Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტობის კანდიდატები განათლების შესახებ


საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში ჩართული კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერი

პოლიტიკური ორგანიზაციების წინასაარჩევნო მარათონი მოსახლეობისთვის კეთილდღეობის დაპირებების ფონზე მიმდინარეობს. დაპირებები მოიცავს საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროს, მათ შორის, განათლებას. როგორ აისახება პრეზიდენტობის კანდიდატთა საპრეზიდენტო პროგრამაში განათლებისა და მეცნიერების განვითარების პერსპექტივა და არის თუ არა 7 ხედვას შორის, ამ მხრივ, რადიკალური განსხვავება?

დავიწყოთ იმით, რომ განათლებისა და მეცნიერების სფეროს განვითარების ათვლის წერტილად განიხილება ის რეალობა, რომელიც საქართველოს მთავრობამ ”ვარდების რევოლუციიდან” დღემდე შექმნა. განათლების რეფორმა სახელმწიფოს მხრიდან ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რეფორმადაა მიჩნეული. რეფორმამ, რომლის საკანონმდებლო ცვლილებების უმთავრესი ნაწილი უკვე დასრულებულია, სკოლამდელი დაწესებულებები, საჯარო და უმაღლესი სკოლები მოიცვა, როგორც ფინანსური უზრუნველყოფის, ისე გამჭვირვალობისა და მართვის ახალი მოდელების შემუშავების მიმართულებებით.
მართალია, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო პროგრამა ჯერ საჯარო დოკუმენტს არ წარმოადგენს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ, მისი გამარჯვების შემთხვევაში, განათლების რეფორმა საქართველოში ძველ კალაპოტში წარიმართება. თუმცა გამოკვეთილია დროითა და გარემოებებით ნაკარნახევი პრიორიტეტებიც. როგორც საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბში განგვიცხადეს:

[ქეთევან ქოჩორაშვილის ხმა] “ ძირითადი, რაც არის, ეს არის ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა და პროფესიული განათლებით დასაქმება.“ (სტილი დაცულია)

„დღეს შრომის ბაზრისთვის მთავარი ახალი კადრების მომზადებაა“ - ეს მიხეილ სააკაშვილმა თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ- მასწავლებლებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი ეს პათოსი, გარკვეულწილად, გაზიარებულია პრეზიდენტობის კანდიდატ გია მაისაშვილის პროგრამაშიც. კანდიდატის საარჩევნო შტაბის წევრის გიორგი ღაღანიძის განმარტებით, გია მაისაშვილი განათლების სისტემას განიხილავს როგორც ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილს:

[გიორგი ღაღანიძის ხმა]“ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტა არის დამოკიდებული რამოდენიმე ფაქტორზე. ერთი არის სიტუაციის ანალიზი, მეორე - სად გვინდა მისვლა, მესამე არის, რა რესურსი სჭირდება ამას. სიტუაციის ანალიზი, სად უნდა მივიდეთ, გაკეთებულია; რესურსული უზრუნველყოფაც, ამისათვის რაც არის საჭირო, გაკეთდება. ამისათვის ძალიან მარტივია - განათლების სისტემაზე უნდა იხარჯებოდეს არანაკლებ იმისა, პროცენტულ გამოხატულებაში მთლიანი შიდა პროდუქტის, რაც იხარჯება წამყვან ქვეყნებში. და, ზოგიერთ შემთხვევაში, უნდა იხარჯებოდეს მეტი.“(სტილი დაცულია)

გიორგი ღაღანიძის შეფასებით, განათლების სისტემამ საქართველოში უნდა უპასუხოს 21–ე საუკუნის გამოწვევებს და, ამასთანავე, უაღრესად კონკურენტუნარიანი უნდა გახდეს.
დავით გამყრელიძის საპრეზიდენტო პროგრამის თანახმად კი, საქართველოში მეცნიერების, განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარებისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სახსრები, ეტაპობრივად, 2–3 წელიწადში გაუტოლდება ევროპულ სტანდარტებს. რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებებს, ახალი მემარჯვენეების ლიდერის პროგრამაში გაწერილია შემდეგი საკვანძო საკითხები: არსებითად გადამუშავდება სასწავლო პროგრამები, რადიკალურად შეიცვლება განათლების სისტემის საკანონმდებლო ბაზა, სკოლის პედაგოგების მინიმალური ხელფასი იქნება 350 ლარი; ეტაპობრივი ზრდის გათვალისწინებით, ხელმოკლე მოსწავლეები სახელმწიფოს ხარჯზე უზრუნველყოფილნი იქნებიან სახელმძღვანელოებით; თითოეული სტუდენტის დაფინანსება, ნაცვლად დღევანდელი 1500 ლარისა, გაიზრდება 3000 ლარამდე და ა.შ.

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა]“ განათლების სისტემაში, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვთვლით, რომ სისტემურადაა გასააზრებელი რეფორმა თავიდან, იმიტომ რომ, დღეს მიმდინარე რეფორმის შედეგად, ჩვენ მივიღეთ აბსოლუტურად უფუნქციო სკოლა, პრაქტიკულად რეპეტიტორობის ინსტიტუტის თავიდან დამკვიდრება და შექმნა მოხდა საქართველოში. უმაღლესი სასწავლებლის რეფორმის შედეგად მოხდა ის, რომ უმაღლეს სასწავლებელს არა აქვს ავტონომია, დაინგრა მეცნიერებათა აკადემიის სისტემა.“(სტილი დაცულია)

ამბობს ახალი მემარჯვენე ფიქრია ჩიხრაძე. მისი და მისი პარტიის კრიტიკულ პათოსს იზიარებს ლეიბორისტული პარტიაც. პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის საპროგრამო პრიორიტეტებს განათლების სფეროში ლეიბორისტი ნესტან კირთაძე შემდეგნაირად აყალიბებს:

[ნესტან კირთაძის ხმა]“მრავალფეროვანი სკოლების გარშემო ძირითადი განათლება იყოს უფასო, ასევე უფასოდ მოხდეს ჩვენი სტუდენტებისათვის არა მხოლოდ პირველი განათლების მიღება, არამედ სამაგისტრო განათლების მიღებაც. რაც შეეხება ზოგადად უნივერსიტეტებთან დაკავშირებით, პროგრამაში ჩაიდო, რომ პრეზიდენტად გახდომისთანავე უკვე დაიწყება პროცესი უნივერსიტეტისათვის, დედაუნივერსიტეტისა და ასევე სხვა უნივერსიტეტებისათვის, ავტონომიების ხელახალი მინიჭების საკითხი.“(სტილი დაცულია)

„7 ნაბიჯი ჩვენი ოჯახების საკეთილდღეოდ“– ასე დაასათაურა თავისი საპრეზიდენტო პროგრამა პარტია „იმედის“ ლიდერმა ირინა სარიშვილმა. ამ პროგრამის მეშვიდე ნაბიჯზე ლაპარაკია თავში, რომელიც ინვესტიციების განათლებაში, მედიცინასა და ეკოლოგიაში დაბანდებას შეეხება. ეს ნაბიჯი განათლებისა და მედიცინის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად ერთიანი სტანდარტის შექმნასა და სახსრების მოცულობის გაზრდას ითვალისწინებს.
ირინა სარიშვილის საარჩევნო შტაბის პრესცენტრის უფროსი რუსუდან მათიაშვილი ამბობს:

[რუსუდან მათიაშვილის ხმა]“ ფული განათლებისათვის გამოიყენება იმ მოცულობით, რომ სახელმწიფო სასწავლებელში შევინარჩუნოთ უფასო განათლება, როგორც საშუალო, ისე უმაღლესი ხარისხის მუდმივი გაზრდის პირობებში.“(სტილი დაცულია)

გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნულ საბჭოში ამ დროისათვის გრძელდება მუშაობა ლევან გაჩეჩილაძის საარჩევნო პროგრამის დამატებით დოკუმენტზე, პირობითი სახელწოდებით “ 200 ნაბიჯი“. ეს გეგმა ლევან გაჩეჩილაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში გასატარებელ მთავარ ღონისძიებებს მონიშნავს, მათ შორის, განათლების სფეროში. ჯერჯერობით უცნობია, რა გეგმებს ისახავს განათლების სისტემის ოპტიმიზაციის კუთხით პრეზიდენტობის კანდიდატი ბადრი პატარკაციშვილი.


XS
SM
MD
LG