Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იმყოფებიან თუ არა თანაბარ პირობებში პრეზიდენტობის კანდიდატები


5 ინვრამდე, ანუ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ორ თვეზე ნაკლები რჩება, თუმცა, დროის სიმცირის, ხელისუფლების დაპირებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდების მიუხედავად

, საქართველო კვლავ საგანგებო მდგომარეობის პირობებში აგრძელებს ცხოვრებას, ანუ კვლავ იკრძალება მიტინგებისა და სხვა სახის შეკრებების ორგანიზება, ხოლო ელექტრონულ მედიას, საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა, კვლავ ეკრძალება ინფორმაციის მიღება და გავრცელება. ამგვარი შეზუღდვების გამო პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატები ვერ ახერხებენ არჩევნების სამზადისის დაწყებასაც კი, მაშინ როცა მოქმედი პრეზიდენტი შეუზღუდავად სარგებლობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით. მე შევეცადე გამერკვია, იმყოფებიან თუ არა თანაბარ პირობებში პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატები.

მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2008 წლის 5 იანვარს უნდა გაიმართოს, თუმცა ვიდრე პრეზიდენტი არ მოიხსნის უფლებამოსილებას, ხოლო პარლამენტი არ დანიშნავს არჩევნებს, სააგიტაციო კამპანია გახსნილად ვერ გამოცხადდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის ალექსანდრე ღონღაძის თქმით, კანონი აწესებს 45 დღიან ვადას.

[ალექსანდრე ღონღაძის ხმა] „თუ არჩევნები 5 იანვრისათვის არის დანიშნული, მაშინ საარჩევნო კამპანია 21-დან უნდა დაიწყოს.“

ანუ პრეზიდენტობის კანდიდატობის მსურველები აგიტაციის წარმოების კანონიერი უფლებით მხოლოდ 21 ნოემბრიდან ისარგებლებენ, თუმცა, როგორც ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა ამბობს, ეს წესი არ ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტზე:

[გიორგი გუგავას ხმა] „პრეზიდენტს წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული აქვს. ურცხვად დაიწყო ფოჩიანი კამფეტების ჩამორიგება: ახლა გაახსენდა ბავშვები, რომლებიც უწიგნოდ არიან; ახლა გაახსენდა მასწავლებლები, რომლებსაც მათხოვრული ხელფასები აქვთ; ახლა გაახსენდა გაღატაკებული, მისგან დამშეული და დარბეული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა; ახლა გაახსენდა უმუშევრები და ა.შ.“

გიორგი გუგავას მხედველობაში აქვს პრეზიდენტის განცხადებები, რომლებიც ბიზნესისა და პედაგოგიური საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებისას გაკეთდა და რომლებიც სრულად გადაიცა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „მე უკვე გავეცი განკარგულება, რომ დეკემბრიდან პედაგოგის მინიმალური ხელფასი გახდეს 200 ლარი და მომავალი წლიდან ჩვენ გავაგრძელებთ ამის ზრდას იმის მიხედვით, რაც უფრო გაიზრდება საქართველოს შემოსავლები.“

ამ განცხადების გაკეთებამდე ორი დღით ადრე მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას ამცნო, რომ აპირებს დასაქმების ახალი პროგრამის ამოქმედებას. პრეზიდენტის ინიციატივას მყისიერად გამოეხმაურა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი:

[დავით ტყეშელაშვილის ხმა] „საუბარია ასი ათასი ადამიანის დასაქმებაზე, მათ გადამზადებაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ბუნებრივია, ამ საქმეში ჩართული იქნებიან მეწარმე სუბიექტები. ამის თაობაზე კარგად ისაუბრა პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ, როცა შეხვედრა ჰქონდა ბიზნესმენებთან.“

მთავრობის წევრებისა და პრეზიდენტისგან განსხვავებით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში საზოგადოებასთან კონტაქტს მოისაკლისებს ოპოზიცია. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის კომენტარი:

[დავით უსუფაშვილის ხმა] „პრეზიდენტი ყველა გამოსვლაში ლაპარაკობს 5 იანვარზე, ის არ ლაპარაკობს იმ თემებზე, რომლებზეც ქვეყნის პრეზიდენტი ამ დღეებში უნდა ლაპარაკობდეს. მან დაიწყო საარჩევნო კამპანია და სარგებლობს იმით, რომ სხვებისთვის დახურულია ეთერი. ამას ვუპირისპირებთ მოთხოვნებს: მოიხსნას საგანგებო მდგომარეობა და აღდგეს ყველა ტელევიზიის მაუწყებლობა სრულ რეჟიმში.“

მაგრამ ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას არ ჩქარობს. იმ მიზეზების დასადგენად, თუ რატომაა მიზანშეწონილი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება, რადიო ”თავისუფლებამ” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მაია ნადირაძეს დაურეკა.

[მაია ნადირაძის ხმა] „დიდი ბოდიში, შეხვედრაზე ვარ და არ მცალია.“

ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების მსგავად, არჩევნების თარიღის ოფიციალურ გამოცხადებას ელოდება სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, რომლის აღმასრულებელი დირექტორი, ეკა სირაძე, ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობა ოპოზიციას არათანაბარ პირობებში აყენებს:

[ეკა სირაძის ხმა] „ყოველ შემთხვევაში, უკეთეს მდგომარეობაში რომაა ხელისუფლება და ხელისუფლებაში არსებული პარტია, ეს ფაქტია. ოპოზიცია უფრო რთულ მდგომარეობაშია იმის გამო, რომ მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა და, შესაბამისად, დაწესებული შეზღუდვები. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება არღვევს კანონს.“

თუმცა, ეკა სირაძის თქმით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე, აგიტაციის გარდა, ოპოზიცია ასევე ვერ დაიწყებს რეგისტრაციისათვის საჭირო ხელმოწერების შეგროვებას. არადა, კონსტიტუციის 70-ე მუხლის თანხმად, პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა დადასტურებული უნდა იყოს არანაკლებ 50000 ამომრჩევლის ხელმოწერით, რომელთა შეგროვება და სათანადოდ გაფორმება ძალზე შრომატევადი საქმეა და, დროსთან ერთად, დიდძალ ადამიანურ რესურსს მოითხოვს.



  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG