Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის სენატის გზავნილი ნატოს სამიტის წინ


საქართველოს პროდასავლური პოლიტიკური ძალებისთვის ძლიერ არგუმენტად იქცა შეერთებული შტატების სენატის რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოსა და

უკრაინისთვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებას მოკლე ვადებში. შესაბამისად, საქართველო-ნატოს ურთიერთობის საკითხი 14 თებერვლის ერთ-ერთი უმთავრესი პოლიტიკური თემა გახდა და მას საქართველოში რამდენიმე შეხვედრა და დისკუსია მიეძღვნა, მათ შორის, პირდაპირი ვიდეოხიდის რეჟიმში, უკრაინასა და საქართველოს შორის.

უკრაინასა და საქართველოს შორის ვიდეოხიდის გამართვის იდეა რუსეთის საინფორმაციო სააგენტო ”რია-ნოვოსტის” ეკუთვნოდა, თუმცა სააგენტოს ქართული სამსახურის ოფისში მისული ჟურნალისტები ერთობ არათანაბარი ძალების პაექრობის მოწმენი გახდნენ. უკრაინის მხრიდან ნატოში გაწევრიანების დადებით და უარყოფით მხარეზე საუბრობდა ერთბაშად ორი ძლიერი საპარლამენტო პარტიის, ”ჩვენი უკრაინისა” და ”რეგიონთა” პარტიის, წარმომადგენელი პარლამენტარი, ასევე - უკრაინის კონფლიქტოლოგიისა და პოლიტიკური კვლევების ცენტრის დირექტორი მიხეილ პოგრებინსკი. საქართველოს მხრიდან კი ვიდეოხიდში არ მონაწილეობდა პარლამენტის არც ერთი წევრი, რომელთაც, ეტყობა, მიაჩნიათ, რომ ნატოში ქვეყნის გაწევრიანების საკითხზე პოლიტიკური კონსენსუსი საბოლოოა. თუმცა ასე არ ფიქრობს პარტია ”იმედის” თავმჯდომარე ირინა სარიშვილი, რომელიც ვიდეოხიდის დროს ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ არსებობს ნატოში გაწევრიანების ალტერნატივა, ნეიტრალიტეტის სახით:

[ირინა სარიშვილი] ”საქართველოს უსაფრთხოების გარანტი არის ერთადერთი რამ - ეს არის ნეიტრალიტეტი, ანუ ქვეყანასთან ნორმალური ურთიერთობა, საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე.”

თუმცა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში ირინა სარიშვილმა განაცხადა, სწორედ შეერთებული შტატები უნდა გახდეს საქართველოსთვის ნეიტრალიტეტის გარანტი, რათა არ განმეორდეს 1918-21 წლების ისტორიული კატასტროფა, როდესაც, ნეიტრალიტეტის მიუხედავად, საქართველო ვერ გადაურჩა ანექსიას საბჭოთა რუსეთის მხრიდანო:

[ირინა სარიშვილი] ”იცით, მოდით, რა, 1918-21 წლებს მაინც დღევანდელ დღეს ნუ შევადარებთ, იმიტომ რომ სულ სხვა სიტუაციაა. ის, რომ დღეს საქართველოში ამერიკული ინტერესი დიდია, - მაშინ ნამდვილად არ იყო ასეთი ზომის ინტერესი, - ამაში მე არათუ ცუდს ვერაფერს ვხედავ, არამედ, პირიქით, ძალიან კარგია და ეს გვაძლევს ჩვენ არა რუსული ორიენტაციის, არამედ ნეიტრალიტეტზე საუბრის საშუალებას.”(სტილი დაცულია)

თუმცა ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს არა საქართველოს ნეიტრალიტეტის, არამედ ქვეყნისთვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებას, თანაც - მოკლე ვადებში. ამერიკის სენატის 13 თებერვლის რეზოლუციაში, საქართველოს გარდა, მოხსენიებულია უკრაინაც, რომლის პოლიტიკურმა ლიდერებმა ერთი თვის წინ თხოვნით მიმართეს ალიანსის ხელმძღვანელობას ქვეყნის მაპში, ანუ გაწევრიანების სამოქმედო გეგმაში, ჩართვის თაობაზე. თუმცა, როგორც ქართულ-უკრაინულ ვიდეოხიდში მონაწილე უკრაინელმა დეპუტატმა, მმართველი დემოკრატიული კოალიციის წევრმა ოლეს დონიმ განაცხადა, უკრაინის პოლიტიკური ელიტა ამ საკითხში ერთმანეთთან სერიოზულად არის დაპირისპირებული და, როგორც გაირკვა, ერთსულოვნება თავად მმართველ კოალიციაშიც არ არსებობს:

[ოლეს დონი] ”ამ წლის განმავლობაში ნატოში გაწევრიანების საკითხი არ არის აქტუალური უკრაინაში და ამაზე საუბრობს ყველა ჩვენი პოლიტიკოსი როგორც საპარლამენტო კოალიციაში, ისე ოპოზიციაში.”

საქართველოში კი ნატოში გაწევრიანების, როგორც უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტის, საკითხზე პოლიტიკური კონსენსუსია. თუმცა საქართველოს პოლიტიკური რეალობის მთავარი ხარვეზი ის არის, რაც უკრაინამ, შიდა წინააღმდეგობის მიუხედავად, წარმატებით დაძლია. საქართველო ბოლომდე ვერ ახერხებს ისეთი არჩევნების ჩატარებას, რომელიც განმუხტავდა შიდა დაძაბულობას. ასეთ ვითარებაში კი, პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის აზრით, საქართველოსთვის მაპის მოკლე დროში მიღების გარანტია ვერც ვაშინგტონის მხარდაჭერა იქნება:

[სოსო ცინცაძე] ”ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ სასურველ შედეგს ბუქარესტის [ნატოს] სამიტზე ვერ მივიღებთ. მაგრამ ეს ტრაგედიად არ უნდა ვაქციოთ. პოლიტიკაში ყველაზე ცუდი - ეს არის, წინასწარვე რომ იცი გაუნაღდებელი თამასუქების გაცემა.”[სტილი დაცულია]

გაუნაღდებელი თამასუქების გაცემას საქართველოს ხელისუფლება აღარ აპირებს. იანვრის ბოლოს სტრასბურგში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ ქვეყანას ნატოში გაწევრიანებამდე გრძელი გზა აქვს გასავლელი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG