორშაბათი
ორშაბათი. თან 13. ვოცნებობ ცრურწმენების კრებულზე, რომელსაც, მართლა რომ შემეძლოს გაკეთება და გამოცემა, ბებიაჩემს მივუძღვნიდი. კრებულში შევიტანდი ყველაფერს, რაც ქართულ ხალხურ თქმაში არსებობს: როდის რა შეიძლება და როდის რა არ შეიძლება. მაგალითად, როდის არ უნდა გაასესხო ფული ან კვირის რომელ დღეს უნდა დაიჭრა ფეხის ფრჩხილები. თუ ვინმეს ეს იდეა მოეწონება და ასეთ კრებულს გააკეთებს, მადლობელი დავრჩები.
მე ცრურწმენების არ მჯერა. ამიტომ შხაპითა და ორი ნაჭერი ცივი საზამთროთი მომძლავრებული, უშიშრად გავდივარ სახლიდან. შეხვედრების ადგილმა რუსთაველისკენაც გაიწია და საღამოს ისევ სიონისკენ დაბრუნდა. საჯარო მოხელე, საჯარო მოხელე, საჯარო მოხელე, ჩემი მარიამის ნათლია – ასეთია დღევანდელი შეხვედრების მონაწილეთა ჩამონათვალი. თემატიკა ისევ მრავალფეროვანია: ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა და ევროპის საბჭოსთან ამ მიმართულებით თანამშრომლობა; საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტები; ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო; მარნეულში ახლახან გახსნილი კლინიკა.
ბოლო შეხვედრა განსაკუთრებულია. ჩემი მარიამის ნათლია და მისი მეუღლე შეუღლების 13 წლისთავს აღნიშნავენ. მახსენდება, რომ ჩემს მეუღლესა და მე მრგვალი თარიღი გვაქვს: ნიშნობის 15 წელი. ის ქობულეთშია, მე – თბილისში. მთელი დღე რამდენჯერმე ვილაპარაკეთ ტელეფონით და არც ერთს არ გაგვხსენებია. ვურეკავ და ერთმანეთს იმ სახუმარო ფრაზებს ვეუბნებით, რასაც ამ დროს ცოლ-ქმარი ერთმანეთს ეუბნება.

14 აგვისტო, სამშაბათი
დილის შხაპი და ორი ნაჭერი ცივი საზამთრო შუადღეზე ჩემს ყოფილ თანამშრომელთან, ამჟამად მეგობართან და ყოველთვის კარგ ადამიანთან შეხვედრით გრძელდება აბნოთუბანში. ბიზნესშია და, როგორც მისი თაობის ჩემთვის ნაცნობ წარმომადგენელთა უმრავლესობას, მასაც უცხოეთში მიუწევს გული უკეთესი განათლების მისაღებად. ვეთანხმები: მეტი კვალიფიკაცია, მეტი ცოდნა, უფრო ფართო კონტაქტები ნამდვილად არ გვაწყენს.
შეხვედრის მერე სახლში ვბრუნდები, ცოტას ვისვენებ და მივემგზავრები სიღნაღს, სადაც ბოლოს 2004 წლის 8 მარტს, კახეთის რეგიონის საარჩევნო უბნების შემოვლაზე ვიყავი.
შევდივარ ნუკრიანის მხრიდან. სიღნაღი კარგია, მაგრამ ვინ თქვა რომ ნუკრიანი ცუდია?! ქალაქში შესვლამდე რამდენჯერმე ვაჩერებ მანქანას, გადმოვდივარ და ღრმად ვისუნთქავ ჰაერს.
ახალ სამყაროში უცბად ხვდები. პერველივე მოსახვევში - დიდი ახალი საათი. მანქანა თავისით მიგორავს, მე ვაკვირდები კედლებს, ღობეებს, აივნებს, ტროტუარებს, ქვაფენილს, საზოგადოებრივი სივრცის ცალკეულ აქსესუარებს. მოედანზე მეორე საათი მხვდება. დრო ნამდვილად მნიშვნელოვანია.
ზემოთ, გამგეობის შენობისკენ, მტვრის ბუღი დგას. როგორც ჩანს, ძირითადი სამუშაოები ახლა იქაა გახურებული. ავდივარ, ვტრიალდები და ისევ ქვემოთ, მოედნისკენ ვბრუნდები.
შეხვედრამდე კიდევ მაქვს, ასე, 30-40 წუთი. ჩავდივარ ბოდბეს მონასტერში. მის შესასვლელშიც მშენებლობაა. როგორც მერე ვიგებ, მომლოცველების ღამის გასათევი სასტუმრო იქნება.
შევდივარ ტაძრის მხარეს. ეზოში არავინაა. ტაძარს გარს ვუვლი და შევდივარ. სიღრმეში სანთლებს ახალგაზრდა ქალბატონი ყიდის. სანთელს ვყიდულობ და მასვე ვთხოვ, სამონაზვნე სიდონია მაპოვნინოს. სამონაზვნე, როგორც ირკვევა, წელს უკვე მონაზვნად უკურთხებიათ.
ქალბატონი სამონასტრო კომპლექსის სიღრმეში უჩინარდება. მე სანთლებს ვანთებ, ტაძრიდან გამოვდივარ და საოცრად მოვლილ ეზოში ბოლთას ვცემ. მწვანე მოლი, უამრავი ჯიშის წიწვოვანი და სიმშვიდე. ცოტა ვღელავ კიდეც.
ის კიბეებზე ჩამოდის და რეპლიკებზე უკვე ვხვდები, რამდენად მოულოდნელია მისთვის ჩემი დანახვა. ტაძარს შემოვლებულ ქვაზე ვსხდებით და წყნარად ვსაუბრობთ. 5 წელია, აქაა. არ გვინახავს ერთმანეთი, ალბათ, 7-8 წელია; და ეს არაფერში იგრძნობა.
ვლაპარაკობთ მონასტერზე, ნაკლებად ჩვენზე და თითქმის არაფერს – ჩვენს საერთო მეგობრებზე (ცოცხლებსა თუ გარდაცვლილებზე). მჩუქნის ბუკლეტს ბოდბის მონასტერზე. მაოცებს მისი სიმშვიდე და სიმსუბუქე. რატომღაც მეგონა, რომ სამონასტრო ცხოვრება ადამიანს ამძიმებს. ვპირდები, რომ სტრასბურგში წასვლამდე კიდევ ჩავალ და ნინოს, ბავშვებს და ვერიკოს ჩავიყვან.
ამოვდივარ უკან, სიღნაღში, და ვჩერდები გამგეობის შენობის სიახლოვეს. მალე წნორის მხრიდან ბუღი ჩნდება, მტვრიან გზაზე სწრაფმავალი მანქანების სვლას რომ ახლავს თან. იწყება ფეხით სიღნაღის შემოვლა, ქუჩა-ქუჩა, შუკა-შუკა.
ჩავდივართ წნორისკენ გასასვლელში. ვჩერდებით თითქმის ყოველ სახლთან. მშენებლები ჰყვებიან, რა კეთდება. დიდი ხანია, სამშენებლო მტვრით აღარ დამსვრია ფეხსაცმელი და შარვლის ტოტები.
შემოვლა გრძელდება თათბირით, სადაც ერთადერთი ადამიანი, რომელიც დაძაბული არაა, მე ვარ. სხვები ან ანგარიშს იბარებენ, ან ანგარიშს აბარებენ. მე ინტერესით ვუსმენ. ხომ ამხელა სამუშაო მიმდინარეობს, ხომ ასეთი დაძაბული გრაფიკია და მაინც აშკარაა, რომ უფრო ადვილად შეცვლი სახლს, ქუჩას, ქალაქსაც კი, ვიდრე ადამიანებს. არადა სიღნაღი რომ ის გახდეს, რაც გვინდა რომ იყოს, ადამიანებიც უნდა შეიცვალონ.
გარეთ უკვე ბნელა. ნუკრიანისკენ ამოვდივართ და ვაჩერებთ მანქანებს. ახლა განათებულ სიღნაღს ვუყურებ. გზა თბილისისკენ საინტერესო საუბარში ილევა. “კაჭრეთის ჩემპიონი” კი მართლა ჩემპიონია!

15 აგვისტო, ოთხშაბათი
არ ვიცი, არ მიყვარს თუ, უბრალოდ, არ ვარ დილით ლოგინში კოტრიალს მიჩვეული, მაგრამ ამ დილით ბალიში ნამდვილად სჭირდება ჩემს თავს. "კაჭრეთის ჩემპიონს" ნურაფერს დავაბრალებთ, სასმელზე მორატორიუმი დიეტის შემდეგ გრძელდება. მინდა, გუშინდელ დღეს გონებაში კიდევ ერთხელ გადავავლო თვალი და გავიხსენო ყველა ის ემოცია, რაც გუშინ დაიბადა. შხაპი და ორი ნაჭერი ცივი საზამთრო ნებივრობის კარგი დასასრულია.
დღეს შეხვედრების ადგილმა ვაკე-საბურთალოსკენ გადაიწია. შუადღეს იტალიურად გეახელით, საღამოს – რუსულად. რა აზრი ჰქონდა მთელი ივლისი დიეტაზე ჯდომას?!
საჭმელი ინტერნაციონალურია, საუბრის თემა – ისევ და ისევ ქართული. კარგია, რომ ყველა შეხვერდაზე მაინც ორი რამის ირგვლივ ვტრიალებთ: განათლება და ეკონომიკა. ამის გარეშე ჩვენი სტრატეგიული მიზნების მიღწევა შეუძლებელია.

