Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ასი წლისთავი


30 აგვისტოს ქართული საზოგადოება ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების მეასე წლისთავს აღნიშნავს

, მოგვიანებით კი დიდი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის დაბადების 170 წლისთავი აღინიშნება. ამ ორი თარიღის ერთ წელს აღნიშვნა ილიას სახელს სიმბოლურობას მატებს - ილია ჭავჭავაძის სახელის, მისი აზრებისა და, ბოლოს, მისი მკვლელობის გაყალბების ეპოქა დასრულდა. საქართველო ახლებურად იაზრებს ილიას როლს. თუმცა ეს პროცესი ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში დაიწყო - ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მკვლელობის შესახებ სიმართლის თქმას შეეცადა აკაკი ბაქრაძე, რომლის წიგნი ”ილია ჭავჭავაძე” ახლახან ხელახლა გამოსცა კრიტიკოსის ვაჟმა, ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ.

საბჭოთა იდეოლოგია ილიას მკვლელობას წლების მანძილზე რუსეთის იმპერატორს აბრალებდა და ყველანაირად ცდილობდა ბოლშევიკების უდანაშაულობა დაემტკიცებინა. ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოსაძიებლად ეგრეთ წოდებული სახელმწიფო კომისიაც შექმნეს. გასული საუკუნის 80-იან წლებში, როცა კომისია თითქმის დემონსტრაციულად აჭიანურებდა სიმართლის გამომჟღავნებას, საქართველოში ხელიდან ხელში გადადიოდა აკაკი ბაქრაძის წიგნი ილია ჭავჭავაძეზე. წიგნი გამოიცა, მაგრამ მასში ქართველი კრიტიკოსის ყველა წერილი არ შევიდა... და არა მარტო იმიტომ, რომ ხელისუფლებას ხელს არ აძლევდა ხალხს სიმართლე სცოდნოდა ლეგენდად ქცეულ ილიაზე... ამ პერიოდში სდევნიდნენ თავად წიგნის ავტორს, აკაკი ბაქრაძეს, - ლექციების წაკითხვა აუკრძალეს და აიძულეს უარი ეთქვა თეატრის დირექტორის პოსტზე. ”საზოგადოებისგან გარიყვა” – ”საზოგადოებისგან ილია ჭავჭავაძის გარიყვა” - ასე ახასიათებს ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე მამის, აკაკი ბაქრაძის, წიგნს:

[ლაშა ბაქრაძის ხმა] ”მამამ დიდი ხანი იმუშავა ამ წიგნზე - მასალების მოგროვებას დიდი დრო დასჭირდა, მანამდე ნარკვევები აქვს დაწერილი ილიას ნაწარმოებებზე... ამ წიგნთან დაკავშირებით უამრავი პრობლემა იყო, რადგანაც წიგნის ბოლოს აშკარად ჩანდა, რომ სოციალ-დემოკრატები და მათი კიდევ უფრო მემარცხენე ფრთა, ბოლშევიკები, აშკარად იღებდნენ მონაწილეობას, თუ არა ილია მკვლელობაში (რაც დღემდე მთლად გარკვეული არ არის), ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებიდან მის გარიყვაში - არ უნდა დაგვავიწყდეს ქართველებს, როგორ დარჩა ილია მარტო თავისი ცხოვრების ბოლოს.”

აკაკი ბაქრაძის წიგნი არა მარტო ილიას, არამედ ილიას ეპოქის ქართულ საზოგადოებას ეძღვნება. იწყება ”ლაშქრობა” უფროსი თაობის მწერლების, მათ შორის, აკაკის წინააღმდეგ,.. არადა, აკაკი ყოველთვის განსაკუთრებით უყვარდათ საქართველოში... მაგრამ მთავარი სამიზნე ილია ჭავჭავაძეა, ადამიანი, რომელიც, ლაშა ბაქრაძის თქმით, ”ტიპობრივად განსხვავდებოდა ქართული საზოგადოების წარმომადგენლებისგან.”

”ათი და ოცი უჭკვიანესი ადამიანი ერთად ვერ გააკეთებს იმას, რაც ილიამ საქართველოსთვის, ფაქტობრივად, მარტომ გააკეთა,” - ამბობს ლაშა ბაქრაძე. მისი თქმით, აკაკი ბაქრაძის მონოგრაფია სწორედ ამას - ილიას ძალისა და ძლიერი ადამიანის მარტოობის წარმოჩენას ეძღვნება:

[ლაშა ბაქრაძის ხმა] ”რასაკვირველია, არ იყო მეცნიერული გამოკვლევა, მიუხედავად იმისა, რომ ილიას ბიოგრაფიას აღწერს... ჩვეულებრივი ბიოგრაფიისგან იმით განსხვავდება, რომ ცნობილ ფაქტებს, მაგალითად, ”ივერიის” დაარსებას, ცალკე არ ეხება. აქ უფრო იმის მცდელობა იყო, რომ წარმოედგინა ილია, როგორც უმნიშვნელოვანესი ფიგურა საქართველოს ისტორიაში, რომელმაც, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გავლენა იქონია საქართველოს ბედზე.”

”ჩვენი ისტორია უფრო მეფეების ისტორიაა, ხელისუფალთა ისტორიაა,” - აღნიშნავს ჩვენთან საუბარში ლაშა ბაქრაძე. ილიას არ ეკავა სახელმწიფო თანამდებობა, მაგრამ ამ ადამიანმა მაინც შეძლო საქართველოში აზროვნების ფორმის შეცვლა... აკაკი ბაქრაძის წიგნის მნიშვნელოვანი მოტივი ”ილია და ევროპული ფასეულობებია” - ილია ქართველი ევროპელის კლასიკური ტიპიაო, - ამბობს ლაშა ბაქრაძე... ამავე დროს აღნიშნავს, რომ ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის ეს მხარე ჩვენში ნაკლებადაა შესწავლილი. საბჭოთა ხელისუფლებას ხელს არ აძლევდა დისკუსია აკაკი ბაქრაძის წიგნზე, რადგან ეს დისკუსია ქართველთა ევროპელობაზე საუბარში გადაიზრდებოდა... ამას სჯობდა ილია უბრალო კერპად დარჩენილიყო:


[ლაშა ბაქრაძის ხმა] ”ილია და აკაკი შევსვით კვარცხლბეკზე და, ფაქტობრივად, ამით მოვკალით. ისინი აღარ არიან პიროვნებები, არამედ არიან ძეგლები. ამიტომ მათი არც შესწავლა ხდება, არ ხდება მისადაგება იმ ეპოქასთან, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. არადა, ილია უაღრესად თანამედროვე პიროვნებაა. მაგრამ ეს კვარცხლბეკზე აყვანა და მერე მივიწყება ძალიან დამახასიათებელია ჩვენთვის. ამით კი ინტერესს ვუკლავთ ახალ თაობებს, რომ ახლიდან მოხდეს ილია ჭავჭავაძით დაინტერესება.”

აკაკი ბაქრაძის წიგნი, პირველ რიგში, ახალგაზრდებისთვის გამოიცა. მოზარდებს სკოლაშივე უქმნიან გარკვეულ სტანდარტებს ილია ჭავჭავაძის მიმართ დამოკიდებულებაში... არადა, აკაკი ბაქრაძის წიგნით თუ ვიმსჯელებთ, ილიას გენიალობა სწორედ ისაა, რომ მისი მოძღვრება განვითარებას, ინტერპრეტაციას ემორჩილება - ილია ჭავჭავაძე ღიაა ახალი დროისთვისო, - ამბობს ლაშა ბაქრაძე:

[ლაშა ბაქრაძის ხმა] ”ჩვენში ტაბუდადებული თემები ბევრია. თუკი, მაგალითად, ილიას ლექსები არ მოგწონს, ე.ი. ილიაც არ მოგწონს, თუკი ეჭვქვეშ დავაყენებთ ილიას რაიმე საქციელს, ესეც ლამის მოღალატეობად აღიქმება. სინამდვილეში ეს ხელს არ უწყობს ამა თუ იმ დიდი პიროვნების შესწავლას.”

”ეს არაა ჯანმრთელი დამოკიდებულება... ასეთი დამოკიდებულება არ არის მომგებიანი ჩვენი ცნობიერებისთვის,” - ამატებს ლაშა ბაქრაძე და ილიას მოძღვრების, ილიას სახის, როგორც თავად ამბობს, ”სტანდარტიზაციის” ერთ მაგალითს იხსენებს:

[ლაშა ბაქრაძის ხმა] ”ყოველთვის, თუკი თქვენ ნახავთ ილია ჭავჭავაძის წიგნებს, არის ხელის მოწერა ილიასი ყველასათვის ნაცნობი. თავის დროზე პავლე ინგოროყვამ, მისმა გამომცემელმა, მოიწონა ილიას ეს ხელმოწერა და ყველა წიგნში ერთი და იგივე ხელმოწერას ვხვდებით მერე. არადა, როცა ამ წიგნს ილუსტრაციებს ვუკეთებდი, დავათვალიერე და ვნახე, რომ არსებობს ილიას უამრავი ავტოგრაფი... ის კაცი სხვადასხვანაირად აწერდა ხელს...ასე ხომ უფრო მრავალფეროვანი ჩანს ადამიანი?”

აკაკი ბაქრაძის წიგნის ყდაზე ახალგაზრდა ილიას სურათი შემთხვევით არ არის გამოყენებული. ილიას დაბადების 170-ე და გარდაცვალების მეასე წლისთავზე წიგნის გამომცემლები სთხოვენ მკითხველს, მოდით ”გავაცოცხლოთ” ილიას მოძღვრება, ანუ თავიდან წავიკითხოთ ილია ჭავჭავაძე და გავიგოთ ისე, როგორც ჩვენი გული და გონება გვიკარნახებს... ოღონდ ”ჩვენი” და არა ”სხვისი” გული და გონება.

[ლაშა ბაქრაძის ხმა] ”აკაკი ბაქრაძის ილიას ბიოგრაფიაში ახალი ისაა, რომ დამატებული აქვს ილუსტრაციები. მე ვფიქრობ, რომ ახალი თაობისთვის, რომელიც მიჩვეულია ინტერნეტს, რომელიც ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ვიზუალურ მხარეს, ეს დიდი და მნიშვნელოვანი საკითხია - ამ ბიოგრაფიას, რომელიც ადვილადაა დაწერილი, ახალგაზრდებისთვისაა დაწერილი, უკეთ აღიქვამენ ილუსტრაციების გამო.”
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG