Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩერნობილის ტრაგედიიდან 22 წლის შემდეგ პოსტსაბჭოთა სივრცეში ”მწვანე ცნობიერება” კვლავაც სუსტია


შაბათს, 26 აპრილს, 22 წელი შესრულდა ჩერნობილის ტრაგედიიდან, რომელსაც დღეს მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ეკოლოგიურ კატასტროფას ვუწოდებთ.

ჩერნობილის ატომურმა კატასტროფამ ერთგვარი ბიძგი მისცა გარემოსდაცვითი ცნობიერების განვითარებას, ცნობიერებისა, რომელიც საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში, მართლაც, შესამჩნევად მოძლიერდა. მაგრამ დღეს უკვე ცხადია, რომ სისტემურმა და ეფექტიანმა მწვანეთა მოძრაობამ პოსტსაბჭოთა რეგიონში მაინც ვერ დაიმკვიდრა თავი.

2002 წლის მიწურულს ყაზახეთის მთავრობა ის-ის იყო ამთავრებდა მუშაობას სხვა ქვეყნებიდან ბირთვული ნარჩენების იმპორტისა და შენახვის გეგმაზე. ოფიციალურ პირებს იმედი ჰქონდათ, რომ ეს გეგმა 20 მილიარდი ამერიკული დოლარის ოდენობის მოგებას მოუტანდა ქვეყანას.

მაგრამ შემდეგ უცნაური რამ მოხდა. გარემოს დამცველმა ორგანიზაციებმა საპროტესტო კამპანია წამოიწყეს; ადგილობრივმა ხალხმა ბევრი წერილი მისწერა კანონმდებლებს. და რამდენიმე კვირის შემდეგ ბირთვული ნარჩენების იმპორტის გეგმა აღარ არსებობდა.

ეს უდიდესი გამარჯვება იყო ყაზახეთში მოქმედი გარემოს დამცველებისთვის - მოძრაობისთვის, რომელსაც დასაბამი 1986 წელს მომხდარმა ჩერნობილის კატასტროფამ დაუდო.

მაგრამ ეს გამარჯვება ერთგვარი გამონაკლისი იყო. ახლა, როდესაც მსოფლიო ჩერნობილის ტრადეგიის 22-ე წლისთავს აღნიშნავს, პოსტსაბჭოთა სივრცეში მწვანეთა მოძრაობა დანაწევრებული და საკმაოდ სუსტია.

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება ენერგიის ინტენსიურმა მოჭარბებამ გამოიწვია - რეაქტორს ათასტონიანი სახურავი გადახადა და თავდაპირველად ორი ადამიანი იმსხვერპლა. 29 მაშველი კიდევ სამი თვის განმავლობაში გარდაიცვალა. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს შეფასებით, კატასტროფამ, მსოფლიოს მასშტაბით, მხოლოდ 4,000 ადამიანი შეიწირა. მაგრამ გრინპისი და გარემოს დამცველი სხვა ორგანიზაციები ამბობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა ასიათასობით ადამიანს აღწევს.

მაგრამ ამგვარი მძიმე სურათის მიუხედავად, ჩერნობილის სიახლოვეს მდებარე ქვეყნებში ეკოლოგიური ცნობიერება პოლიტიკოსების ყურადღებას ნაკლებად იპყრობს. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ბელორუსია, რუსეთი და ყაზახეთი, ავტორიტარული რეჟიმების დამყარებამ მნიშვნელოვნად შეასუსტა გარემოს დამცველი ორგანიზაციები.

55 წლის ალექსანდრ ველიკინი რუსი ”ლიკვიდატორია” - ასე უწოდებდნენ ჩერნობილში გაგზავნილ მაშველებს. დღეს ის ჩერნობილის კავშირის თავმჯდომარეა და ამბობს, რომ მის ქვეყანაში მწვანეთა მოძრაობის განვითარებას პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობა აფერხებს:

”მწვანეთა მოძრაობები ძლიერია ისეთ ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური რეჟიმი სტაბილურია, ხალხი, დიდწილად, მშვიდად არის თავის მომავალზე ფიქრისას, სადაც ის უზრუნველყოფილია და ლუკმაპურის ან სიცოცხლისთვის აუცილებელი წამლის მოპოვება პრობლემას არ წარმოადგენს.”

პოსტსაბჭოთა ქვეყნების დიდ უმრავლესობაში ყოველივე ეს ჯერ კიდევ ფუფუნებას წარმოადგენს - და, შესაბამისად, იქ გარემოს დამცველებს დიდი სირთულეები ხვდებათ.

რუსმა აქტივისტებმა, მაგალითად, 2001 წელს ვერ შეძლეს ბირთვული ნარჩენების იმპორტის გეგმის შეჩერება. ამასთან, 2030 წლისთვის მოსკოვი 40 ახალი რეაქტორის აშენებას აპირებს, მწვანეების პროტესტის მიუხედავად. ბელორუსია, სადაც რადიაციული დაბინძურების შემოწმებას დღემდე ექვემდებარება რძე და ბევრი სხვა პროდუქტი, ასევე გეგმავს ატომური სადგურის აშენებას.

თუმცა უწინ სხვაგვარი ვითარება იყო. ბევრი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ჩერნობილის კატასტროფიდან 1991-ში საბჭოთა კავშირის დაშლამდე გასული წლები გარემოს დაცვითი აქტივიზმისთვის ძალიან ეფექტიანი პერიოდი იყო.

გრინპისის რუსეთის წარმომადგენლობის ატომური ექსპერტი ვლადიმირ ჩუპროვი ამბობს, რომ ჩერნობილმა თავიდან დიდი ბიძგი მისცა გარემოს დამცველთა კამპანიას:

”ჩერნობილის კატასტროფამ შეცვალა ხალხის ცნობიერება, მათი დამოკიდებულება გარემოსთან, ტექნიკურ პროგრესთან, რასაც ყოველთვის სიკეთე არ მოაქვს, და იმ ფაქტთან, რომ ბირთვული ენერგეტიკის საკითხში სიფრთხილეა საჭირო.”

კატასტროფიდან ძალიან მალე ფიზიკოსებმა და სხვა მეცნიერებმა ბირთვული უსაფრთხოების გაზრდისთვის დაიწყეს ბრძოლა. და როდესაც საბჭოთა ლიდერის, მიხეილ გორბაჩოვის მიერ შემოღებულმა ”პერესტროიკის” და ”გლასნოსტის” იდეოლოგიამ ფეხი მოიკიდა, ფართო საზოგადოებამაც დაიწყო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მოთხოვნა.

უკრაინაში გარემოს დამცველთა მოძრაობა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პარალელურად განვითარდა. ბელორუსიაში ”მწვანე ცნობიერების” გაძლიერებამ რესპუბლიკის პირველი პოსტსაბჭოთა ლიდერის, სტანისლავ შუშკევიჩის, პოლიტიკური აღმასვლა განაპირობა.
ლონდონის კინგსტონის უნივერსიტეტის რადიოლოგიის ექსპერტი, ჩერნობილის კატასტროფის ისტორიის მკვლევარი ალან ფლაუერსი იხსენებს:

”სტანისლავ შუშკევიჩი საზოგადოებაში ცნობილი უწინარესად იმით გახდა, რომ ფიზიკოსი იყო, კარგად ესმოდა როგორც ჩერნობილის ტრაგედიის ფართომასშტაბიანი შედეგები, ისე საზოგადოების ინფორმირების აუცილებლობა. ბელორუსიაში ჩერნობილის კატასტროფაზე ინფორმაციის გავრცელებამ ის ხალხის დამცველად აქცია.”

მაგრამ ჩერნობილის კატასტროფით დამუხტულ გარემოსდაცვით მოძრაობას 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ძალა მნიშვნელოვნად გამოეცალა. პოსტსაბჭოთა ქვეყნების მთავარი საზრუნავი ეკონომიკური საკითხები გახდა. ეკოლოგიამ კი აქტუალობა დიდწილად დაკარგა.

ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი დამკვიდრდა, რაც გარემოსდაცვითი დამოუკიდებელი მოძრაობების განვითარებას აფერხებს. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი ბელორუსიაა - ქვეყანა, რომელსაც ჩერნობილის კატასტროფამ ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა. დამკვირვებელთა თქმით, პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას ავტორიტარული რეჟიმი პროტესტის ნემისმიერ გამოვლინებას ახშობს და გარემოს დამცველთა აქტივობა ნამდვილად არ არის გამონაკლისი.

თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ ამგვარი ვითარებაც, თავისთავად, შესაძლოა დროებითი მოვლენა აღმოჩნდეს. გარემოს დამცველებს იმედი აქვთ, რომ დროთა განმავლობაში მათი საქმიანობის - და, ზოგადად, ეკოლოგიური საკითხების - მიმართ საზოგადოების ინტერესი პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც გაიზრდება. მანამდე კი აქტივისტები ჩერნობილის კატასტროფის დღეს - 26 აპრილს - ყოველწლიურად გამოიყენებენ იმისათვის, რომ ადამიანებს გარემოს დაცვის აუცილებლობა კიდევ ერთხელ შეახსენონ.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG