Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

''რეპორტიორები უსაზღვრებოდ'' საქართველოში პრესის თავისუფლების ხარისხის შესახებ


საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“, საქართველოს 66–ე ადგილი მიაკუთვნა

მსოფლიოში პრესის თავისუფლების მდგომარეობის ამსახველი მეექვსე ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, რაც იმას ნიშნავს, რომ გასული წლის შემდეგ საქართველოს რეიტინგი 23 ერთეულით გაუმჯობესდა. საინტერესოა, იზიარებენ თუ არა ქართველი ჟურნალისტები და მედიაექსპერტები საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებას.

საქართველოში ორგანიზაციას „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ საკუთარი წარმომადგენლობა არა ჰყავს. ინფორმაციას ჟურნალისტების უფლებების შეზღუდვის შესახებ იგი დამოუკიდებელი წყაროებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მოღვაწე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ღებულობს. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსის დინამიკა თითქმის ნახტომისებური გაუმჯობესებით ხასიათდება. გასულ წელს საქართველომ რეიტინგში 10 საფეხურით წაიწია, წელს კი - 23 ერთეულით.

[ნინია კაკაბაძის ხმა]“ მე ვფიქრობ, მიზეზი იმისა, რომ გარედან დამკვირვებლისათვის ნათელი არ არის სიტყვის თავისუფლების იმ ხარისხით შეზღუდვა, როგორიც სინამდვილეში არის ჩვენს ქვეყანაში, არის ის, რომ ჟურნალისტები მუშობის პროცესში ამაზე არასოდეს პროტესტს არ აცხადებენ. სამწუხაროდ, ჟურნალისტები იმდენად კომფორტულად მოერგნენ ამ კონფორმისტულ მდგომარეობას, რომ, შესაძლებელია, სხვისთვის, გარედან დაკვირვებული თვალისთვის ძნელი შესამჩნევიც კი იყოს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ის პრობლემები, რომლებიც ნამდვილად არის ქვეყანაში.“(სტილი დაცულია)

შენიშნავს ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე, რომლის შეფასებითაც, ქართველი ჟურნალისტების ეგრეთ წოდებულ შემგუებლობას, უმთავრესად, პროფესიონალიზმის დაბალი დონე განაპირობებს. აქვე შეგახსენებთ იმ მთავარ კრიტერიუმებს, რომელთა მიხედვითაც, „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ ამა თუ იმ ქვეყანაში პრესის თავისუფლების ინდექსს განსაზღვრავს. ესენია: მედია საშუალებების ცენზურა, სახელმწიფო გავლენის ზრდა ბეჭდურ და ელექტრონულ მედიაში, ინფორმაციის მოპოვების სირთულეები, მოკლული, დაპატიმრებული, ნაწამები თუ გატაცებული ჟურნალისტების რაოდენობა და სხვ.

[ზვიად ქორიძის ხმა]“ჟურნალისტები არ მოკლეს, არ აწამეს ან არ გაიტაცეს. რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტები არ ყოფილა საქართველოში, თუმცაღა ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ისეთი ტიპის ჟურნალისტური გამოძიება არ ჩატარებულა, რომლის გამოც ჟურნალისტს შეეძლო საფრთხე შეექმნა ხელისუფლებისთვის ან რომელიმე პოლიტიკური თუ ბიზნესჯგუფისთვის. პრაქტიკულად ასეთი არ მახსენდება, თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტის გახმაურებას და გაშუქებას, რაც შეეხება გირგვლიანის სიკვდილს.“(სტილი დაცულია)

ფიქრობს მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე, რომლის აზრითაც, საქართველოში მედიასაშუალებებზე ცენზურა ორი მიმართულებით ხორცილედება. ერთი მხრივ, ირიბი გზით, პოლიტიკური ხელისუფლებისგან და, მეორე მხრივ, პირდაპირი გზით, მედიასაშუალებების მეპატრონეებისგან. მოქმედებს ეგრეთ წოდებული თვითცენზურაც,რაც ექსპერტს შემდეგი დასკვნის საფუძველს აძლევს: საქართველოში სარედაქციო თავისუფლების ხარისხი დაბალია. ამ უკანასკნელს, თავის მხრივ, არ უჩივის გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორის მოადგილე ელისო ჩაფიძე.
XS
SM
MD
LG