16 აგვისტო, ხუთშაბათი
შვებულება შვებულებად, დასვენება დასვენებად, მაგრამ ასეც არ შეიძლება. შხაპამდე და ორ ნაჭერ ცივ საზამთრომდე კომპიუტერს ვრთავ და ერთი კვირის უნახავ ფოსტას ვნახულობ. არა, დღეს ამის დამხარისხებელი მე არ ვარ! კვირა დილამდე მოიცდის. სად მცალია - კაცი დღიურის წერით ვარ დაკავებული!
იმ დაწესებულების (არა მხოლოდ გასტრონომიულის) სახელი, სადაც საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობის ქართველი თანამშრომელი და ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი “საქმიანი ლანჩისთვის” ვსხდებით, ნამდვილად შეესაბამება ჩვენს დიპლომატიურ ამპლუას. მიყვება, როგორ ხედავს საერთაშორისო საზოგადოების თბილისში მყოფი ნაწილის მისთვის ნაცნობი ნაწილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, განსაკუთრებით, ადამიანის უფლებების კუთხით. ვაანალიზებთ, რა გვაქვს გასაკეთებელი მომდევნო თვეების განმავლობაში. არაგვზე რაფტინგმაც რეალური კონტურები შეიძინა.
ანჩისხატიდან ჩემს სახლამდე მანქანით 7-8 წუთია, მაგრამ ეს დრო სრულიად საკმარისია, რომ მოულოდნელი გადაწყვეტილებები მიიღო. ნახევარ საათში მე და მაკა ქობულეთის გზას ვადგავართ. მე საჭესთან ვარ, ჩემი და კომუტატორის თუ საინფორმაციო სააგენტოს ფუნქციას ასრულებს.
დღე სრულდება ბათუმში, “ბერეგზე” კარგი თევზეულით დანაყრებით. მეუღლესთან და დასთან ერთად, თან მახლავს ორი არაჩვეულებრივი ქალბატონი, რომელიც ჩემთვის ურთულეს დღეებში მედგრად მედგნენ გვერდში. ერთი ეგაა, გიო უკვე დიდია და წყინს უფროსების მიერ “პონტიდან მოტეხვა”.

17 აგვისტო, პარასკევი
გამთენიისკენ წვიმას ჭექა-ქუხილიც დაერთო. მერე ისევ წამიღო ძილმა. გაღვიძებით კი გამაღვიძა მარიამის ოთახში შემოსვლამ. ენაცვალოს მამა!
თუ წვიმა უნდა ჩამეტანა, სულ არ ჩავიდოდი ქობულეთში. არადა, თანდათან მომინდა ზღვაში ბანაობა. რჩება ერთადერთი შანსი - ამათ წასაყვანადაც მე ჩამოვიდე. საჭიროა კონსულტაციები მშობელ მამასთან.
დილის რეჟიმი იცვლება. შხაპი – ოდნავ მოგვიანებით, ორი ნაჭერი ცივი საზამთროს ნაცვლად – ცხელი ხაჭაპური და ყავა. პლაჟისკენ არ გამიხედავს, არ მინახავს ზღვა, არ მიგრძვნია იოდის სურნელი, არ მომისმენია ტალღის მონოტონური ხმა. არადა, მიყვარს ეს ყველაფერი...
ზღვაზე წვიმა საუკეთესო საშუალებაა, ადამიანები შეხვდნენ ერთმანეთს, დასხდნენ და ილაპარაკონ. ურეკიდან ჩამოდის მეგობარი ოჯახით და შუადღეს ერთად ვატარებთ. ვსადილობთ კარგ ფანჩატურში, რომლის მეპატრონეს უკვირს, ორი საჯარო მოხელე რატომ ამბობს უარს ერთ ჭიქა სასმელზეც კი, როცა მათ პატრული არ დააჯარიმებს (მისი აზრით). ჩემი მეგობარი უხსნის, რომ კანონი უნდა დაიცვა მაშინაც კი, როცა იცი, რომ შენს მიერ მის დარღვევას ვერავინ დაინახავს. მანქანაში მსხდომთა უსაფრთხოება კი ცალკე საუბრის თემაა. მე დიპლომატიურად ვიღიმი.
კარგად რომ დასცხო, მაშინ დავადექი თბილისის გზას. გავიარე ჩიბათის სასაფლაოზე. რიკოთიდან თითქმის გორამდე ისე უშხაპუნებდა, ძალიან გამიჭირდა სიარული. გვიანი იყო და აღარ გავუარე გორში ნუნუს. მერე ჩამოვალ ნინოსთან ერთად და ვნახავ.
ძალიან დამღალა უკანა გზამ. სხვაგვარია მოტივაცია, როცა მიდიხარ იქით, საითაც შენები არიან, და სხვაგვარია, როდესაც მოდიხარ მათგან. როგორ ჩამეძინა ტელევიზორთან, ვერ გავიგე.

18 აგვისტო, შაბათი
დღიურის ჩანაწერებს ვალაგებ და ერთიან ფორმას ვაძლევ. რა გეგმებია დღეს? შხაპი და ორი ნაჭერი ცივი საზამთრო თავისთავად. 12-ზე - ჩაწერა. მერე ერთი საჯარო მოხელე. მერე კლასელებმა – ბუნებაში ციკანი ჩამოვატყაოთო. დღეს რთული იქნება იმის ახსნა, რომ არ ვსვამ. უნდა ავხსნა, კომპრომისი დაუშვებელია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG