Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

19 თებერვალს სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა


სომხეთში საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილი მწვავე დაპირისპირებებისა და მასშტაბური მიტინგების მიუხედავად,

საპრეზიდენტო არჩევნები მაინც ჩატარდა. თუმცა ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა - ქვეყანა საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის მწვავე დაპირისპირებას კვლავაც მოელის.

ვიდრე ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურებოდა, საპრეზიდენტო კანდიდატები უკვე საუბრობდნენ არჩევნების დარღვევებით ჩატარებაზე. ბრალდებებს ყველაზე კატეგორიულად გამოხატავდნენ ოპოზიციონერი კანდიდატები: ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი და პარლამენტის ყოფილი სპიკერი არტურ ბაღდასარიანი.

პოლიტიკაში 10-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა ტერ-პეტროსიანმა, რომლის მხარდასაჭერადაც სომხეთში ბოლო პერიოდში რამდენიმე ასეულ-ათას-კაციანი მიტინგები იმართებოდა, რადიო “თავისუფლებასთან” საუბრისას უკმაყოფილება გამოხატა არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით:

(ტერ-პეტროსიანის ხმა) "ჩემი ინფორმაციით, ძალიან ბევრი ცუდი რამ ხდება."

"ბევრი ცუდი რამ", რაზეც ყოფილი პრეზიდენტი საუბრობდა, ოდნავ მოგვიანებით მისი საარჩევნო შტაბის მდივანმა არმან მუსინიანმა განმარტა. მან ისაუბრა საარჩევნო ურნებში ყალბი ბიულეტენების მასობრივ ჩაყრასა და ელექტორატის მოსყიდვაზე. ითქვა ასევე, რომ დღის მანძილზე ფიზიკურად გაუსწორდნენ ტერ-პეტროსიანის მომხრეებს.

დაახლოებით იმავე ტიპის ბრალდებებზე საუბრობდა ბაღდასარიანი და მისი საარჩევნო შტაბი და შემთხვევათა გამოძიებას მოითხოვდა. ვრცელდებოდა ცნობა ჟურნალისტების ფიზიკური შეურაცხყოფის თაობაზე.

იმისათვის, რომ 9 კანდიდატიდან რომელიმემ პირველსავე ტურში გაიმარჯვოს, ამომრჩეველთა ხმების 50-ზე, სულ მცირე, 1 პროცენტით მეტი მაინც უნდა აიღოს. მოელიან, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს სერჟ სარქისიანი, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის მიერ მხურვალედ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი. სამშაბათს დილით, როცა სარქისიანი კენჭისყრაზე გამოცხადდა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ შედეგებს ისეთი მნიშვნელობა არა აქვს, როგორც მიმდინარეობას:

(სარქისიანის ხმა) "ჩემთვის ყველაზე მთავარია, რომ არჩევნებმა კარგად ჩაიაროს და რომ შედეგების მიმართ ნდობა მაღალი იყოს. მნიშვნელობა არა აქვს პირველ ტურს, მეორე ტურს..."

მოელიან, რომ სარქისიანი არჩევნებს პირველსავე ტურში მოიგებს, თუმცა ყველას აინტერესებს, რა მოხდება ამის შემდეგ.

ლონდონელ ექსპერტს კავკასიის საკითხებში, "ომისა და მშვიდობის გაშუქების" ინსტიტუტის თანამშრომელს ტომ დე ვაალს უჭირს იმის თქმა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები:

(ვაალის ხმა) "ვფიქრობ, რომ სიტუაცია სომხეთში საკმაოდ დამაფიქრებელია, რადგანაც ოპოზიცია, ალბათ, არ აღიარებს სერჟ სარქისიანის გამარჯვებას პირველ ტურში. ვფიქრობ, ოპოზიცია უკვე ემზადება საპროტესტო აქციებისთვის. ერთი სიტყვით, საკმაოდ არაპროგნოზირებადი სიტუაციაა."

ოპოზიცია საპროტესტო აქციებისთვის უკვე ემზადება. ტერ-პეტროსიანის მომხრეებმა ჯერ კიდევ არჩევნების წინა დღეებში დადეს პირობა, რომ საკუთარ ხმას ბოლომდე დაიცავდნენ.

არჩევნების პირველი ოფიციალური შედეგები ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით, 23 საათისთვის გახდება ცნობილი. შუადღისას კი, მოელიან, რომ არჩევნების პროცესის შეფასებას საზოგადოებას ეუთო გააცნობს. აქვე ვთქვათ, რომ სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნებს ეუთოს 316 მეთვალყურე ესწრებოდა.



  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG