Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლებისა და ოპოზიციის ინტერესები საპარლამენტო არჩევნების გამართვის დროსთან დაკავშირებით


2008 წლის 5 იანვარი საქართველოში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღია. საქართველოს მოქალაქეებისთვის კარგადაა ცნობილი,


რომ მათ, საქართველოს პრეზიდენტის არჩევის გარდა, მონაწილეობა უნდა მიიღონ პლებისციტშიც, რომლის ფარგლებში ორი საკითხია გასარკვევი – როდის გაიმართოს მომავალი საპარლამენტო არჩევნები და მხარდასაჭერია თუ არა საქართველოს ხელისუფლების ჩრდილოატლანტიკური ალიანსისაკენ სწრაფვა. პლებისციტის შეკითხვები ჯერაც ფორმულირების პროცესშია და მას, კონსულტაციების შემდეგ, საბოლოო სახეს ცენტრალური საარჩევნო კომისია მისცემს. მანამდე კი ნატოსთან საქართველოს ინტეგრაციის მნიშვნელობაზე განმარტებას სპეციალური რეკლამების საშუალებით ყოველდღიურად ისმენს და ხედავს რიგითი ამომრჩეველი. სხვა ვითარებაა პლებისციტის მეორე საკითხთან, კერძოდ, მომავალი საპარლამენტო არჩევნების გამართვასთან დაკავშირებით. ამ საკითხში მოქალაქეებს მრჩევლად, ძირითადად, პოლიტიკური სიმპათიები თუ გამოადგებათ. მმართველი პარტიისა და ოპოზიციის საჯარო მოსაზრებები საპარლამენტო არჩევნების გამართვის საკონსტიტუციო ვადების შესახებ კვლავაც რადიკალურად განსხვავებული რჩება.

ჩვენს მსმენელს კარგად ახსოვს, რა ვითარებაში დაინიშნა 2008 წლის 5 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში და რა კავშირში იყო ამ გადაწყვეტილებასთან ოპოზიციის საპროტესტო აქციები და მისი ძირითადი მოთხოვნები, მათ შორის, მოთხოვნა საპარლამენტო არჩევნების 2008 წლის გაზაფხულზე, ანუ შესწორებამდელ კონსტიტუციურ ვადაში, დანიშვნის შესახებ. კონსტიტუციაში 2006 წლის 14 დეკემბერს შეტანილი ცვლილების თანახმად, 2004 წელს არჩეული საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები 2008 წლის 1 ოქტომბრიდან 2008 წლის 31 დეკემბრამდე ვადაში ერთდროულად უნდა ჩატარებულიყო. მას შემდეგ, რაც 2008 წლის 5 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები გაიმართება, საქართველოს კონსტიტუციის 104 პრიმა მუხლი პრაქტიკულად ძალადაკარგულად გამოიყურება – 5 იანვარს საპარლამენტო არჩევნების გამართვის პირობით დროს არა კონსტიტუცია, არამედ საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს. ასეთ ვითარებაში ჩნდება კითხვა, კვლავ პრინციპულად იცავს თუ არა ქვეყნის ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნების 2008 წლის შემოდგომაზე გამართვის მიზანშეწონილობას და დღის წესრიგში რჩება თუ არა ის საფრთხეები, რომელთა გამოც შესწორდა ქვეყნის უმთავრესი კანონი. ხელისუფლების ძველი არგუმენტების თანახმად, პირველი საფრთხე იყო რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები, მეორე - კოსოვოს ავტონომიიის საკითხის გარკვევა, მესამე კი - ნატოს ბუქარესტის სამიტი.

[პავლე კუბლაშვილის ხმა]“ მე ვფიქრობ, რომ იგივე არგუმენტები არის გაზაფხულზე გამართვასთან დაკავშირებით, რაც იყო აქამდეც. ანუ გაზაფხული არის ძალიან მძიმე პერიოდი საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით. ძალიან ბევრი პროცესი მიდის, რომელიც შეიძლება რომ გავლენას ახდენდეს ჩვენი ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე, ისევე როგორც საგარეო პოლიტიკაზე. ამიტომ უფრო მიზანშეწონილად მიმაჩნია არჩევნების, საპარლამენტო არჩევნების გამართვა მიმდინარე წლის შემოდგომაზე.“

ამბობს საქართველოს პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი, რომლის გულწრფელობაში ეჭვი შეაქვს დეპუტატ ფიქრია ჩიხრაძეს. ახალი მემარჯვენეების შეფასებით, მას შემდეგ, რაც 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა, რადიკალურად შეიცვალა მმართველი ძალის მიზნებიც და გამოწვევებიც. ”ახლები” ფიქრობენ, რომ, სინამდვილეში, საპარლამენტო არჩევნების შემოდგომაზე გამართვამ ხელისუფლებისთვის მნიშვნელობა დაკარგა და ვექტორი გაზაფხულისკენ შემოტრიალდა:

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა]“მათ ინტერესშია, რომ ეს ასე მოხდეს, ოღონდ აპრილში კი არა, როგორც ამას ძველი საკონსტიტუციო ვადა ითხოვდა, არამედ რაც შეიძლება მალე საპრეზიდენტო არჩევნებიდან, რომ ხალხმა არ მოსთხოვოს ხელისუფლებას უკვე შედეგი იმ დაპირებების კვალობაზე, რასაც ისინი დღეს ასე უხვად გასცემენ და ამავე დაპირებების ტალღაზე გაათრიონ როგორმე საპარლამენტო არჩევნები.“

ამბობს ფიქრია ჩიხრაძე და დასძენს, რომ, ხელისუფლებისგან განსხვავებით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიისთვის ოპოზიციას ფინანსური რესურსის სწრაფად მობილიზება გაუჭირდება. თუმცა, ამის მიუხედავად, მათ პოზიციაში ცვლილებები არ იგრძნობა:

[დავით უსუფაშვილის ხმა]“ ჩვენ იმის მიხედვით არ ვსაუბრობთ არჩევნების თარიღზე, თუ როდის გვაწყობს ან როდის გვირჩევნია. ამ საკითხებს წყვეტს კონსტიტუცია,.ეს იყო კონსტიტუციით გადაწყვეტილი და ყველამ კეთილი ინებოს, ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც, რომ კონსტიტუციით დადგენილ ვადებში და ჩარჩოებში ჩაეტიოს და საუკეთესო ფორმაში მაშინ იყოს, როდესაც არჩევნები კონსტიტუციითაა განსაზღვრული.“

ამბობს გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭოს წევრი, რესპუბლიკელი დავით უსუფაშვილი, რომელიც აქტიურადაა ჩართული არჩევნების შესახებ საპლებისციტო შეკითხვის ფორმულირების თემაზე წარმოებულ მოლაპარაკებებში. მისი და მისი თანაგუნდელების აზრით, ვინაიდან კონსტიტუციური ჩანაწერი არჩევნების შემოდგომაზე გამართვას ითვალისწინებს, პლებისციტის შეკითხვა ასე უნდა ჩამოყალიბდეს: გსურთ თუ არა საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე ჩატარება.
XS
SM
MD
LG