Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლის პირველობისთვის ბრძოლას კიდევ ერთი რესპუბლიკელი - მიტ რომნი - გამოეთიშა


ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ საპრეზიდენტო მარათონს

ნებაყოფლობით გამოეთიშა კიდევ ერთი შესაძლო კანდიდატი, რესპუბლიკელი მიტ რომნი და ამით, პრაქტიკულად, გზა გაუთავისუფლა თავის თანაპარტიელსა და ყველაზე ძლიერ მეტოქეს - სენატორ ჯონ მაკკეინს. როგორც ჩანს, რესპუბლიკური პარტიის სახელით სწორედ მაკკეინი იყრის კენჭს ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ჯერჯერობით დაუდგენელია ვის დაუპირისპირდება ის დემოკრატთა ბანაკიდან – ჰილარი კლინტონს თუ ბარაკ ობამას.

მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის პირველობისთვის ბრძოლას კიდევ ერთი რესპუბლიკელი - მიტ რომნი - გამოეთიშა, ადვილი სავარაუდო გახდა, თუ ვინ გახდება ჯორჯ ბუშის პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ნოემბრის არჩევნებზე. თითქმის ეჭვგარეშეა, რომ რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატი სენატორი ჯონ მაკკეინი გახდება, რადგანაც მას სერიოზული მოწინააღმდეგე აღარ ჰყავს.

მართალია, 7 თებერვალს მიტ რომნის არ მიუმართავს თავისი ამომრჩევლებისთვის – მხარი დაუჭირონ მაკკეინს, მაგრამ თქვა, რომ უკან დახევის გადაწყვეტილება რესპუბლიკური პარტიის მომავალი წარმატების იმედით მიიღო და სურს დაასრულოს შიდაპარტიული ბრძოლის პროცესი:

(რომნის ხმა) "წინასაარჩევნო კამპანიაში ბრძოლა რომ გამეგრძელებინა რესპუბლიკური პარტიის სექტემბრის ყრილობამდე, – და მინდა იცოდეთ, რომ ამასთან დაკავშირებით ბევრი ვიფიქრე, – ხელს შევუშლიდი ერთიანი საარჩევნო კამპანიის დაწყებას და გამარჯვების მეტ შანსს მივცემდი სენატორ ჰილარი კლინტონს თუ ბარაკ ობამას."

რომნიმ გაითვალისწინა საარჩევნო კამპანიის სიბრძნე: გამარჯვების მეტი შანსი უჩნდება პარტიას, რომელიც რაც შეიძლება ადრე ერთიანდება ერთი კანდიდატის გარშემო. ამიერიდან სენატორ მაკკეინს აღარ მოუწევს, პრაიმერების პროცესში, დაუპირისპირდეს - და ზოგჯერ უხეშადაც - თავის თანაპარტიელს, რაც ისევ მის სახელს აყენებს ჩრდილს.

ჯერჯერობით დაპირისპირებას თავს ვერ აარიდებენ დემოკრატი კანდიდატები ჰილარი კლინტონი და ბარაკ ობამა. ვიდრე პრაიმერი საბოლოო გამარჯვებულს არ გამოავლენს, ხოლო დემოკრატიული პარტია საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად არ დაასახელებს ერთ-ერთ მათგანს, კლინტონი და ობამა ერთმანეთის ძლიერ მეტოქეებად რჩებიან. მათი ბრძოლის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება ფინანსებზეც. ობამას, ამ მხრივ, უკეთესი მხარდაჭერა აქვს, კლინტონს კი, გავრცელებული ცნობით, კანდიდატობისთვის ბრძოლის კამპანიაში უკვე მოუწია საკუთარი თანხის – 5 მილიონი დოლარის - ჩადება.

ამასობაში, რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინი დროს არ კარგავს და ამომრჩევლების წინაშე ლამის უკვე საპრეზიდენტო კანდიდატის რანგში გამოდის:

(მაკკეინის ხმა) "საჯარო სამსახურში ჩემი მოღვაწეობა, თუკი მთლიანობაში გადავხედავთ, კონსერვატორთა ბანაკის ძირითად ხაზს მიჰყვებოდა. დღესაც ისევე მჯერა, როგორც 25 წლის წინათ მჯეროდა, რომ მთავრობა მცირერიცხოვანი უნდა იყოს, უნდა არსებობდეს ფისკალური დისციპლინა, დაბალი გადასახადები, მტკიცე თავდაცვისუნარიანობა... უნდა არსებობდნენ მოსამართლეები, რომლებიც კი არ ქმნიან, არამედ ახორციელებენ ჩვენს კანონმდებლობას... მჯერა, რომ სოციალური ფასეულობები ჩვენი სიმტკიცის ჭეშმარიტი წყაროა... არსებითია ჩვენი ძირითადი უფლებების – სიცოცხლისა და თავისუფლების - დაცვა, ბედნიერებისკენ სწრაფვა... ამას ვიცავდი მთელი ჩემი კარიერის მანძილზე, როგორც ღმერთის ბოძებულს ყველასთვის – დაბადებულთათვის და მათთვისაც, ვინც ჯერ არ დაბადებულა."

ერთადერთი, რაც რესპუბლიკელთა დიდ ნაწილს მაკკეინის წინასაარჩევნო პროგრამაში არ მოსწონს, იმიგრანტების საკითხს უკავშირდება. პრეზიდენტობის შემთხვევაში, ჯონ მაკკეინი მათ შეერთებული შტატების მოქალაქეობის მიღების გამარტივებულ მექანიზმს შესთავაზებს.

ერთი სიტყვით, სენატორ მაკკეინის ბედი თითქმის გადაწყვეტილია. თუმცა რესპუბლიკური პარტია საპრეზიდენტო კანდიდატად მას ოფიციალურად სექტემბერში გამართულ ყრილობაზე დაასახელებს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG