Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მწვავე კრიზისი სერბია-ევროკავშირის ურთიერთობაში


სერბიამ გააუქმა დღეისთვის დაგეგმილი ფრიად მნიშვნელოვანი შეხვედრა ევროკავშირთან

- მიზეზია ბელგრადის უკმაყოფილება კოსოვოს საკითხში ევროკავშირის პოზიციის გამო. სერბიის პრემიერ-მინისტრმა ვოისლავ კოშტუნიცამ “ხრიკი” უწოდა ევროკავშირის წინადადებას თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე - “ხრიკი”, რომლითაც, კოშტუნიცას შეფასებით, გამიზნულია სერბიის დაყოლიება კოსოვოს დამოუკიდებლობაზე.

სერბიის და ევროკავშირის ურთიერთობა ჩაშლის პირასაა მისული მას შემდეგ, რაც ბელგრადმა უარყო ევროკავშირის წინადადება, მათ შორის ხელშეკრულების გაფორმებაზე. არადა, ევროკავშირი ბელგრადს სთავაზობს გაადვილებულ სავიზო რეჟიმს, ვაჭრობისა და განათლების სფეროებში პრივილეგირებულ ურთიერთობას. ეს ხდება მას შემდეგ, რაც 2 თებერვლის არჩევნების შედეგად პრეზიდენტის პოსტი შეინარჩუნა ბორის ტადიჩმა: პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსმა, რომელიც ევროკავშირთან დაახლოებისაკენ მიისწრაფვის დამოუკიდებლად იმისა, თუ როგორ მოგვარდება კოსოვოს საკითხი.

მაგრამ განსხვავებულია სერბიის პრემიერ-მინისტრ ვოისლავ კოშტუნიცას პოზიცია: ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ითქვა, რომ კოშტუნიცასთვის მიუღებელია ევროკავშირთან დაახლოება, თუ ბრიუსელმა აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა.

ამდენად, ძნელი ამოსაცნობი არ არის, ვის გულისხმობდა ევროკომისარი ოლი რენი, როცა ოთხშაბათს განაცხადა “ზოგიერთი პოლიტიკოსი ხელს უშლის სერბიასთან შეთანხმებაზე ხელმოწერასო”: [რენის ხმა] “ღრმა სინანულს გამოვთქვამ იმის გამო, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ბელგრადში ხელს უშლის ხვალ შეთანხმების გაფორმებას. ჩემი აზრით, მათ არ ესმით ხმა სერბი ხალხისა, რომელიც გასული კვირის კენჭისყრაში მიემხრო სერბიის ევროპულ მომავალს, უკეთეს ცხოვრებას მოქალაქეთა უფლებების უკეთ დაცვას”.

იქვე ოლი რენმა ევროკომისარმა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში მიუთითა ცვლილებაზე კოშტუნიცას პოზიციაში: [რენის ხმა] “არც თუ დიდი ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა კოტუნიცამ მთხოვა, მეზრუნა სერბიის ევროპული ინტეგრაციის პროცესის გაგრძელებაზე და არ დამეკავშირებინა ეს პროცესი კოსოვოს გარშემო პროცესთან. გაწბილებული ვარ იმით, რომ მან უარი თქვა თავისსავე პოზიციაზე”.

ევროკომისარმა ოლი რენმა ეს განცხადება ოთხშაბათს გააკეთა, ხუთშაბათს კი ევროკავშირმა ისევ მოუწოდა სერბიას ხელშეკრულების გაფორმებისაკენ.

თვით ევროკავშირის წარმომადგენლები - საგარეო საქმეთა მინისტრები - 18 თებერვალს შეიკრიბებიან და, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერენ კოსოვოში 1800-კაციანი მისიის გაგზავნას. ლაპარაკია სამართლის ექსპერტებსა და სამართალდამცველებზე, რომელთაც მრჩეველთა ფუნქცია ეკისრებათ. ეს მისია, ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგნლების განცხადებით, კოსოვოს მიაშურებს სერბიის კრიტიკის მიუხედავად.

თუმცა, საქმე გაცილებით უფრო გართულდება, თუ რუსეთმა მიაღწია მიზანს, რომელზეც ევროკავშირში რუსეთის ელჩმა, ვლადიმირ ჩიჟოვმა ოთხშაბათს განაცხადა: კერძოდ, რუსეთს სურს, გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის დარწმუნება, არ გაუწიოს მხარდაჭერა კოსოვოში ევროკავშირის სამართლის ექსპერტების მისიას.
XS
SM
MD
LG