Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჩრდილოეთკორეელ კოლეგას პირველი წერილი გაუგზავნა


აშშ-ის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს წერილი მისწერა და შეახსენა, რომ წლის ბოლომდე ფხენიანმა დღის სინათლეზე უნდა გამოიტანოს

ბირთვულ პროგრამებთან დაკავშირებული ყველა დეტალი. ეს იყო ჯორჯ ბუშის პირველი მცდელობა უშუალოდ მიემართა კიმ ჩენ-ირისთვის. რატომ გადადგა ამერიკის პრეზიდენტმა ასეთი ნაბიჯი და რა ეჭვები აქვს ვაშინგტონს ფხენიანის მისამართით?

ის, რომ ჯორჯ ბუშმა კიმ ჩენ-ირთან პირადი კონტაქტი განიზრახა და წერილიც მისწერა, მსოფლიოსთვის აშკარა რადიკალური ცვლილების მანიშნებელია. თუნდაც იმიტომ, რომ ჯერ კიდევ 2002 წელს იგივე ჯორჯ ბუში ფხენიანს "ბოროტების ბლოკის" წარმომადგენლის იარლიყს აწებებდა. მეტიც, ამერიკის პრეზიდენტი ჟურნალისტებს ერთხელ იმაშიც გამოუტყდა, რომ კიმ ჩენ-ირს ვერ იტანდა. კონტრასტი ნათელი ხდება, თუკი ვიტყვით, რომ ჩენ-ირისთვის მიძღვნილ წერილს ბუში იწყებს მიმართვით - "პატივცემულო, თავმჯდომარევ..."

შეერთებული შტატების პრეზიდენტის წერილები ასევე მიიღეს ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ 6-მხრივ მოლაპარაკებებში ჩართულმა სხვა ქვეყნებმაც, კერძოდ: რუსეთმა, ჩინეთმა, ჩრდილოეთ კორეამ და იაპონიამ.

(პერინოს ხმა) "პრეზიდენტმა შეახსენა ყველას, რის წინაშე ვდგავართ ამჟამად. ჩვენ უკვე გვაქვს შეთანხმება ექვსმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში და ყველა უნდა მიიწევდეს საერთო მიზნისკენ... და ახლა შენი ნებაა, ჩრდილოეთ კორეავ, რომ გააკეთო სრულყოფილი და ზუსტი დეკლარირება... და თუ შენ ამას არ გააკეთებ, გვეცოდინება, რომ შენ ამას არ აკეთებ."

თეთრი სახლის პრესმდივნის დანა პერინოს მიერ გაკეთებულ ამ განცხადებაში ნახსენები დეკლარირების პირობა ფხენიანმა თებერვალში დადო. ექვსმხრივ მოლაპარაკებათა ფარგლებში მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ჩრდილოეთ კორეამ ბირთვულ პროგრამებთან დაკავშირებული ყველა პროცესი უნდა შეწყვიტოს და დეტალურად აღწეროს ამ სფეროში არსებული სინამდვილე. ვადა მას 2007 წლის ბოლომდე აქვს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, რომელიც იაპონიაში იმყოფება, ადასტურებს, რომ ფხენიანის მიერ მოსამზადებელმა დეკლარაციამ მართლაც დაიგვიანა, მაგრამ კრისტოფერ ჰილი 7 დეკემბერს გაკეთებული განცხადების ოპტიმიზმით შეკმაზვას ცდილობს:

(ჰილის ხმა) "ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის დეკლარირების მსგავსად, ასევე მნიშვნელოვანია იმის დანახვა, რომ იანგბიონგის ტერიტორიაზე რეალური სამუშაოები გრძელდება და, ვფიქრობ, ზუსტად გეგმის მიხედვით."

ჩრდილოეთი კორეა მსოფლიო თანამეგობრობის მიმართ, ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, მართლაც წავიდა მნიშვნელოვან და პრაქტიკულ დათმობებზე, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებს სურათის კიდევ უფრო ნათლად დანახვა სურს. მით უმეტეს, რომ, ვაშინგტონის ინფორმაციით, ფხენიანმა მიიღო ურანის გამდიდრების ტექნოლოგია და თანადგომა პაკისტანისგან. შეერთებულ შტატებს აინტერესებს, რა ბედი ეწია ამ ტექნოლოგიას და რატომ არაფერს ამბობს მასზე ფხენიანი.

თუ რამდენად სწრაფად გამოეხმაურება ჯორჯ ბუშის წერილს კიმ ჩენ-ირი, ძნელი სათქმელია. თუმცა ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ამერიკის პრეზიდენტის მიმართვა – "ძვირფასო, თავმჯდომარევ" – მოწინააღმდეგეთა თვალში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ავტორიტეტს გაზრდის.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG