Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჰიუმან რაითს უოჩი" დასავლეთის ლიდერებს აკრიტიკებს


აშშ-ის ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰიუმან რაითს უოჩი" მორიგ ყოველწლიურ ანგარიშში,

რომელიც 31 იანვარს საღამოს გამოქვეყნდა, საკმაოდ არასახარბიელო ტენდენციებს ააშკარავებს. დასავლეთი თითქოს ვერ ხედავს, როდესაც ავტოკრატ ლიდერებს მსოფლიოში დემოკრატებად მოაქვთ თავი და, პარალელურად, არადემოკრატიულ საქმიანობას ეწევიან – დაახლოებით ასეთია ნიუ-იორკში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის 2007 წლის ანგარიშის ძირითადი დასკვნა. "ჰიუმან რაითს უოჩი" საუბრობს არჩევნებთან დაკავშირებულ გაყალბებაზე, მედიის ცენზურასა და ორმაგ სტანდარტებზე. როგორ ახასიათებს ანგარიში საქართველოს?

დესპოტები, რომლებიც, ასე ვთქვათ, დემოკრატიულ სამოსში არიან გამოწყობილი და თავს დემოკრატებად ასაღებენ, აქტიურად ებრძვიან ყველანაირ შანსს, რათა მათმა ხალხმა რეალურად, შეუზღუდავად გამოხატოს თავისი აზრი მთავრობის მისამართით - "ჰიუმან რაითს უოჩის" ამგვარი დასკვნა გასული წლის საერთო შთაბეჭდილებას გამოხატავს. არასამთავრობო ორგანიზაცია შიშობს, რომ მსოფლიოში "დემოკრატის" იარლიყი ზედმეტად იოლად რიგდება.

შარშან მთავრობები - ნიგერიაში იყო ეს, რუსეთსა თუ ტაილანდში - ისე იქცეოდნენ, თითქოს არჩევნების ჩატარება საკმარისი იყო "დემოკრატიული სახელმწიფოს" სტატუსის მოსაპოვებლად. თუმცა სხვა საკითხია რამდენად სამართლიანად ჩატარდა არჩევნები ამ ქვეყნებში. კრიტიკა მიმართულია დასავლეთისკენ, რომელიც ყოველივე ამაზე თვალს შეგნებულად ხუჭავს და გლობალურად საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანის უფლებებს. "ჰიუმან რაითს უოჩის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რიდ ბროდი, ცდილობს აგვიხსნას, კონკრეტულად რის დანახვა არ სურს დასავლეთს:

(ბროდის ხმა) "დასავლეთი – კერძოდ, შეერთებული შტატები და ევროკავშირი – უფლებას აძლევს ქვეყნებს, უბრალოდ, ჩაატარონ არჩევნები, რის შემდეგაც მათ დემოკრატიული ქვეყნის მანდატს ანიჭებენ. როგორც ვხედავთ, სულ უფრო ადვილი ხდება ავტოკრატებისთვის შეირჩინონ დემოკრატიული თვალთმაქცობა, რადგანაც დასავლეთის ბევრი მთავრობა მხოლოდ არჩევნებზე აკეთებს ძირითად აქცენტს. ისინი ყურადღებას არ აქცევენ დემოკრატიის ასამოქმედებელ სხვა ფაქტორებს, მაგალითად: თავისუფალ პრესას, შეკრების თავისუფლებას, მობილიზებულ და განათლებულ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელსაც შეუძლია რეალურად მოიპოვოს ძალაუფლება."

ლოგიკურად იბადება შეკითხვა: რატომ ხუჭავს დასავლეთი თვალს? "ჰიუმან რაითს უოჩი” მიიჩნევს, რომ დასავლეთი ამით პოლიტიკურად ხელსაყრელ ნაბიჯებს დგამს და ეს ხან ეკონომიკური და ხანაც უსაფრთხოების ინტერესების გამო ხდება, თუკი, მაგალითად, საქმე შეეხება ქვეყანას, რომელიც შეერთებული შტატების მოკავშირეა ტერორიზმთან ბრძოლაში. მიზეზად ასევე სახელდება არჩევანი, ასე ვთქვათ,"შეჩვეულ ჭირსა" და "შეუჩვეველ ლხინს" შორის, ანუ როცა დასავლეთი ერიდება რისკს: ხომ შეიძლება უკვე არსებულის ალტერნატივა უარესიც კი აღმოჩნდეს.

მართალია, დასავლეთის მთავრობები და ორგანიზაციები გამუდმებით აკრიტიკებენ არადემოკრატიულ ქმედებებსა თუ აკრძალვებს ამა თუ იმ ქვეყანაში, მაგრამ, "ჰიუმან რაითს უოჩის" დაკვირვებით, სიტყვებს შესაბამისი ქმედებები არ მოჰყვება. მაგალითად, პაკისტანი, სადაც პრეზიდენტმა მუშარაფმა რამდენიმე თვის წინ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და გზიდან ჩამოიშორა ბევრი პოლიტიკური მეტოქე, მუდმივად ღებულობდა დასავლეთის დახმარებას, იმის მაგივრად, რომ იძულებული გაეხადათ მოახლოებული არჩევნების წინ სიტუაცია გაეუმჯობესებინა. "ჰიუმან რაითს უოჩი" საუბრობს ორმაგ სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ ის, რაც, ასე ვთქვათ, ეპატიება, მაგალითად, საუდის არაბეთსა და ეგვიპტეს, არ ეპატიება, მაგალითად, კუბასა და სირიას. მოყვანილია მაგალითი, თუ როგორ შეაქო შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თავისი ეგვიპტელი კოლეგა ჰოსნი მუბარაქი, მაშინ როცა მუბარაქის ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს სამართლიანად ვერც ერთი დამოუკიდებელი ორგანიზაცია ვერ შეაფასებდა. ამასთან, ეგვიპტე არის ქვეყანა, სადაც ალტერნატიული აზრის გამოხატვისთვის ადამიანები შეიძლება ძალიან სასტიკად დაისაჯონ.


რაც შეეხება საქართველოს, მისი მისამართით "ჰიუმან რაითს უოჩი" თავის ანგარიშში არაერთ მწვავე შენიშვნას გამოთქვამს. მათ შორის უმთავრესზე საუბრობს გიორგი გოგია, "ჰიუმან რაითს უოჩის" ევროპისა და შუა აზიის განყოფილების თანამშრომელი:

(გოგიას ხმა) "შარშან ყველაზე მეტად შემაშფოთებელი იყო ძალადობა, რომელსაც 7 ნოემბერს ხელისუფლებამ დემონსტრანტების დასარბევად მიმართა. სახელმწიფო ძალოვანი სტრუქტურების ასობით წარმომადგენელმა სასტიკად დაარბია ოპოზიციის მიერ ორგანიზებული მიტინგი ქალაქის ცენტრში. დემონსტრაციები, ძირითადად, მშვიდობიან სახეს ატარებდა. სახელმწიფო შენაერთები შეიჭრნენ კერძო ტელევიზიაში და დახურეს ის. შედეგად, დაშავდა, სულ ცოტა, 500 ადამიანი, ზოგი მათგანი - კრიტიკულად. ამ მოქმედებებმა ქვეყანა ადამიანის უფლებების სერიოზულ კრიზისამდე მიიყვანა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ადამიანის უფლებების ყველაზე მასშტაბური კრიზისი, ვარდების რევოლუციის შემდეგ."

"ადამიანის უფლებების სერიოზული კრიზისი", რომელიც გიორგი გოგიამ ახსენა, "ჰიუმან რაითს უოჩის" დასკვნით, გამოიწვია მიდგომამ, რომელიც გაბატონებული იყო საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ ნაღებსა და მათ მხარდამჭერებში. კერძოდ, ის, რომ, თითქოს გამართლებულია ადამიანის უფლებების, მათი შეფასებით, უმნიშვნელო, არაარსებითი დარღვევები თითქოსდა იმ ძლიერი სახელმწიფოს შესაქმნელად, რომელიც შეძლებს მტკიცედ და ხანგრძლივად დაიცვას ადამიანის უფლებები. "ჰიუმან რაითს უოჩის" ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში, საქართველოსთან მიმართებით ყურადღება ასევე გამახვილებულია ციხეებში არსებულ ჯერ ისევ არადამაკმაყოფილებელ პირობებზე. აქვეა პრეტენზიები, მაგალითად, სასამართლო სისტემის სამართლიანობასა და საკუთრების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, ანგარიშში შეფასებულია 2007 წლის მოვლენები და ამიტომ განხილული არ არის საქართველოში 5 იანვარს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG