Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზემო აფხაზეთი - ომისა და მშვიდობის ზღვარზე


ფრონტისპირა ზემო აფხაზეთში,

700 კომლით დასახლებულ კოდორის ხეობაში, 8-9 მაისს ტყვარჩელისა და სოხუმის მხრიდან სერიოზულ თავდასხმას ელოდნენ. თუმცა ამ განგაშის ექო ხეობაში უფრო მალე მიწყნარდა, ვიდრე ქართულ თუ უცხოურ მედიაში, რომლის წარმომადგენლებიც, “ცხელი ამბების” მოლოდინში, მთელი კვირა უტრიალებდნენ ზემო აფხაზეთს. მათ შორის ვიყავი მეც და ორი დღის განმავლობაში საკუთარი თვალით ვხედავდი, თუ როგორ ცხოვრობენ ულამაზესი ხეობის მცხოვრებლები ომისა და მშვიდობის ზღვარზე.


თავდასხმისა და მოსალოდნელი აგრესიის საშიშროება ზემო აფხაზეთის სოფლების მოსახლეობისათვის ერთგვარი ბუნებრივი ინსტინქტია. და ეს ინსტინქტი თავს იჩენს ყოველ გაზაფხულზე, თოვლის დნობისთანავე, როდესაც სეპარატისტული აფხაზეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ტყვარჩელისა და სოხუმის მხრიდან სამხედრო პროვოკაციების ალბათობა იზრდება. ბოლო 14 წლის განმავლობაში კოდორის ხეობამ 6-ჯერ მაინც მოიგერია სხვადასხვა მასშტაბის შეტევა. მაგრამ ყოველგავრი ინსტინქტი, ადრე თუ გვიან, იუმორში გადადის. სოფელ აჟარის სკოლის რუსული ენის მასწავლებელი, მოლდაველი ქალი ანა გურჩიანი-ტანევა ამბობს, რომ მას მოსალოდნელი საომარი საფრთხის განსაზღვრის საკუთარი მეთოდი აქვს, რასაც მისი თანასოფლელებიც ენდობიან:

[ანა გურჩიანი-ტანევა] ”დედა, მეუბნება ჩემი უფროსი ბიჭი, რომელიც უკვე ორჯერ იყო გამოძახებული რეზერვში, ნუ გეშინია, თუ რაიმე იქნება დაძაბული, მე მაშინვე გამომიძახებენო. მე ვეუბნები, დიდი მადლობა, როგორ დამაწყნარე-მეთქი. ასე რომ, რაკი არ გამოიძახეს, ესე იგი ყველაფერი რიგზეა, იმედი მაქვს.” (სტილი დაცულია)

ამ იმედს ზემო აფხაზეთში მცხოვრებ 3000-მდე მოსახლეს რამდენიმე გარემოება უღვივებს: 2006 წლის ივლისიდან ხეობაში ფუნქციონირებს დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მთავრობა, ყველა სოფლის შესასვლელში განლაგებულია პოლიციელთა გაძლიერებული პოსტები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გაეროს პოლიციის მოძრავი პატრული დღის განმავლობაში რამდენჯერმე გადაადგილდება ფრონტისპირა ზემო აფხაზეთში, რომელსაც ერთი საათის სამანქანო გზა აშორებს ამბოხებული აფხაზეთის დედაქალაქ-სოხუმს. გადმოსასვლელებს კავკასიონის უღელტეხილზე კი სასაზღვრო პოლიციის 120 კაციანი რაზმი იცავს. ზემო აფხაზეთში მართლწესრიგისა და უსაფრთხოების ძალებს კოორდინაციას უწევს პოლიციის პოლკოვნიკი სოსო ქარჩაიძე, რომელმაც რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ ხეობაში, სადაც ადრე ხშირი იყო შეიარაღებული საქმის გარჩევა, მკვლელობები და ვენდეტა, ბოლო ხანს არც ერთი მძიმე დანაშაული არ მომხდარა:

[სოსო ქარჩაიძე] ”ადრინდელთან შედარებით, ახლა, თუ წელიწადში 10-15 კაცი კვდებოდა, აი, ორი წელია საერთოდ რომ არ ყოფილა არავითარი ასეთი შემთხვევა. მოსახლეობა, 90 პროცენტი, დასაქმებულია.”(სტილი დაცულია)

ზემო აფხაზეთში სამუშაო ადგილები შექმნა ცენტრალური და დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მთავრობის რამდენიმე პროექტმა. გარემონტდა და აღიჭურვა აჟარის საავადმყოფო, სადაც ხეობის მცხოვრებლებს უფასოდ ემსახურებიან. ფუნქციონირება დაიწყო სახალხო ბანკის ფილიალმა და აფთიაქმა. ხოლო სოფელ საკენში, ომარიშარასა და მრამბაში ამოქმედდა ჰიდროელექტროსადგურები, რამაც ხეობის მოსახლეობის ელექტროენერგიით 24 საათიანი მომარაგება უფასოდ უზრუნველყო. გარემონტდა სკოლები, სადაც პედაგოგები დროულად იღებენ ხელფასს და შემწეობას პურის ფქვილისა და სხვა პროდუქტების სახით. სოფელ აჟარის სკოლის პედაგოგი ეთერ ვიბლიანი ამბობს, რომ მოწაფეთა რაოდენობაც მცირედით გაიზარდა:

[ეთერ ვიბლიანი] ”როგორ არა, ძალიან ბევრი ოჯახი დაბრუნდა, ძალიან ბევრი ოჯახი. ამიტომაა, შობადობა იზრდება და დაწყებით კლასებში უკვე არა უშავს - 16,15, 14 ბავშვი სწავლობს. მოსახლეობაც კარგად დასაქმდა. დასაქმდა - კი. გამონაკლისია ოჯახები, რომლებიც არ არიან დასაქმებული.”(სტილი დაცულია)

ზემო აფხაზეთში კიდევ რამდენიმე ასეული ადამიანი ახალი 50 კილომეტრიანი სამანქანო გზის მშენებლობამ დაასაქმა, რომელიც ზუგდიდის რაიონს ზემო აფხაზეთთან სამ საათში აკავშირებს. ახალმა შემოვლითმა გზამ გააადვილა ვაჭრობა დანარჩენ საქართველოსთან და ფრონტისპირა ხეობაში მცირე მეწარმეობას შეუწყო ხელი. სწორედ მცირე მეწარმეობას მისდევს სოფელ აჟარის მკვიდრი დალი კვანჭიანი, რომელიც, ნათესავებთან ერთად, მეორე წელია პატარა ფიცრულ რესტორანს ამუშავებს.

[დალი კვანჭიანი] ”მომაქვს იმით, რომ ვქირაობ. აქ ხომ ჰყავთ თავისი მანქანები. იმას ვაძლევ 700 – 800 ლარს, ვტვირთავ ბოლომდე დიდ ”ურალს”, დიდ ”კამაზს” და მომაქვს. შარშან ერთი 6-7 რეისი კი დამჭირდა. მერე ოჯახი ვართ ჩვენ - ჩემი და, ჩემი სიძე, 5 შვილის პატრონი ოჯახი არიან, უჭირთ იმათაც და ესაა ჩვენი საჭმელიც და ყველაფერიც.”(სტილი დაცულია)

დალი კვანჭიანმა წელს პატარა ფიცრულს კიდევ ერთი დაუმატა. წყალტუბოდან ხინკლის მომხვევი ამოიყვანა და ზაფხულის სეზონზე თბილისიდან და სხვა ქალაქიდან ამოსულ დამსვენებლებს, სვანური კუბდარის გარდა, ხინკლითაც გაუმასპინძლდება. დამწყები ბიზნესმენი ქალი მომავალ წელს საკუთარი ბიზნესის გაფართოებაზეც ფიქრობს და ხეობაში პირველი სასტუმროს აშენებაზეც. დარწმუნებულია, რომ მისი ბიზნესგეგმა რომელიმე პატრიოტ ბიზნესმენს აუცილებლად დააინტერესებს:

[დალი კვანჭიანი] ”ერთი 60 კაციანი სასტუმრო გაკეთდება. იმიტომ რომ სპორტსმენი მოდის, დამსვენებელი მოდის და სასტუმრო კი არ არის. აი, ეხლა როგორ უჭირთ - დარბიან ყველა, რომ ოჯახებში მიიღონ. წამგებიანი ნამდვილად არ იქნება და როცა შევრიგდებით ჩვენ და აფხაზები, უკეთესად იქნება [საქმე]. აქ ისეთი წყლებია, ისეთი კურორტებია, რომ სულ მეტი და მეტი გვეყოლება დამსვენებელი.” (სტილი დაცულია)

საერთო აღმშენებლობის ტენდენციას ზემო აფხაზეთში აგრძელებს საქართველოს საპატრიარქო, რომელსაც კოდორის ხეობაში ადგილობრივი მკვიდრი მამა გიორგი გურჩიანი წარმოადგენს. გიორგი გურჩიანი ერისკაცობაში, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს, თავისი ხეობის სხვა მამაკაცებთან ერთად საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავდა. კოდორის ხეობიდან დაღუპულ 52 სვანს შორის მისი ძმაც არის. მამა გიორგი ამბობს, რომ ოჯახიდან გვარის გამგრძელებლად მხოლოდ ისღა დარჩა, რის გამოც მას ახლობლებმა ომში მონაწილეობის გაგრძელება აუკრძალეს. ამის შემდეგ გიორგი გურჩიანი ჯერ რუსულს ასწავლიდა, შემდეგ კი სასულიერო განათლება მიიღო და ბერად აღიკვეცა. მამა გიორგი ამბობს, რომ, საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ზემო აფხაზეთში წმინდა გიორგის საკათედრო ტაძრის მშენებლობა იგეგმება:

[მამა გიორგი] ”აქ დაიწყება საკათედრო ტაძრის მშენებლობა. ეს უკვე მიტროპოლიტი დანიელი და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე მალხაზ აკიშბაია შეთანხმებული არიან, რომ აქ უნდა დაიწყოს კაი, გრანდიოზული მშენებლობა.”(სტილი დაცულია)

მამა გიორგი გურჩიანი დარწმუნებულია, რომ სამონასტრო საქმიანობის აღორძინება ზემო აფხაზეთში კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ხეობაში მოსახლეობის დაბრუნებას, მათში რწმენისა და სიყვარულის განმტკიცებას. ხეობის მკვიდრი სასულიერო პირი, ვინც თავად ნახა ომის საშინელება, დარწმუნებულია, რომ საქართველო, უფლის ნებით, მალე გაერთიანდება:

[მამა გიორგი] ”ეს არის ქვეცნობიერად, რაღაც შინაგანად სული გრძნობს რაღაც მოახლოებულ დიდ სიხარულს. მე ვფიქრობ, მე ვხსნი ასე, რომ ეს უკავშირდება საქართველოს გაერთიანებას, გამთლიანებას, გაბრწყინებას.”

სოფელ აჟარის იმ ადგილიდან, სადაც წმინდა გიორგის ტაძრის მშენებლობა იგეგმება, დაახლოებით 15 კილომეტრში სოფელი ქვაბჩარა და სოფელი ლათა მდებარეობს. სწორედ იქ გადის ფრონტის ხაზი აფხაზებსა და ქართველებს შორის და იქ არა ღვთის, არამედ ომის უმკაცრესი კანონებით ცხოვრობენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG