Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილება საარჩევნო კოდექსის ცვლილებებისა და დამატებების პროექტი


საქართველოს პარლამენტში გრძელდება საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტის განხილვა.

პროექტი საარჩევნო კოდექსის კონსტიტუციური ცვლილებების შესაბამისად შესწორებას და საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ გამოთქმული მოსაზრებების კანონში გათვალისწინებას ისახავს მიზნად.

ცვლილებების პროექტის ერთ–ერთი მთავარი ავტორის, დეპუტატ პავლე კუბლაშვილის, განცხადებით, კოდექსის შესწორების, ანუ მასში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ, საარჩევნო კანონმდებლობა არსებითად დაიხვეწება. მისი განმარტებით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პროექტი რამდენიმე ძირითად შესწორებას ითვალისწინებს. კერძოდ, საპარლამენტო არჩევნებზე დამატებითი სიები აღარ იქნება და, შესაბამისად, გაუქმდება არჩევნების დღეს ამომრჩევლების რეგისტრაცია, რასაც ხელისუფლების ოპონენტები არჩევნების შედეგების გაყალბების ერთ-ერთ მთავარი წყაროდ აცხადებდნენ. მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ასევე საოლქო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის შეცვლას, რომელიც, პროექტის თანახმად, შემდეგ სახეს მიიღებს:

[პავლე კუბლაშვილის ხმა] “ამ არჩევნებისათვის საოლქო კომისიაში იქნება პარტიული წარმომადგენლობა,ზუსტად იმავე პრინციპით, რა პრინციპითაც ეს იყო საუბნო და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დონეზე. შესაბამისად, თითო კომისიის წევრი ეყოლება 6 სხვადასხვა ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენელს ამ კომისიებში, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, ოლქს უბრუნდება ყველა ის ფუნქცია, რაც უკავშირდებოდა არჩევნების შეჯამების საკითხს, რაც უკავშირდებოდა ზოგადად მაჟორიტარული არჩევნების საკითხებს და ასე შემდეგ, მათ შორის, უბნების გაბათილების საკითხებს.“ (სტილი დაცულია)

დეპუტატ პავლე კუბლაშვილის განმარტებით, ცვლილებები ეხება ასევე ვიდეოთვალის ჩანაწერის გამოქვეყნებისა და გამოყენების, ასევე არჩევნების შედეგების გასაჩივრების წესს. მოშიმშილე დეპუტატის, გია თორთლაძის, განმარტებით, ოპოზიციის მემორანდუმი თავისუფალი არჩევნების ხელშემწყობ კიდევ მრავალ ცვლილებას მოითხოვს:

[გია თორთლაძის ხმა] “არის ცესკოს საკითხი გადასაწყვეტი, იქ არის დავების საკითხი, არბიტრაჟის საკითხი, ბევრი საკითხია, რომელიც პაკეტშია ასხმული. იქ პარიტეტზეა საუბარი, იქ არის ოლქების ჭადრაკისებურად დაკომპლექტებაზე საუბარი. სადაც სახელისუფლებოა თავმჯდომარე, იქ უნდა იყოს მდივანი ოპოზიციიდან ან პირიქით და ასე შემდეგ. მოკლედ, ბევრი რამ არის და ბევრი მოთხოვნები გვაქვს ჩვენ.“ (სტილი დაცულია)

საარჩევნო კოდექსის ცვლილებებისა და დამატებების პროექტში რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის გამო პრეტენზიას, თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც გამოხატავენ:

[გიორგი ჩხეიძის ხმა] “არის გარკვეული სფეროები, რომლებიც კვლავ ღია რჩება და პრობლემატური, როგორიცაა წინასაარჩევნო კამპანიის დროს რესურსის გამოყენების ნორმები. კვლავ ვერ ვხედავთ, რომ რაიმე იცვლება; საჯარო მოხელეების მონაწილეობაზეც ვერ ვხედავთ, რომ რაიმე დეფინიცია და დაზუსტება ხდება. აქ არის ფარულ პოლიტიკურ რეკლამაზე საუბარი. საუბარია ასევე უფრო ეფექტურ მექანიზმებზე, რომ გამჭვირვალე იყოს ფონდების საქმიანობა. ის ვადა, რაც დადგენილი იყო ფონდის გახსნიდან პირველი ანგარიშგების, ჩვენ ვამბობთ, რომ აუცილებელია ამ ვადის უფრო შევიწროება, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს პარტიას, სუბიექტს ჰქონდეს ვალდებულება პირველადი ინფორმაცია ფონდის ხარჯვასთან დაკავშირებით წარუდგინოს.“ (სტილი დაცულია)

ამბობს ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე გიორგი ჩხეიძე. ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაციის” დირექტორის მოადგილე კახა სოფრომაძე კი გარკვეულ პოზიტიურ შედეგებსაც აღნიშნავს:

[კახა სოფრომაძის ხმა] “გარკვეული სახის ცვლილებები და შენიშვნები შესულია - ის, რაც გასაჩივრების საკითხს ეხება, ის, რაც საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესს ეხება და ასე შემდეგ. კვლავ ღიად რჩება მაჟორიტარების საკითხი, რომელიც, ალბათ, შესათანხმებელია პოლიტიკურად პოლიტიკურ ოპოზიციასთან. ვნახოთ, განხილვა მიმდინარეობს და რას მიიღებენ ბოლოში, უფრო მნიშვნელოვანი იქნება.“ (სტილი დაცულია)

საარჩევნო კოდექსში უნდა აისახოს ასევე დეპუტატთა რაოდენობაც, რაც, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში, მოითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებასაც. ვგულისხმობთ ინიციატივას საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდისა და რეფერენდუმით მიღებული გადაწყვეტილების შესაძლო შეცვლის შესახებ. არ არის გამორიცხული, რომ უკვე განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის რეფერენდუმის მოთხოვნების შესაბამისად შესწორებული საარჩევნო კოდექსი უახლოეს ხანში კიდევ ერთხელ გახდეს შესწორების საგანი. ამ ეტაპზე კი ცვლილებების პროექტის მესამე განხილვა პარასკევს, 21 მარტს, იგეგმება.
XS
SM
MD
LG