Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასაარჩევნო რისკები ოპოზიციისთვის


მოსახლეობის მხარდაჭერაში დარწმუნებული

ოპოზიცია პარლამენტში უმრავლესობით მოსვლას გეგმავს. თუმცა არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელთა ერთობლიობა ოპოზიციისთვის სერიოზულ საფრთხეს ქმნის. დღეს სწორედ ამ ფაქტორების შესახებ მინდა გესაუბროთ.

საზოგადოების პროტესტულ ნაწილში იმგვარი განწყობაა, თითქოს, ოპოზიციას საპარლამენტო არჩევნების მოგება განაღდებული ჰქონდეს. ადამიანები, რომლებიც ამგვარად ფიქრობენ, ნაკლებად აანალიზებენ საფრთხეებს, რომლებიც ოპოზიციის შანსებს მკვეთრად ამცირებს. რისკ–ფაქტორების რაც შეიძლება სრული ნუსხის შედგენა და მათი განეიტრალება თავად ოპოზიციის საქმეა. თუმცა ისიც აუცილებელია, საზოგადოება ადეკვატურად იყოს ინფორმირებული წინასაარჩევნო პერიოდის თავისებურებებზე.

დავიწყოთ იმით, რაც ყველასათვის ნათელია: ოპოზიციურ პარტიებს ჯერ არ და ვერ გადაუწყვეტიათ, რამდენიმე საარჩევნო სუბიექტად გადანაწილდნენ თუ ამომრჩეველს ერთიანი სია შესთავაზონ. საქმე ისაა, რომ ორივე არჩევანს თავისი ნაკლი აქვს. მაგალითად, თუ გაერთიანებული ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებზე ერთიან სუბიექტად გამოვა, საარჩევნო სიაში – და, შესაბამისად, პარლამენტში – ბევრი ისეთი ადამიანი მოხვდება, რომელთა პოლიტიკური იერსახე საზოგადოებისთვის სრულიად უცნობია. ასეთ სიაში გარანტირებული „გამსვლელი“ ადგილები ექნებათ სალომე ზურაბიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, კობა დავითაშვილის, ჯონდი ბაღათურიას, კახა შარტავას, პაატა დავითაიას პარტიის წევრებს, რომელთა უდიდესი ნაწილი პარლამენტში ვერ მოხვდება, თუკი გაერთიანებული ოპოზიცია რამდენიმე სუბიექტად დაიყოფა. გნებავთ, საარჩევნო ბარიერმა 5%–მდე დაიწიოს, რომელი ზემოთ ხსენებული ლიდერის პარტია გადალახავს ამ ბარიერს მხოლოდ საკუთარი მომხრეების ხარჯზე? ალბათ, ორიოდე ან, სულაც, ვერც ერთი. გამოდის, რომ თუ საზოგადოებრივი დაკვეთა კიდევ არსებობს ოპოზიციის ერთიანობაზე, თავიდანვე უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ პარლამენტის შემადგენლობა საკმაოდ სუსტი იქნება.

მეორე მხრივ, თუ გაერთიანებული ოპოზიცია მცირე საარჩევნო სუბიექტებად დაიშლება, ის პარტიები, რომლებიც ბარიერს გადალახავენ, პარლამენტში გაცილებით ძლიერი შემადგენლობით შევლენ, მაგრამ იმის გამო, რომ პროტესტულად განწყობილი ელექტორატის ხმები დანაწევრდება, შესაძლოა, ჯამში მოგებული ისევ ნაციონალური მოძრაობა დარჩეს.

ასე რომ, საარჩევნო სტრატეგია ოპოზიციის სერიოზული თავსატეხია.

მეორე პრობლემა ინსტიტუციური ხასიათისაა. ოპოზიციამ ვერ დაიცვა ხმები, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო. მათი წარმომადგენლები ადგილებზე ზოგან მოისყიდეს, ზოგან დააშინეს, ზოგან გადაიბირეს, ზოგან კი ასეთი წარმომადგენლები საერთოდ არ არსებობდნენ. ფაქტია, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ გაერთიანებულმა ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა სრული სურათი, რომელ უბანზე რამდენი ხმა ჰქონდა მიღებული ლევან გაჩეჩილაძეს. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი ოპოზიციის სხვადასხვა ლიდერის საჯარო გამოსვლებში 33%–დან 48%–მდე მერყეობდა. ამგვარი ინფორმაცია კი იგივეა, რაც ინფორმაციის უქონლობა.

შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის მთავარი ამოცანაა, დაიცვას ის ხმები, რომლებსაც მოსახლეობისგან მიიღებს. ამისთვის ყველა საარჩევნო უბანზე უნდა იყოს თუნდაც ერთი ისეთი ადამიანი, რომელსაც ვერც მოისყიდიან, ვერც დააშინებენ და რომელიც ხელს მხოლოდ გაუყალბებელ ოქმს მოაწერს. საკუთარი ხმების სრულად დასაცავად საჭიროა ბევრი სხვადასხვა სახის და შინაარსის რესურსი, რომლის მობილიზაცია დღეს ოპოზიციისთვის უმთავრესი გამოწვევაა.

შემდეგი საფრთხეა საარჩევნო კანონმდებლობა და საარჩევნო ადმინისტრაცია. ოპოზიციის მიერ მიღებულ მემორანდუმში ეს საფრთხე სრულად არის ასახული. თუმცა პრობლემის აღწერა ერთია და მისი გადაჭრა სულ სხვა რიგის ამოცანაა. თუ არჩევნებამდე დარჩენილ დროში საარჩევნო საკითხებზე ხელისუფლებასთან შეთანხმება ვერ მოხერხდა, მხოლოდ ეს ერთი ფაქტორიც საკმარისი შეიძლება აღმოჩნდეს ნაციონალური მოძრაობის გასამარჯვებლად.

შემდეგი საფრთხე საინფორმაციო უზრუნველყოფის დეფიციტია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” ახალი შემოქმედებითი ჯგუფით დაკომპლექტდა, მისი ამოცანა ვერ იქნება და არც უნდა იყოს ოპოზიციის მხარდაჭერა. არადა, დაბალანსებული და კეთილსინდისიერი ტელემაუწყებლობა ერთ თვეში თვისებრივად ახალ საინფორმაციო ველს ვერ შექმნის. ეს კი ანგარიშგასაწევი რისკ–ფაქტორია არჩევნების კონტექსტში.

აღარაფერს ვამბობ დაუზუსტებელ სიებზე, ადმინისტრაციულ რესურსზე, ეთნიკური უმცირესობების ხმებსა და დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობაზე, რაც, ტრადიციულად, დაუძლეველი საფრთხის წყაროა ხელისუფლების ოპონენტებისთვის.

შესაბამისად, ოპოზიციას დიდი ჯაფა მოუწევს წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღესაც იმისათვის, რომ მის ოფიციალურ შედეგში მოსახლეობის მხარდაჭერა ადეკვატურად აისახოს.


XS
SM
MD
LG