Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა არჩევნებამდე სამი დღით ადრე


უკრაინის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებამდე სამი დღე რჩება.

კვირას, დილიდანვე, უკრაინელი ამომრჩეველი ახალ საკანონმდებლო ორგანოს აირჩევს. სწორედ ამომრჩეველმა უნდა გასცეს პასუხი მთავარ შეკითხვას, შეძლებენ თუ არა უკრაინის პროდასავლური ძალები, “ნარინჯისფერი რევოლუცია” რომ მოაწყვეს, ხელისუფლებაში დაბრუნებას, თუ გამარჯვება პრორუსული ორიენტაციის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ იანუკოვიჩს დარჩება. მანამდე ამ შეკითხვებზე ცხარედ დაობენ ექსპერტები. გაგაცნობთ ზოგიერთი მათგანის მოსაზრებას.


ყოველწლიური არჩევნები უკრაინის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა. 30 სექტემბერს უკრაინელი მოქალაქეები ბოლო სამ წელიწადში მეოთხე არჩევნებზე მიდიან და ყოველ ჯერზე სურათი მეორდება: ხმის მიცემა, ეგზიტპოლები, ხმების დათვლა და შემდეგ - გახლეჩილი პარლამენტი, სადაც დეპუტატები ერთმანეთს ლანძღავენ, ხოლო ხალხი იმედგაცრუებულია.
თუმცა, როგორც უკრაინის ანალიტიკოსმა იან მაქიმიუკმა რადიო “თავისუფლებას” უთხრა, უკმაყოფილების მიუხედავად, საარჩევნო უბნებზე კვირას ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა, დაახლოებით 70 პროცენტი, მივა:

[იან მაქიმიუკის ხმა] “მე ვფიქრობ, უკრაინელები საკმაოდ დაიღალნენ არჩევნებით და ისინი არ ელოდებიან, რომ არჩევნები ბევრ რამეს შეცვლის. მაგრამ, რა თქმა უნდა, მაინც მივლენ არჩევნებზე, ოღონდ ხმას მისცემენ არა პროგრამებს, რადგან არ სჯერათ ამ პროგრამებისა, არამედ პოლიტიკურ სიმბოლიზმს, რასაც უკრაინის პოლიტიკის სამი ქარიზმატული ლიდერი ატარებს.”

იან მაქიმიუკის თქმით, 30 სექტემბრის არჩევნებში მოსალოდნელია გაიმარჯვოს უკრაინის სამმა პოლიტიკურმა ძალამ – მმართველმა “რეგიონების პარტიამ”, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ვიქტორ იანუკოვიჩი უდგას სათავეში, იულია ტიმოშენკოს ოპოზიციურმა ბლოკმა და პროსაპრეზიდენტო “ჩვენი უკრაინა- სახალხო თავდაცვის პარტიამ”:

[იან მაქიმიუკის ხმა] “სოციოლოგიური გამოკვლევების თანახმად, სიტუაცია, შესაძლოა, ისეთივე დარჩეს, როგორიც შარშან და შარშანწინ იყო. დაცული იქნება მეტ-ნაკლები ბალანსი “ნარინჯისფერი რევოლუციის” ძალებსა (იულია ტიმოშენკოს ბლოკი და ”ჩვენი უკრაინა-სახალხო თავდაცვა”) და რეგიონთა პარტიას შორის.”

ძალთა ასეთი განლაგება, რასაც უკრაინელი ექსპერტი ბალანსს უწოდებს, უკრაინის პოლიტიკაში წარმოიქმნა “ნარინჯისფერი რევოლუციიდან” რამდენიმე თვის შემდეგ, როცა “ნარინჯისფერი” ალიანსი გაიბზარა, ერთმანეთს კომპრომატებით დაუპირისპირდა და ორ ბანაკად გაიყო. 2005 წლის სექტემბერში პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ თანამდებობიდან გაათავისუფლა პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, რამაც მთავრობისკენ გზა გაუხსნა ვიქტორ იანუკოვიჩს, რომლის “რეგიონების პარტიამ” 2006 წლის მარტის არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა.
მაგრამ ამის შემდეგ დაიწყო პერმანენტული კონფლიქტი პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოსა და პრემიერ-მინისტრ ვიქტორ იანუკოვიჩს შორის, რომელიც ცდილობდა დაესუსტებინა პრეზიდენტის პოზიციები და გაეძლიერებინა საკუთარი. მაისში ორივე მხარე შეთანხმდა ურთიერთობა ვადამდელ არჩევნებში გაერკვიათ.

მაგრამ რას ჰპირდება მათ 30 სექტემბრის არჩევნები?
ივან ლოზოვის, კიეველი ანალიტიკოსის, დაკვირვებით, მოსალოდნელია, რომ არჩევნებში მანდატების უმრავლესობა ვიქტორ იანუკოვიჩის “რეგიონების პარტიამ” მიიღოს.

[ივან ლოზოვის ხმა] “არსებობს არცთუ ისე უმნიშვნელო შანსი, რომ “რეგიონთა პარტიამ”, რომელსაც პრემიერი ვიქტორ იანუკოვიჩი უდგას სათავეში, პარლამენტში იოლად შეძლოს უმრავლესობის დაკომპლექტება. ისინი წარმატებით მოქმედებენ, სარგებლობენ ნდობით, მათი რეიტინგი, გამოკვლევების თანახმად, ამჟამად უფრო მაღალია, ვიდრე იყო ერთი წლის წინ. მთავარი განსხვავება ისაა, რომ პრეზიდენტმა იუშჩენკომ მათ, “რეგიონთა პარტიის” წარმომადგენლებს, გზა გაუხსნა ეროვნულ მთავრობაში. და ისინი იყენებენ ამ გავლენას, უნარს და ადმინისტრაციულ რესურსს უკეთესი საარჩევნო შედეგის მისაღწევად.”

სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, “რეგიონების პარტიას” მხარს ამომრჩეველთა 30-40 პროცენტი უჭერს; მას, 20-30 პროცენტიანი მხარდაჭერით, კვალში უდგას იულია ტიმოშენკოს ბლოკი, რომელიც თავის საარჩევნო პროგრამაში აქცენტს სახელისუფლებო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე აკეთებს. მესამე ადგილზე, გამოკითხვის თანახმად, პროსაპრეზიდენტო ბლოკი იმყოფება, რომელიც, ვიქტორ იუშჩენკოს საპრეზიდენტო რესურსის წყალობით, ხმათა 20 პროცენტის მიღებას იმედოვნებს. თუმცა რამდენად ზუსტია ეს პროგნოზები და გათვლები, საბოლოოდ, 30 სექტემბერს გამოჩნდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG