Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას შეცვლის ახალი საარჩევნო კოდექსი


2008 წლის 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარებისათვის ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე შეთანხმდნენ.

კერძოდ, იმ კანონპროექტის თანახმად, რომელსაც პარლამენტმა უყარა კენჭი, შეიცვლება როგორც ცენტრალური, საოლქო და საუბნო კომისიების დაკომპლექტების წესი, ასევე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გადაწყვეტილებათა მიღების მექანიზმი. გარდა ამისა, შეიცვლება მაჟორიტარული არჩევნების წესი და შემოვა რეგიონალური პროპორციული სიები, რათა მცირერიცხოვანი მხარეებიც სათანადოდ იყვნენ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. რას შეცვლის ახალი საარჩევნო კოდექსი?


საარჩევნო კოდექსის ნაკლოვანებაზე საუბარი ჯერ კიდევ 2006 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ დაიწყო. მაჟორიტარული არჩევნების წესის გარდა, ექსპერტთა კრიტიკა საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის მექანიზმმაც დაიმსახურა. სამართლის პროფესორის ვახტანგ ხმალაძის თქმით, უნდა მოქმედებდეს საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების კარგად გააზრებული წესი:

[ვახტანგ ხმალაძის ხმა] „თუ ადმინისტრაცია ცალმხრივად იქმნება ხელისუფლების ან რომელიმე სხვა პოლიტიკური ძალის მიერ, ასეთ დროს რაოდენ კარგად და კანონიერადაც უნდა ჩაატაროს არჩევნები ამ საარჩევნო ადმინისტრაციამ, საზოგადოებაში ყოველთვის რჩება ის ეჭვი, რომ იქ რაღაც წესიერად არ გაკეთდა.“

ეჭვს, რომლის შესახებაც ვახტანგ ხმალაძე ლაპარაკობდა, იწვევდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ის წესი, რომლის თანახმადაც, შვიდივე კანდიდატს, პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტი ირჩევდა, თუმცა, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ირინა ქურდაძე ამბობს, ოპოზიციასთან გამართული კონსულტაციების შედეგად, ცვლილება განიცადა როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის მექმნის მექანიზმმა, ასევე არჩევნების წესმა:

[ირინა ქურდაძის ხმა] „ცვლილების მიხედვით, შვიდი პლუს ექვსია, ანუ ექვსი წევრი იქნება პარტიების წარმომადგენლები. ცვლილება ეხება მაჟორიტარულ სისტემას, გადავდივათ რეგიონულ სისტემაზე და ცვლილება ეხება ასევე საუბნო კომისიებს, საოლქო კომისიებს და მათ კომპეტენციას.“(სტილი დაცულია)

ირინა ქურდაძის თქმით, საოლქო კომისიას აღარ ექნება უფლება გააბათილოს უბნის შედეგები, ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისია უბნის შედეგების გაუქმების, რეგისტრაციიდან მოხსნის და დადგენილების მიღების გადაწყვეტილებას ხმათა ორი მესამედით მიიღებს. რაც შეეხება რეგიონალური პროპორციული სიების შემოღების მიზანშეწონილობას, ამასთან დაკავშირებით განმარტება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა გააკეთა:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] „თუ არ გაიყოფა რეგიონული პროპორციული სიები და მთლიანი პროპორციული სია, შეიძლება თეორიულად მოხდეს სიტუაცია, როცა რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაცია წამოიღებს ყველა ხმას, პირობითად, სვანეთიდან, რაჭიდან და გურიიდან, ანუ ასი პროცენტი მიიღო რომელიღაც პოლიტიკურმა პარტიამ, მაგრამ თუ იქნება შენარჩუნებული 7 პროცენტიანი ბარიერი, არანაირი გარანტია არ არის, რომ ის მოხვდება პარლამენტში. წარმოიდგინეთ რა საფრთხის შემცველია ის სიტუაცია, როდესაც რეგიონს არ ჰყავს თავისი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.“(სტილი დაცულია)

მიხეილ მაჭავარიანის თქმით, საერთო ჯამში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ძალისხმევით, საარჩევნო კოდექსში ორმოცამდე ცვლილება შევიდა. კმაყოფილია თუ არა ოპოზიცია თანამშრომლობითა და ამ თანამშრომლობის ნაყოფით? „ახალი მემარჯვენეების“ წევრი მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ იდეალური არც ახალი კოდექსია:

[მამუკა კაციტაძის ხმა] „იყო ცუდი, გახდა საშუალო, ანუ უკეთესი, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი იმისათვის, რომ მივიღოთ კარგი კოდექსი.“

თუმცა უნდა ითქვას, რომ, ხელისუფლების მტკიცებით, უკეთესი კოდექსის მიღება უახლოესი ერთი წლის გამავლობაში ვერ მოხერხდება, ანუ ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები სწორედ რომ 22 ნოემბერს მიღებული საარჩევნო კოდექსით ჩატარდება. საინტერესოა, რას ფიქრობს ამომრჩეველი? როგორი მოლოდინი აქვს მას? სამართლიანად ჩატარდება თუ არა კარს მომდგარი არჩევნები?

[ქალბატონის ხმა] „ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება. არც გაყალბება იქნება და არც არავის სჭირდება ასეთი რამ.“

[მამაკაცის ხმა] „რა გითხრათ! არჩევნების გაყალბებაში ისეთი დახელოვნებული ძალა არის ხელისუფლებაში, რომ ამას რა ეშველება, არ ვიცი.“

[ქალბატონის ხმა] „ძალიან მეეჭვება, რომ სუფთად ჩატარდება და მე მოხარული ვიქნები, თუკი სამართლიანად ჩატარდება.“

იმის თქმა, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები, უჭირს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის“ საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორსაც. ეკა სირაძე ასევე არ ლაპარაკობს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების ავკარგიანობაზე:

[ეკა სირაძის ხმა] „მე მგონი, ამას გვაჩვენებს არჩევნები, იმიტომ რომ ყველაფერს სჭირდება გამოცდა და სწორედ არჩევნები გვაჩვენებს, რა და როგორ იქნება.”

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG