Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირის მიმოხილვა


გასულ სამუშაო კვირაში ქვეყანა წინასაარჩევნო რიტმში ცხოვრობდა, თუმცა შიდაპოლიტიკური კონკურენცია აშკარად დაიჩრდილა იმ პროცესებით, რომელიც აფხაზეთში რუსეთის წახალისებით განვითარდა და რომელმაც რეგიონში წინასაომარი ესკალაციის ფონი შექმნა.

ამ ამბებს კვირის დასაწყისში წინ უძღოდა ქართულ–რუსული მოლაპარაკებების შეწყვეტა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე. ახალი გარემოებიდან გამომდინარე, ახალი პოზიციის თანახმად, საქართველო მოლაპარაკებების მაგიდას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდებოდა, თუ რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი და სავაჭრო ეკონომიკური კავშირების დამყარების შესახებ 16 აპრილის გადაწყვეტილებას გააუქმებდა. მომდევნო დღეებში ოფიციალური თბილისის პრეტენზიები მოსკოვის მიმართ კიდევ უფრო დამძიმდა: რუსეთმა აფხაზეთში სამშვიდობოთა დამატებითი ძალები შეიყვანა.



რუსულმა მძიმე ტექნიკამ სოხუმის ქუჩებში 30 აპრილს დღისით ჩაიარა. სააგენტო „როიტერის“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში, რომელიც აფხაზეთში რუსული საჯარისო ნაწილების შეყვანას ასახავდა, „ურალის” ტიპის სატვირთო მანქანების, დესანტის საბრძოლო მანქანებისა და ჰაუბიცების გადაადგილება გამოჩნდა. სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში შეყვანილი მძიმე ტექნიკა ოთხი მიმართულებით გადანაწილდა. რუსმა სამხედროებმა ტყვარჩელი, გალის არხი, სათანჯოს მთა და ოქუმის მაღალი საცეცხლე წერტილები დაიკავეს, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე თხუთმეტი ახალი საგუშაგო გაიხსნა. დსთ-ს კოლექტიური ძალების დამატებითი კონტინგენტის შეყვანით, აფხაზეთში რუს მშვიდობისმყოფელთა რაოდენობა ერთ-ნახევარჯერ გაიზარდა. – ამ ინფორმაციას სოხუმიდან სააგენტო „რია–ნოვოსტი“ ავრცელებს. თბილისი კი ოფიციალურად მიმართავს გაეროს, დაეხმაროს აფხაზეთში რუსეთის მიერ შეყვანილი დამატებითი ძალების რაოდენობის დადგენაში. მანამდე კი, ვიდრე კონკრეტული ციფრები დაზუსტდება, მოსკოვშიც და სოხუმშიც ირწმუნებიან, რომ სამშვიდობო ძალების წარმომადგენელთა რაოდენობის ზრდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა 1994 წლის შეთანხმებაში მითითებული კვოტის ფარგლებში ხდება. კვოტის ზედა ზღვარი კი 3000 სამხედროა. თუმცა ეს არგუმენტი და, ზოგადად, სამართლებრივი რიტორიკა მთელი გასული დაძაბული კვირის განმავლობაში თბილისმა და მისმა დასავლელმა მეგობრებმა არაერთხელ დაუწუნეს მოსკოვს. ერთ–ერთი პირველი კი მათ შორის იყო ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი ჰავიერ სოლანა:

[ჰავიერ სოლანას ხმა]“მაშინაც კი, თუ მშვიდობისმყოფელთა რიცხვის გაზრდა ლიმიტის ჩარჩოებს არ სცდება, თუ გსურს დაძაბულობის განცდის შემცირება, არა მგონია, გონივრული იყოს მშვიდობისმყოფელთა რიცხვის ზრდა ახლა. და ეს მე ძალიან თავაზიანად ვუთხარი რუს მინისტრს.“

რუსი მინისტრი კი, რომელზეც ჰავიერ სოლანამ მიუთითა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვია. გასულ სამუშაო კვირაში ევროკავშირის მინისტერიალზე მან საქართველო აფხაზეთში ომის გაჩაღების მცდელობაში დაადანაშაულა, სამხედრო კონტინგენტის გაზრდა კი შემდეგნაირად ახსნა:

[სერგეი ლავროვის ხმა]“ მშვიდობისმყოფელები აფხაზეთში იმყოფებიან კონფლიქტის მხარეთა მონაწილეობით დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე. ამ ხელშეკრულებებით იქ დაშვებულია მშვიდობისმყოფელთა მაქსიმალური რაოდენობა და ჩვენი მშვიდობისმყოფელები იქ იმყოფებიან იმ რაოდენობით, რომელიც დაშვებულია შეთანხმებით.“

ეს განცხადება სერგეი ლავროვმა, როგორ უკვე გითხარით, ლუქსემბურგში გააკეთა. იმ დღეებში თბილისში საქართველო–ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის მეათე სხდომა მიმდინარეობდა. სხდომაზე მიღებულ იქნა განცხადება–რეკომენდაცია, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის აქტიური მონაწილეობისა და სამშვიდობო ძალებით ჩართვის მიზანშეწონილობას შეეხებოდა. საუბარია რუსი სამშვიდობოების ევროკავშირის სწრაფი რეაგირების კორპუსით ჩანაცვლების თხოვნაზე. აი, რა განცხადა ამასთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ:

[შოთა მალაშხიას ხმა]“თვითონ ევროკავშირს ჰყავს სწრაფი რეაგირების კორპუსი, რომელიც სწორედ კონფლიქტური ზონებისთვის გამოიყენება, და აქვს პოლიციური კომპონენტიც, რომელიც სწორედ კონფლიქტური ზონებისთვის არის.ეს სტრუქტურა შეიქმნა სპეციალურად კონფლიქტური ზონებისთვის, თუ იქნება გაეროს ნება ამასთან დაკავშირებით - და გაეროს ნება უნდა იყოს, იმიტომ რომ გაეროს აქვს წესდება, რომლის მიხედვითაც, არ შეიძლება კონფლიქტის მონაწილე მხარე ღებულობდეს მონაწილეობას სამშვიდობო ოპერაციებში. ვინაიდან მთელი მსოფლიო დღეს ამბობს, რომ რუსეთი არის კონფლიქტის მონაწილე მხარე, ის სამშვიდობო ოპერაციებში ვერ მიიღებს მონაწილეობას სწორედ ამ წესდების გამო.“(სტილი დაცულია)

თუმცა ამ დღეებში ეს არ იყო ერთადერთი პროექტი, რომელიც ქართულ–აფხაზური კონფლიქტის ზონაში დსთ–ს ეგიდით მდგარი რუსული ძალების სამომავლო ალტერნატივას შეეხებოდა. მათგან ერთ–ერთი უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაში გაჟღერდა. „უკრაინა მზადაა განიხილოს საკითხი სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად“, - ნათქვამია ვიქტორ იუშჩენკოსა და მიხეილ სააკაშვილის ერთობლივ განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი მიმართვის ადრესატები კი ამ კვირაში საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკურად აფხაზი და ეთნიკურად ოსი ადამიანები და სეპარატისტული ხელისუფლებებიც გახდნენ:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა]“დღევანდელი საქართველო, რომელიც ჩვენი სამშობლოა, უკვე დღეს ბევრ რამეს გთავაზობთ თქვენ. დღევანდელი საქართველო და მასში ჩვენი ერთად ყოფნა გთავაზობთ სიმშვიდესა და დაცულობას, დღევანდელი საქართველო გთავაზობთ ცხოვრებას ბანდების თარეშისა და კრიმინალური ავტორიტეტების ბოგინის გარეშე, დღევანდელი საქართველო გთავაზობთ ცხოვრებას კორუფციის გარეშე, დღევანდელი საქართველო გთავაზობთ თავისუფალი და კანონიერი საქმიანობის სრულ შესაძლებლობებს, სადაც ვერავინ შეზღუდავს თქვენს ინიციატივას, გთავაზობთ გაცილებით უკეთესი ჯანდაცვისა და განათლების პირობებს, დღევანდელი საქართველო გთავაზობთ არჩევანის ნამდვილ თავისუფლებას, სადაც ვერავინ დაგაძალებთ ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეობას.“

თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერებმა მყისიერად უარყვეს საქართველოს პრეზიდენტის შეთავაზება ერთიანი სახელმწიფოს შენების თაობაზე.
აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე–პრემიერს ლეონიდ ლაკერბაიას მოუსმინეთ:

[ლეონიდ ლაკერბაიას ხმა]“ეს საქართველოს საყვარელი სატყუარაა: აი, ჩვენ ძმები ვართ, ყველაფერში დამნაშავე რუსეთია. ჩვენ ძალიან დავშორდით ერთმანეთს - ჩვენ ვართ სხვადასხვა მისწრაფების, სხვადასხვა ღირებულებების ხალხი და ეს უნდა ვაღიაროთ. მეორეა, რომ ერთმანეთის გვერდით უნდა ვიარსებოთ. ჩვენი აზრით, უნდა ვიარსებოთ როგორც მეზობელმა სახელმწიფოებმა და დავამყაროთ ნორმალური ურთიერთობა. როცა მიხეილ სააკაშვილი გვთავაზობს ახალ წინადადებებს, გვთავაზობს ვიცე–პრეზიდენტის პოსტს, ეს რას ნიშნავს? რომ უნდა იყიდოს აფხაზები? გამოდის, რომ წარმოდგენა არა აქვს, ვინ არიან აფხაზები. საკითხი სხვაგვარად დგას: ნდობა ჩვენ შორის არ არსებობს და რაღაც ნაბიჯები უნდა გადაიდგას.“

„რაღაც ნაბიჯებში“ ლეონიდ ლაკერბაია, პირველ რიგში, კოდორის ხეობაში ძველი სტატუს კვოს აღდგენას გულისხმობს. მისი აზრით, სწორედ ეს უნდა გახდეს მოლაპარაკების განახლების საფუძველი. რაც შეეხება ქართული მხარის ერთ–ერთ მთავარ მოთხოვნას - დევნილთა უპირობო დაბრუნებას, მასზე სოხუმიდან ამ დაძაბულ კვირაშიც ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი პასუხი ისმოდა:

[ სერგეი შამბას ხმა]“იმიტომ რომ აქ ომი იყო და არა ეთნიკური კონფლიქტი. სადაც შეიძლებოდა ამ ადამიანების დაბრუნება, გალის რაიონს ვგულისხმობ, იქ დავაბრუნეთ. სხვა რაიონებში დაბრუნება იქნება ახალი კონფლიქტი, ომი, სისხლისღვრა. ჩვენ კი არ ვართ ამით დაინტერესებულნი. დევნილები სხვა რაიონებში რომ დაბრუნებულიყვნენ, ამისთვის საქართველოს 15 წელი ჰქონდა და ამ ხნის მანძილზე უნდა გაეკეთებინა ყველაფერი, რომ შეეცვალა აფხაზების დამოკიდებულება საქართველოსადმი. ის მარტო მტრობის გაღვივებით იყო დაკავებული.“

განუცხადა 1 მაისს რადიო „თავისუფლებას“ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ. ქართულ–აფხაზური კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებების დასრულებიდან გასული 15 წლის მანძილზე კი, შეიძლება ითქვას, კონფლიქტის მოგვარების დიპლომატიურმა რესურსმა გამოვლინების კულმინაციას სწორედ მიმდინარე სამუშაო კვირაში მიაღწია. ევროპასა და ამერიკაში თითქმის ორკვირიანი მოგზაურობის შემდეგ თბილისში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და წამყვანი სახელმწიფოების მხარდაჭერის იმედით დაბრუნდა საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი დავით ბაქრაძე, მიმდინარე კვირაში საქართველომ საერთაშორისო არენაზე განიმტკიცა დიდი და ავტოკრატიული ქვეყნის მიერ შევიწროებული პატარა და დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი. რუსული აგრესიის შესაჩერებლად მოწოდებები და რეკომენდაციები გაისმა როგორც გაეროდან, თეთრი სახლიდან და ამერიკის კონგრესიდან, ისე ნატოდან, ევროკავშირიდან და ევროსაბჭოდან. დასავლეთისთვის სწორედ ამ კვირაში ქართულ–აფხაზური კონფლიქტის დეფინიციამ საბოლოოდ განიცადა კორექტირება და რუსულ–ქართული კონფლიქტის ფორმა მიიღო.
XS
SM
MD
LG