Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა სიკეთე მოაქვს მთავრობის ახალ სოციალურ პოლიტიკას


მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბრის მოვლენებს,

ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გარდა, მინისტრთა კაბინეტისა და მთავრობის სოციალური პოლიტიკის მკვეთრი ცვლილებაც მოჰყვა. თუ აქამდე ხელისუფლების ძალისხმევა, ძირითადად, ძალოვანი უწყებების გაძლიერებისკენ იყო მიმართული, ახალმა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის პრიორიტეტად სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარება და სიღარიბის აღმოფხვრა გამოაცხადა. მთავრობის გადაწყვეტილებით, გაიზრდება პენსიები, პედაგოგთა ხელფასები, ამოქმედდება დასაქმების პროგრამა, რომელსაც ბიუჯეტი დააფინანსებს, ხოლო დაახლოებით 800 ათასამდე პენსიონერი ზამთრის განმავლობაში დენისა და ბუნებრივი არის ვაუჩერებს მიიღებს. ახალი პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ მთავრობის ძალისხმევა სათანადო შედეგს გამოიღებს და ქვეყნის ეკონომიკის გაზრდა თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე აისახება. რა სიკეთე შეიძლება მოიტანოს მთავრობის ახალმა სოციალურმა პოლიტიკამ და რას ფიქრობენ ოპონენტები მთავრობის ძალისხმევაზე?


საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრსა და მის მიერ წარმოდგენილ ახალ პროგრამას პარლამენტმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი. ლადო გურგენიძეს არ დაუმალავს, თუ როგორ და რის ხარჯზე აპირებს მოსახლეობის კეთილდღეობის გაზრდას:

[ლადო გურგენიძის ხმა] „გპირდებით მოსახლეობას და განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ ფენებს, რომ სიციალური აქცენტების გამახვილებას შევძლებთ ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში იმ პროგრამების მოცულობით, რაც უკვე გახმოვანდა.“(სტილი დაცულია)

პრემიერ-მინისტრის თქმით, საერთო ჯამში, მთავრობა პენსია-ხელფასების გაზრდასა და სხვა სოციალურ პროგრამებში 250-350 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს. მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვას საშურ საქმედ მიიჩნევს პროფესორი ლადო პაპავაც, თუმცა იგი იქვე იმასაც დასძენს, რომ მთავრობის ახალი სოციალური პოლიტიკა ეფექტიანი ვერ იქნება:

[ლადო პაპავას ხმა] „ის, რომ გაიზრდება პენსიები, გაიზრდება ხელფასები - ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ, იმავდროულად, ეს ზრდა გამოიწვევს ინფლაციას, ფასების მომატებას. ამიტომ ამ ადამიანებს მთავრობა რომ ერთი ხელით დახმარებას აძლევს, მეორე ხელით გაუზრდის ფასებს.“

ფასები კი, როგრც სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებიდანაც ჩანს, ხელისუფლების ძალისხმევის გარეშეც იზრდება. დეპარტამენტის თავმჯდომარე გრიგოლ ფანცულაია იმ მიზეზებს ასახელებს, რამაც უკანასკნელი თვეების განმავლობაში სამომხმარებლო ფასების მატება გამოიწვია:

[გრიგოლ ფანცულაიას ხმა] „მსოფლიო ბაზარზე ფასები გაიზარდა ხორბალსა და ფქვილზე, რძის პროდუქტებზე. კატასტროფულად გაძვირდა ცხიმი და რძის პროდუქტები. ნავთობის ფასმა მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს და, შესაბამისად, გაძვირდა ბენზინი და დიზელის საწვავი. ამაზე რეაგირებს საქართველოს ფასებიც და ისინიც ზევით მიიწევს.“

ამ ობიექტური მიზეზების გარდა, ფასებისა და, შესაბამისად, ინფლაციის ზრდას ლოკალური მოვლენებიც უწყობს ხელს. საქმე ის არის, რომ არჩევნების დროს, როგორც წესი, იზრდება ბრუნვაში გაშვებული ფულის მასა, თუმცა, როგორც ეკონომიკის ექსპერტი ნიკო მჭედლიშვილი განმარტავს, ინფლაციაზე გავლენას ყველა საარჩევნო სუბიექტი თანაბრად როდი ახდენს:

[ნიკო მჭედლიშვილის ხმა] „ზოგადად არჩევნები, რა თქმა უნდა, ინფლაციასა და ინფლაციურ მოლოდინს აჩენს, რადგანაც მთავრობა ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ინფლაციას აჩენს თითოეული კანდიდატის მიერ გაწეული ხარჯი.“

ის, რომ ინფლაცია მაღალია და თანაც მზარდი, კარგად უწყის ახალმა პრემიერ- მინისტრმაც. ლადო გურგენიძე იმასაც ამბობს, რომ, ახალი სოციალური პოლიტიკის გამო, მთავრობა ინფლაციის შესაჩერებლად ვერ გამოიყენებს ფისკალურ ბერკეტებს, თუმცა, ამის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრი მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი:

[ლადო გურგენიძის ხმა] „გვრჩება მონეტარული ბერკეტები და, შესაბამისად, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვიმუშავებთ ეროვნულ ბანკთან იმასთან დაკავშირებით, რომ ამ მონეტარული ბერკეტების მეშვეობით გავაკონტროლოთ ინფლაციური ფონი 2008 წელს და აღარ დავუშვათ მისი შემდგომი გაძლიერება.“(სტილი დაცულია)

ეროვნულ ბანკთან მთავრობის მჭიდრო თანამშრომლობას არ იწონებს პარლამენტის წევრი და ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ლადო პაპავა, რომლის თქმითაც, ეროვნული ბანკი მთავრობისგან დამოუკიდებელია და, შესაბამისად, გადაწყვეტილებასაც დამოუკიდებლად უნდა იღებდეს. და კიდევ, ლადო პაპავა მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის შესაძლებლობები შეზღუდულია:

[ლადო პაპავას ხმა] „ეროვნულ ბანკს აქვს გარკვეული მექანიზმები, მაგრამ ამ მექანიზმებს ეროვნული ბანკი აქამდეც იყენებდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ქვეყანაში მაინც მაღალია ინფლაცია.“



  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG