Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰარმონიული სამიტი


პორტუგალიაში, რომელიც ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანაა,

გასულ პარასკევს გაიმართა ევროკავშირ-რუსეთის სამიტი. ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობაში არაერთი სადავო საკითხია, თუმცა უმაღლესი დონის შეხვედრამ პორტუგალიის ქალაქ მაფრაში ერთობ ჰარმონიულად ჩაიარა.

ევროკავშირისა და რუსეთის ეს სამიტი, საყოველთაო ვარაუდით, ბოლო იყო რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მონაწილეობით. თუმცა, ეს სიტყვები პორტუგალიის სამიტზე საჯაროდ არავის წარმოუთქვამს და პუტინს საჯაროდ არავინ გამოთხოვებია.

ის კი არა, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირ-რუსეთის მომავალი სამიტი 2008 წლის ივნისში გაიმართება ციმბირში, ქალაქ ხანტი-მანსიისკში. ხოლო ამ განცხადებით მას არ დაუტოვებია ამ პრეზიდენტის შთაბეჭდილება, რომელიც მანამდე უნდა გამოეთხოვოს ამ პოსტს.

ასეა თუ ისე, პუტინმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ აღარ აპირებს თავისი კანდიდატურის წამოყენებას და, ამასთან, ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება იმის შესახებ, რა თანამდებობაზე იმუშავებს მომავალში.

როგორც ჩვენი კორესპონდენტი იუწყება, სამიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე არ ყოფილა საუბარი რუსეთის მიმართ ევროკავშირის კრიტიკის გამომწვევ საკითხებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებების ხელყოფა, მედიის თავისუფლების შეზღუდვა, უთანხმოება ვაჭრობის სფეროში, კოსოვოს მომავალი, ვითარება საქართველოში. პირიქით: ვლადიმირ პუტინის მისამართით ევროკავშირის წარმომადგენლებისაგან კრიტიკა კი არა ქება ისმოდა.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ ევროკავშირის და რუსეთის ნაყოფიერ ურთიერთობაზე ისაუბრა: [სოლანას ხმა] “დროის ეს პერიოდი, რაც პრეზიდენტი პუტინია ჩვენთან, უკვე ბევრ სამიტზე - ძალიან ნაყოფიერ პერიოდად მიმაჩნია. ეჭვი არ არის, რომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობა დღეს უფრო გაღრმავებულია და ვფიქრობ, ჩვენს შორის თანამშრომლობის გაგრძელება სარგებელს მოუტანს მთელს მსოფლიოს”.

ევროკავშირის წარმომადგენლებმა პარასკევს გამართულ სამიტზე ყურადღება გაამახვილეს იმ გარემოებაზე, რომ რუსეთთან ურთიერთობა საკითხთა ფართო სპექტრს მოიცავს, რომ - პორტუგალიის პრემიერ-მინისტრ ჟოზე სოკრატეშის განცხადებით - უთანხმოების მიუხედავად, საჭიროა მოლაპარაკება გაგრძელდეს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ასევე პორტუგალიელმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ კი სამიტის მთავარ მიღწევად დაასახელა შეთანხმება ენერგეტიკის სფეროში ინფორმაციის გაცვლაზე: [ბაროზუს ხმა] “დღეს შევთანხმდით საგანგებო, წინასწარი შეტყობინების მექანიზმზე, რათა თავი გავართვათ ენერგომომარაგების პრობლემებს მათს შესაძლო კრიზისში გადაზრდამდე. ენერგია, რასაკვირველია, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობაში. როგორც იცით, ევროპის კავშირი მიმართავს ზომებს ევროპის კავშირის ენერგეტიკული ბაზრის მზარდი ლიბერალიზაციისთვის და ჩვენ ძალიან გულახდილად ვიმსჯელეთ ამ საკითხზე ჩვენს რუს პარტნიორებთან”. თუმცა, ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით ისიც უნდა ითქვას, რომ შეთანხმება ენერგომომარაგების სფეროში წინასწარი შეტყობინების მექანიზმზე მხოლოდ პოლიტიკური დეკლარაციაა, განცხადება - ის კანონის ძალას არ შეიძენს.

საბოლოოდ, ევროკავშირის ლიდერთა მონდომებამ, თავი აერიდებინათ ყოველგვარი კონფრონტაციისთვის, შედეგად გამოიღო ის, რომ პრეს-კონფერენციაზე დომინანტური როლი რუს ლიდერს ერგო. მან ისაუბრა სავაჭრო ურთიერთობის სწრაფ განვითარებაზე ევროკავშირს და რუსეთს შორის: ვაჭრობის მოცულობა ბოლო 7 წლის მანძილზე 5-ჯერ გაიზარდა. მანვე შეაქო წინსვლა კულტურისა და სამხედრო სფეროებში ურთიერთობის თვალსაზრისით, თუმცა დეტალები არ მოუყვანია.

დაბოლოს: ვლადიმირ პუტინმა ისარგებლა პრეს-კონფერენციით, რათა ფასეულობებზე ელაპარაკა. თუ აქამდე დასავლეთის ქვეყნები ქადაგებდნენ დემოკრატიულ ფასეულობებს, ახლა, როგორც ჩანს, რუსეთიც აპირებს დემოკრატიულ ფასეულობათა თუ ადამიანის უფლებათა მქადაგებლის როლის მორგებას. როგორც ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რუსეთის სურვილია ევროკავშირში, სასურველია თვით ბრიუსელში შექმნას “თავისუფლების და დემოკრატიის ინსტიტუტი”.

[პუტინის ხმა] “ევროკავშირი, გრანტების მეშვეობით, ხელს უწყობს ასეთი ინსტიტუტების განვითარებას რუსეთში. ვფიქრობ, დადგა დრო - ვგულისხმობ ჩვენს გაზრდილ საფინანსო-ეკონომიკურ პოტენციალს - როცა რუსეთის ფედერაციასაც შეუძლია, იგივე გააკეთოს ევროკავშირში, შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს - ფინანსური წვლილის ჩათვლით - ასეთი დიალოგების განვითარებაში”.

რუსეთს, დასძინა პრეზიდენტმა პუტინმა, ხანგრძლივი ევროპული ტრადიციები აქვს და აქვს სურვილი, ევროკავშირთან გაიყოს - თუ პუტინის სიტყვებს მოვიშველიებთ - “ევროპული სახლის” აშენების პასუხისმგებლობა. რას ფიქრობენ ამ საკითხზე ევროკავშირის ლიდერები, პორტუგალიის სამიტზე ვერ გაირკვა. ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ - მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
XS
SM
MD
LG