Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის ახალმა პარლამენტმა დაიწყო კენჭისყრა პრეზიდენტის ვინაობის გამოსავლენად


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აბდულა გიულს პრეზიდენტობამდე ერთი ნაბიჯიღა აქვს გადასადგმელი.

ორშაბათის კენჭისყრის დროს მას მხარი დაუჭირეს არა მხოლოდ მისი პარტიის, არამედ ნაციონალისტური და პროქურთული პარტიის დეპუტატებმაც.
პარლამენტის თავმჯდომარემ ქიოქსალ თოფთიანმა ასე აუწყა პარლამენტარებს ამ ტურის შედეგი:

(თოფთიანის ხმა)
“პრეზიდენტად არჩევისთვის, კონსტიტუციის 102-ე მუხლის თანახმად, საჭირო უმრავლესობის ორი მესამედი მიღწეული ვერ იქნა.”

ანუ გიული ამ ეტაპზე არ იქნა პრეზიდენტად არჩეული. თუმცა ფიქრობენ, რომ ერთადერთი რეალური პრეტენდენტი პრეზიდენტობაზე იყო ის, ისლამურ-კონსერვატული სამთავრობო პარტიის კანდიდატი. მასთან ერთად კენჭს იყრიდნენ ნაციონალისტური მოქმედების პარტიის წარმომადგენელი სებაჰატინ ჩაკმაკოღლუ
და დემოკრატიული მემარცხენე პარტიის წარმომადგენელი ტაიფუნ იჯლი.
აბდულა გიულმა პირველი პოლიტიკური გამოცდილება მიიღო შემდგომში აკრძალულ კეთილდღეობის პარტიაში, რომლის სიითაც ის 1991 წელს პარლამენტის დეპუტატი გახდა. როცა ნეჯმეთინ ერბაქანი, თურქეთის პირველი ისლამისტი პრემიერი, სამხედროებმა ხელისუფლებას ჩამოაშორეს, გიული იმათ რიგებში ჩადგა, ვინც “განახლების” გზას დაადგა, და სამართლიანობისა და განვითარების პარტია დააარსა. პრეზიდენტის პოსტის დაკავების პირველ ცდაზე, აპრილში, გიულს, რომელსაც თურქეთში საკმაოდ ბევრი ემხრობა, გზა გადაუღობეს იმავე სამხედროებმა, რომლებმაც განაცხადეს, ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნის უმთავრეს ფასეულობას, ლაიციზმს, სახელმწიფოსა და რელიგიის ერთმანეთისგან გამიჯვნასო. ამის შემდეგ გიულს, ნდობის მოსაპოვებლად, იერიშზე გადასვლა და იმის გამოცხადება მოუხდა, რომ ისიც ამ ფასეულობათა სადარაჯოზე იქნებოდა. ამ განცხადებით მან მიმართა ქვეყნის სეკულარულ ელიტას, რომელსაც, ასე ვთქვათ, მცოცავი ისლამიზაციის ეშინია. ყველას უნახავს, როგორ ატარებს აბდულა გიულის მეუღლე მაჰმადიანი ქალისთვის ჩვეულ თავსაფარს, რაც სეკულარიზმის მომხრე დეპუტატებისთვის მიუღებელია. მაგრამ, როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა იუფუკ ურასმა ჟურნალ “შპიგელს” უთხრა, თურქეთის კონსტიტუციაში არ წერია, რომ პრეზიდენტის ცოლს ეკრძალება თავსაფრის ტარება - ასე რომ, ეს მათი პირადი საქმეაო. ადრე გენერალური შტაბის მეთაურს ჰილმი იოზქიოქს კი, იმავე წყაროს თანახმად, უთქვამს: პრეზიდენტის სასახლეში თავსაფრიანს ვერ შევეგუებითო. მაგრამ, როგორც ურასი განმარტავს, 22 ივლისის საპარლამენტო არჩევნებმა, რომელიც გიულის პარტიამ ტრიუმფით მოიგო, სამხედროთა რეაქცია შეზღუდა.
ორშაბათის კენჭისყრას, როგორც გითხარით, მომავალ პარასკევს მეორე ტური მოჰყვება. ამბერინ ზამანი, ჟურნალ “ეკონომისტის” კორესპონდენტი თურქეთში, ფიქრობს, რომ მესამე რაუნდში კენჭისყრას გიული მოიგებს:

(ზამანის ხმა)
“მესამე რაუნდში მას უბრალო უმრავლესობა დასჭირდება. პარლამენტში სულ 550 ადგილია. გიულის პარტიის 341 წევრი საკმაო ძალაა იმისათვის, რომ ის გაიყვანონ.”

გიული ახლა პირობას დებს, რომ ის ყველა თურქის პრეზიდენტი, აქტიური პრეზიდენტი იქნება, რომელიც შეეცდება თავისი ქვეყანა უფრო მეტად ჩართოს მსოფლიო მნიშვნელობის საკითხებში.
საკმარისია ამგვარი დაპირებები სამხედროებისთვის, რომლებიც ამ ეტაპზე, კენჭისყრის შემდეგ, საქმეში ჩარევით აღარ იმუქრებიან? ანალიტიკოს ზამანის აზრით, ეს არ ნიშნავს, რომ სამხედროები გიულის პრეზიდენტობას სრულიად უკრიტიკოდ მიიღებენ. მისი თქმით, გენერლები არ იმუქრებიან, მაგრამ მათ არაერთი სხვა საშუალება აქვთ თავის გამოსავლენად:

(ზამანის ხმა)
“რის გაკეთება შეუძლია არმიას? მას შეუძლია სიმბოლური ნაბიჯები გადადგას, შეუძლია ბოიკოტი გამოუცხადოს საპრეზიდენტო ცერემონიებს, შეუძლია საპრეზიდენტო შენობებში სამხედროთა რიცხვი შეამციროს. ეს ის ქმედებაა, რომელიც მთავრობის ჩამოგდებამდე არ მიგვიყვანს, მაგრამ დაძაბულობას კი გამოიწვეს.”

რა კოზირი აქვს აბდულა გიულს ხელთ? სრულიად მარტივი. ის ითვლება ძალიან კარგ საგარეო საქმეთა მინისტრად, რომელიც თურქეთის მოდერნიზებას ცდილობს. ზამანი ამ აზრს იზიარებს:

(ზამანის ხმა)
“მათ ბატონი გიული უნდა განსაჯონ მისი მიღწევებით, რომლებიც აჩვენებს, რომ ის, უბრალოდ, უკეთესი საგარეო საქმეთა მინისტრია, ვიდრე წარსულში სეკულარისტების წარმომადგენლები იყვნენ. მე ვიტყოდი, რომ ის ბევრად უკეთესიც კია.”

წარმატება კი საგარეო უწყებაში ისაა, რომ გიულმა თავისი ქვეყანა მიიყვანა ევროპის კავშირში გაწევრიანების თაობაზე პირველ პირდაპირ მოლაპარაკებამდე, რაც მანამდე, 1960 წლიდან დაწყებული, როცა თურქეთმა პირველად განაცხადა კავშირის წევრობის სურვილი, ვერ მოხერხდა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG