Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მწერალთა კავშირი მაჩაბლის 13-დან გაასახლეს -


თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანამშრომლებმა 21 აგვისტოს, გამთენიისას,

"სახალხო ფრონტის", ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის, "ლიტერატურული საქართველოსა" და მწერალთა კავშირის ოფისები დალუქეს. სამინისტროს განმარტებით, მთავრობა განაგრძობს სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების დაბრუნების პროცესს, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიწყო, თუმცა სადავო შენობებიდან გასახლებული ორგანიზაციების ნაწილი ხელისუფლებას კერძო საკუთრების ხელყოფაში ადანაშაულებს და სასამართლოში ჩივის. მომჩივანთა შორისაა მწერალთა კავშირი, რომლის მესვეურთა მტკიცებით, მაჩაბლის 13-ში მდებარე შენობა არასოდეს ყოფილა სახელმწიფოს საკუთრება. რატომ გაასახლეს მწერალთა კავშირი და რა ბედი ელის ისტორიულ შენობას?

საქართველოს მთავრობა, ეკონომიკისა და კულტურის სამინისტროების სახით, მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე შენობით ჯერ კიდევ სამი წლის წინ დაინტერესდა. 2004 წლის აგვისტოში პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, მაჩაბლის 11-სა და 13 ნომრებში განთავსებული შენობები სახელმწიფოს საკუთრებად გამოცხადდა, თუმცა, როგორც მწერალთა კავშირის ადვოკატი ლევან გორხელაშვილი განმარტავს, მთელი რიგი მიზეზების გამო, განკარგულებას იურიდიული ძალა დღემდე არ შეუძენია:

[ლევან გორხელაშვილის ხმა] „როდესაც 2004 წელს, პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, ჩამოერთვა მწერალთა კავშირს და აღირიცხა ეკონომიკის სამინისტროს სახელზე, მაშინ შევიტანეთ სარჩელი და, სასამართლოსავე გადაწყვეტილებით, ამ აქტის მოქმედება შეჩერდა. შესაბამისად, ნებისმიერი ხელყოფა თუ ქმედება, ვიდრე სასამართლო დავა არ დასრულდება, არის უკანონო.“

ლევან გორხელაშვილის თქმით, მაჩაბლის 13-ში მდებარე შენობა არასოდეს ყოფილა სახელმწიფოს საკუთრება. მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მაყვალა გონაშვილის თქმით, მწერალთა კავშირი შენობას 1918 წლიდან ფლობს:

[მაყვალა გონაშვილის ხმა] „ეს შენობა, რომელიც დავით სარაჯიშვილის იყო, 1916 წელს გაიყიდა. შეიძინა დიდმა ქართველმა მეცენატმა აკაკი ხოშტარიამ, რომელსაც უნდოდა სარაჯიშვილის ანდერძის აღსრულება და ამიტომაც დაიბარა პაოლო იაშვილი, სთხოვა აღერიცხა ამ შენობაში არსებული მთელი ქონება, რათა შემდეგ გადაეცა ქართველი მწერლებისთვის.“

საკუთრების ფორმა, როგორც მაყვალა გონაშვილი განმარტავს, არც საქართველოს გასაბჭოების შემდეგ შეცვლილა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ყველა ეს არგუმენტი მიუღებელი აღმოჩნდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებისთვის, რომლებმაც მაჩაბლის 13-ში მდებარე შენობის დაცლა 21 აგვისტოს, გამთენიისას, დაიწყეს.

[ისმის ხმაური, შეძახილები] „გადაიღეთ, როგორ ბარბაროსულად მოექცნენ ქართული მწერლობის კერას. ესენი არიან დემოკრატები?“

მწერალთა კავშირის წევრთა აღშფოთების მიუხედავად, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პრივატიზების დეპარტამენტის უფროსი ილია გოცირიძე ამბობს, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახური კანონის ფარგლებში მოქმედებდა:

[ილია გოცირიძის ხმა] „სახელმწიფომ ეს ღონისძიება ჩაატარა იმისათვის, რომ დაებრუნებინა თავისი საკუთრება, რომელშიც სხვადასხვა ორგანიზაციები უკანონოდ იყვნენ განთავსებული. რა იქნება სამომავლოდ, ეს ცალკე საუბრის თემაა. ჯერჯერობით ისაა ცნობილი, რომ შენობის პრივატიზება არაა დაგეგმილი.“

ილია გოცირიძის თქმით, მაჩაბლის 13-ში მდებარე ისტორიული შენობის მომავალს მთავრობა უახლოეს მომავალში გადაწყვეტს. ქართველ მწერალთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ შენობას მწერალთა ცალკეული ორგანიზაციები არ უნდა განკარგავდნენ. ზაალ სამადაშვილის კომენტარი:

[ზაალ სამადაშვილის ხმა] “ეს სივრცე უნდა გათავისუფლდეს კაბიტენებისგან, მდივნებისგან, მძღოლებისგან. ეს უნდა იყოს თავისუფალი ლიტერატურული სივრცე, სადაც სიხარულით და ინტერესით უნდა მიდიოდეს მკითხველიც და მწერალიც. ანუ იმან, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა ამ შენობის გარეთ, უნდა გადაინაცვლოს ამ შენობაში. აქ უნდა იმართებოდეს დისპუტები, განხილვები, წიგნის წარდგენები და ყველაფერი ის, რაც აუცილებელია ლიტერატურული პროცესისთვის.“

თუმცა მაჩაბლის 13-დან გამოსახლებულ მწერლებს არ სჯერათ, რომ მთავრობა ლიტერატურული პროცესის გამოცოცხლებისთვის ირჯება. ჯანსუღ ჩარკვიანი მწერალთა კავშირში 1959 წლიდანაა.

[ჯანსუღ ჩარკვიანის ხმა] „ჩვენ სახელმწიფოს მტრები ვგონივართ და მტერს კი დამარცხება უნდა. იმათ დაგვამარცხეს... არადა, ჩვენ არავის მტრები არა ვართ. მწერალი არ შეიძლება მტერი იყოს. მწერალი მოყვარეა, მაგრამ აკაკის არ იყოს: შუაკაცი ვარ უბრალო, არც მიწისა ვარ არც ცისა... გარემოების საყვირი უნდა იყო, მაგრამ არ უნდათ ეგ მაგათ...“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG