Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპრეზიდენტო არჩევნების ტენდენციები


საქართველოს უახლეს ისტორიაში ჯერ არ ჩატარებულა

საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც გამარჯვებული წინასწარ არ ყოფილიყო ცნობილი. 2008 წლის 5 იანვრისთვის დაგეგმილი არჩევნები ამ მხრივ უმაგალითოა. მინდა გესაუბროთ იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად რით გამოირჩევა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები წინა არჩევნებისაგან.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს ოდნავ მაინც ღირსეული და თანასწორი მეტოქე არასოდეს ჰყოლია. ამომრჩეველი ხმას ან მომავალ პრეზიდენტს აძლევდა ან, პროტესტის ნიშნად, შინ რჩებოდა. როგორც ზვიად გამსახურდიამ, ისე ედუარდ შევარდნაძემ და, ბოლოს, მიხეილ სააკაშვილმაც, ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებზე მისულ მოქალაქეთა ხმების 90%-ზე ოდნავ ნაკლები ან მეტი მიიზიდა. ერთი კანდიდატის მიმართ ასეთი მხარდაჭერის პირობებში, ცხადია, სხვა კანდიდატი ვეღარც იარსებებდა.

თუ იმაზე დავფიქრდებით, ყველა პრეზიდენტს ასე ერთხმად რატომ ვირჩევდით, პასუხად, ალბათ, ის უნდა ვთქვათ, რომ ხელისუფლების ცვლა, სინამდვილეში, არჩევნებზე კი არ ხდებოდა, არამედ - არჩევნების წინ. ხალხის მიერ მომავალი პრეზიდენტისთვის ხმის მიცემით, უბრალოდ, ფორმდებოდა ის, რაც მანამდე უკვე გადაწყვეტილი იყო. ზვიად გამსახურდიას გაპრეზიდენტებას წინ უძღოდა საბჭოთა რეჟიმის მსხვრევა და ცხრა აპრილს მშვიდობიანი მომიტინგეების სისხლიანი დარბევა. ვინ უნდა გამხდარიყო პრეზიდენტი, თუ არა ცნობილი დისიდენტი, ქარიზმატული ლიდერი - ზვიად გამსახურდია?! ედუარდ შევარდნაძის გაპრეზიდენტებას წინ უძღოდა სამოქალაქო ომი და იარაღიანი ხალხის განუკითხავი თარეში. ვინ უნდა გამხდარიყო პრეზიდენტი, თუ არა მთელი მსოფლიოს მიერ აღიარებული ლიდერი, დიპლომატიისა და კულუარული ბრძოლის დიდოსტატი - ედუარდ შევარდნაძე?! მიხეილ სააკაშვილის გაპრეზიდენტებას წინ უძღოდა ქვეყნის სრული სტაგნაცია და უპერსპექტივობის განცდა, რომელმაც მთელი მოსახლეობა მოიცვა. ვინ უნდა გამხდარიყო პრეზიდენტი, თუ არა რევოლუციონერი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც მშვიდობიანად გაუშვა ხელისუფლებიდან შევარდნაძე და მისი გარემოცვა?!

გასული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დამახასიათებელი იყო არა მხოლოდ უალტერნატივო ლიდერის არსებობა, არამედ კონსტიტუციური წესრიგის მუდმივი რღვევა სწორედ იმისთვის, რომ არასასურველი რეჟიმი რაც შეიძლება მალე მოგვეშორებინა და სასურველი ლიდერი რაც შეიძლება მალე მოგვეყვანა მართვის სადავეებთან.

მაგრამ საკუთარი პრეზიდენტობის პერიოდში საკონსტიტუციო საარჩევნო ვადები ნებით არც ზვიად გამსახურდიას შეუცვლია და არც ედუარდ შევარდნაძეს. პირველი პრეზიდენტი, რომელმაც სრულიად უმტკივნეულო ვითარებაში გადაწყვიტა, საპარლამენტო არჩევნები გადაეწია, ხოლო საპრეზიდენტო გადმოეწია და ორივე ერთ დღეს ჩაეტარებინა, მიხეილ სააკაშვილი იყო. ამ ქმედების ასახსნელად ჩამოთვლილი მიზეზები, ძირითადად, საგარეო ფაქტორებს ეყრდნობოდა და დამაჯერებლად ვერ ჟღერდა. შემდგომმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ რუსეთსა თუ კოსოვოში დანიშნული არჩევნები საქართველოს კონსტიტუციის ხელყოფის მიზეზი ვერ გახდებოდა - ამის მიზეზი მხოლოდ შიდა პოლიტიკური მოტივები შეიძლებოდა ყოფილიყო. პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ვადის გაზრდამ ლოგიკურად გამოიწვია პროცესები, რომელთა შედეგი ჩაფიქრებულის სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა: საპრეზიდენტო არჩევნები საკონსტიტუციო ვადაზე ერთი წლით ადრე გამოცხადდა.

ამ გადაწყვეტილებას წინ ისევ საგანგებო მოვლენები უძღოდა: მიტინგების დარბევა და ტელევიზიების დახურვა ხელისუფლების მხრიდან. ეს რომ არ მომხდარიყო, საქმე ვადამდელ არჩევნებამდე არ მივიდოდა. ჯერჯერობით შეუძლებელია იმის შეფასება, თუ რამდენად მძიმედ აისახა საქართველოს მთელი მოსახლეობის ცნობიერებაზე ხელისუფლების ქმედება შვიდ ნოემბერს. ამ კითხვაზე პასუხი სწორედ საპრეზიდენტო არჩევნებმა უნდა გასცეს. ნებისმიერ შემთხვევაში, მიუკერძოებელი ადამიანი დღეს გადაჭრით ვერ იტყვის, შეინარჩუნებს თუ ვერა პოსტს მიხეილ სააკაშვილი; წინასწარ მხოლოდ ის შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მის მიმართ აგრესია არ არის ისეთი ყოვლისმომცველი, როგორიც მისი წინამორბედების მიმართ იყო.

ამის თქმის საფუძველი ისაა, რომ ხელისუფლების შეცდომებმა დაბადა არა მორიგი უალტერნატივო, ქარიზმატული ლიდერი მორიგი არჩევნების წინ, არამედ მხოლოდ და მხოლოდ რეალური ალტერნატივა, რაც ქართული პოლიტიკისთვის თვისებრივი სიახლეა. ცხადია, რეალურ კანდიდატებად იმ ძალების ლიდერები უნდა მივიჩნიოთ, რომლებიც შვიდი ნოემბრის მოვლენების უშუალო სუბიექტები იყვნენ: ერთი მხრივ, ხელისუფლება და, მეორე მხრივ, გაერთიანებული ოპოზიცია. ძირითადი ბრძოლა, პოლიტიკის კანონებით, სწორედ მათ შორის უნდა წარიმართოს.




XS
SM
MD
LG