Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გზაგასაყარი საპარლამენტო არჩევნების წინ


ოპოზიცია 22 თებერვლიდან პროტესტის უფრო მძიმე ფორმაზე გადადის, თუ მანამდე არ დაკმაყოფილდა სამი პირობა:

პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გადადგომა. რა არის მოსალოდნელი სამომავლოდ: მეტი კონფრონტაცია თუ, მაინც, კონსენსუსისკენ სწრაფვა?

დღეს, შესაძლოა, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილმა იცოდეს, როგორი იქნება საქართველოს სახელმწიფო რამდენიმე თვის შემდეგ – უფრო მეტად მიდრეკილი დემოკრატიისკენ თუ კიდევ უფრო მკაცრად მართული რამდენიმე პარტიული ლიდერის მიერ. ოპოზიციას ამ კითხვის პასუხი არ გააჩნია. არადა, საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ დროში ბევრი რამ უნდა გადაწყდეს. საკითხი ასე დგას: ვინ მოიგებს არჩევნებს, ვინ დააკომპლექტებს უმრავლესობას – დღევანდელი ხელისუფლება თუ დღევანდელი ოპოზიცია?

ნაციონალური მოძრაობის მთავარი სათქმელი პრეზიდენტის მომხრეების მიმართ, ალბათ, ამგვარი იქნება: „ძლიერი საპრეზიდენტო ხელისუფლების პირობებში, პარლამენტში ოპოზიციის მოსვლა დიდ საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის სტაბილურობას; ამიტომ ხმა მოგვეცით ჩვენ – მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ გუნდს“. ოპოზიციური ლიდერები კი, თავის მხრივ, ალბათ, ასე განმარტავენ საკუთარ ფუნქციას ახალ პარლამენტში: „მოგვეცით ხმა, რომ უმრავლესობით მოვიდეთ, პრეზიდენტის ძალაუფლება დავაბალანსოთ და ქვეყანაში წონასწორობა შევინარჩუნოთ.“

ორივე მხარემ იცის, რომ საზოგადოების პოლიტიკური განწყობის ადეკვატურად ასახვისთვის, სულ მცირე, საარჩევნო კანონმდებლობა და საარჩევნო კომისიები უნდა შეიცვალოს. ლევან თარხნიშვილის პოსტზე ისეთი ადამიანის მისვლა, რომელიც მეტ–ნაკლებად მისაღები იქნება ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც, გაცილებით აამაღლებს საზოგადოების ნდობას ამ კომისიისა და, ზოგადად, არჩევნების შედეგების მიმართ. ზუსტად იგივე ეხება საზოგადოებრივ მაუწყებელსაც.

მაგრამ საქმე ისაა, რომ თავისუფლება გამჭოლი მოვლენაა. არ შეიძლება, ქვეყნის ცხოვრების ერთი ან ორი მნიშვნელოვანი სფერო გათავისუფლდეს პოლიტიკური გავლენებისგან და სხვა სფეროებზე ასეთი გავლენა დიდხანს შენარჩუნდეს. სინამდვილეში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გათავისუფლება ხელისუფლების წნეხისგან იმას ნიშნავს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ბიზნესი, მედია, სასამართლო და კიდევ ბევრი სხვა სფეროც მის კვალს დაადგეს.

ამიტომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის გენერალური დირექტორის შეცვლის მოთხოვნა მხოლოდ ერთი შეხედვით ნიშნავს იმას, რომ არჩევნების წინ ოპოზიცია მინიმალურ გარანტიებს ითხოვს. საპარლამენტო სინამდვილეში, თუ ხელისუფლებამ ამ ცვლილებებისთვის მზადყოფნა დაადასტურა, ეს იქნება მკაფიო ნიშანი, რომ თანდათან ქვეყანაში კიდევ ბევრი რამ შეიცვლება. შეიცვლება მართვის სტილი, შეიცვლება დამოკიდებულება პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, შეიცვლება დემოკრატიისა და, შესაბამისად, თავისუფლების ხარისხი. თუ ეს მოხდა, ცხადია, დღემდე არსებული კონფრონტაციული რეჟიმიდან პოლიტიკური სპექტრი დიალოგის რეჟიმზე გადავა.

ის ცვლილებები, რომლებსაც ოპოზიცია დაჟინებით ითხოვს, ერთი მხრივ, მათ მიერ მიღებული მემორანდუმის მხოლოდ მცირე ნაწილია; მეორე მხრივ კი, სწორედ ამ პუნქტების შესრულება ან არშესრულება განსაზღვრავს, მოექცევა თუ არა ქვეყანა თვისებრივად ახალ, გაცილებით დემოკრატიულ კალაპოტში. ამიტომაც არის საფიქრებელი, რომ დღეს, შესაძლოა, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილმა იცოდეს, მზად არის თუ არა იგი, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ოპოზიციის პირობების დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, თუ ზემოთ ხსენებულ ორ პოსტზე ცვლილებები გაჯანჯლდება ან დაიბლოკება, ცხადია, ყველა სხვა სფეროშიც ძველი ტენდენციები შენარჩუნდება და კონფრონტაციული ფონი კიდევ მეტად გამუქდება.

საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი იქნება სახელისუფლო პარტიის საარჩევნო სიაც. თუ ამ სიის გამსვლელ ადგილებს ის პარტიული ლიდერები დაიკავებენ, რომელთა მიმართ საზოგადოების ნდობა დაბალია, გამოვა, რომ პრეზიდენტი უმაღლეს არჩევით ორგანოში ისევ ძველი, ბევრისთვის უსიამოვნო, სახეებით ბრუნდება. მაგრამ თუ სახელისუფლო საარჩევნო სია უფრო მეტად უპარტიო ადამიანებით დაკომპლექტდება, გამოვა, რომ პრეზიდენტი პარტიულ ინტერესზე წინ დააყენებს საკუთარი ფუნქციის შეცვლის ამოცანას: პარტიის ლიდერობის ჩანაცვლებას სხვადასხვა ძალისა და სხვადასხვა მსოფლხედვის გამაერთიანებელი ლიდერის ფუნქციით.

ასე რომ, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოს სახელმწიფო დგას ერთგვარ გზაგასაყარზე, სადაც პრეზიდენტმა პრინციპული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მეტი ძალის ან მეტი თავისუფლების სასარგებლოდ და საკუთარი სამომავლო ფუნქციაც მკაფიოდ განსაზღვროს.

XS
SM
MD
LG