Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლის განცხადებით, ჩრდილოეთი კორეა სირიას ატომური რეაქტორის მშენებლობაში ეხმარებოდა


შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეას ბრალს სდებს, რომ ის სირიას გასაიდუმლოებული ატომური რეაქტორის მშენებლობაში ეხმარებოდა

- რეაქტორისა, რომელიც ”მშვიდობიანი მიზნებისთვის” არ იყო განკუთვნილი. თეთრი სახლის მტკიცებით, ეს ამბავი მსოფლიოსთვის ”საშიშ და პოტენციურად დესტაბილიზაციის მომტან” ფაქტორს წარმოადგენს. სირია შეერთებული შტატების ამ ბრალდებებს ”ფანტაზიის ნაყოფს” უწოდებს.

ხუთშაბათს, 24 აპრილს, გავრცელებულ განცხადებაში თეთრი სახლი ამბობს, რომ 2007 წლის 6 სექტემბრამდე სირია ”გასაიდუმლოებულ ატომურ რეაქტორს” აშენებდა ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე უდაბნოში. განცხადების თანახმად, ამ რეაქტორს პლუტონიუმის წარმოება უნდა შესძლებოდა.

თეთრი სახლის წარმომადგენლის, დანა პერინოს, თქმით, ეს რეაქტორი მნიშვნელოვნად დაზიანდა ისრაელის სამხედრო ავიაციის მიერ მიტანილი იერიშის დროს.

ამასთან, პერინოს განცხადებით, დამასკი რეაქტორის არსებობის დამალვას ცდილობდა, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს თეთრი სახლის ეჭვს, რომ ეს რეაქტორი ”მშვიდობიანი ქმედებებისთვის არ იყო განკუთვნილი”.

თეთრი სახლის განცხადებას წინ უძღოდა სადაზვერვო სტრუქტურების წარმომადგენლებს - მათ შორის, დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს უფროს მაიკლ ჰეიდენს - და ამერიკელ კანონმდებლებს შორის დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრა. კანონმდებლებს უჩვენეს ვიდეოფირი, რომელიც სირიის რეაქტორში იყო გადაღებული.

შეხვედრის შემდეგ ინფორმაციის ნაწილი - ვიდეოფირის ნაწყვეტების ჩათვლით - მედიის წარმომადგენლებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა:

”ობიექტის სურათები და მისი ადგილმდებარეობა მიანიშნებს, რომ სირია ობიექტის არსებობის გასაიდუმლოებას ცდილობდა. ამ გასაიდუმლოებული ატომური აქტივობის კვალის წაშლის მიზნით, სირია სწრაფად ამოქმედდა - რეაქტორის შენობა დაანგრია და მიწაში ჩაფლა და მაკომპრომეტირებელი აპარატურა გადამალა. სავარაუდოდ, ამგვარი ნაბიჯებით საერთაშორისო ინსპექტორებს რეაქტორის ნამტვრევების ამოცნობა უნდა გასძნელებოდათ - ეს კი მშვიდობიან ატომურ მიზნებთან წინააღმდეგობაში მოდის.”

ამასთან, შეერთებული შტატების თქმით, ვიდეოფირზე აღბეჭდილი სურათებით მტკიცდება, რომ ამ გასაიდუმლოებული ობიექტის შიგნით ჩრდილოკორეელები მუშაობდნენ და რომ ობიექტი, რომელიც ვიდეოფირმა აღბეჭდა, ძალიან ჰგავს იონგბიონის ატომურ სადგურს ჩრდილო კორეაში:

”ყურადღება მიაქციეთ, რომ სირიის რეაქტორში, მარცხნივ, მილების ვერტიკალური დაბოლოება განლაგებით ჰგავს ჩრდილო კორეაში იონგბიონის პლუტონიუმის მწარმოებელი რეაქტორის მარჯვენა სურათს. ჩვენი შეფასებით, სირიული რეაქტორი ზომით და შესაძლებლობებით ჩრდილო კორეის ამ რეაქტორს ჰგავს. ბოლო 35 წლის განმავლობაში ამგვარი რეაქტორი - რომელიც გაზით გრილდება და გრაფიტითაა მოდერირებული - მხოლოდ ჩრდილო კორეამ ააშენა.”

შეერთებული შტატების ოფიციალური პირების თქმით, რეაქტორს საწვავი არ ჰქონდა; სხვა მხრივ კი, ობიექტის ამუშავება 2007 წლის აგვისტოდან უნდა გამხდარიყო შესაძლებელი.


დანა პერინოს განცხადებით, სირიამ ეს თავისი ”უკანონო ატომური აქტივობა” ღიად უნდა ახსნას. ამასთან, პერინოს თქმით, ამ ამბით მტკიცდება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ირანის ატომური ქმედებების გამო გამოთქმული შეშფოთება მართებული იყო.

შეერთებულ შტატებში სირიის ელჩი, იმად მუსტაფა, ინფორმაციას უარყოფს - ტელეკომპანია ”სი-ენ-ენისთვის” მიცემულ ინტერვიუში ელჩმა შეერთებული შტატების ბრალდებებს ”ფანტაზიის ნაყოფი” უწოდა. იმად მუსტაფას თქმით, ერაყის მაგალითი მოწმობს, რომ შეერთებული შტატები სხვა ქვეყნებში მიმდინარე ატომურ პროგრამებზე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს ხოლმე.

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო ამბობს, რომ ის შეერთებული შტატების ბრალდებებს ”სათანადო სერიოზულობით მოეკიდება” და ინფორმაციის სისწორეს გამოიძიებს. ამასთან, სააგენტოს ხელმძღვანელმა მოჰამედ ელ-ბარადეიმ შეერთებული შტატები გააკრიტიკა იმის გამო, რომ სირიის ატომური აქტივობის შესახებ ინფორმაცია მას ამ დრომდე არ მიაწოდეს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG