Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინ: 6 კითხვა 12 საარჩევნო სუბიექტს (მესამე ნაწილი)


საპარლამენტო არჩევნების წინ რადიო “თავისუფლებამ” შესაძლებლობა მისცა კენჭისყრაში მონაწილე 12-ივე საარჩევნო სუბიექტს, საზოგადოებისათვის საკუთარი პროგრამა და გეგმები გაეცნოთ. კითხვები მსმენელთა ინტერესის გათვალისწინებით შეირჩა. კითხვა მესამე:

3. რადიო "თავისუფლება”: რა ელოდება სასამართლო ხელისუფლებას თქვენი პარლამენტში მოსვლის შემთხვევაში?

№1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული პოლიტიკა”
გოჩა ფიფია:
,, ერის კონსტიტუცია შეიძლება წერილობით არც არსებობდეს, იგი ჩვენში არსებობს, როგორც დაუწერელი კონსტიტუცია, მისი შემოღება თავისთავად ქმნის წანამძღვარს იმისა რასაც ჰქვია ქართული ეკონომიკის განვითარების მოდელის შექმნა, ქართული სამართლებრივი ურთიერთობების მოდელის შექმნა, ქართული დემოკრატიის მოდელის შექმნა.”


№ 2 საქართველოს რესპუბლიკური პარტია
დავით ზურაბიშვილი
ყველაზე დიდი პრობლემა არის პოლიტიკური ნების არარსებობა. არ არსებობს სურვილი, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი და ძლიერი. ოფიციალურად სასამართლოზე ზეწოლა აკრძალულია, მაგრამ მოსამართლეს მაინც ურეკავს, ვთქვათ პროკურორი და ემუქრება. ამის კანონით რეგულირება ძალიან რთულია, მაგრამ დამცავი მექანიზმების მიღება მაინც შესაძლებელია. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უვადოდ უნდა ირჩეოდნენ, დისციპლინარულ დევნას უნდა ახორციელებდეს მხოლოდ მოსამართლე და არავითარ შემთხვევაში პოლიტიკური პირი, უნდა გავზარდოთ ასაკობრივი ზღვარი, რადგან ჩვენს შემთხვევაში ბევრია, ვინც თავიანთი კარიერას მოსამართლეობით იწყებს. მაგრამ დამოუკიდებლობას რაც შეეხება, ეს მაინც მთლიანად პოლიტიკურ ნებაზეა. არ უნდა იკადრონ, მაგრამ თუ ვინმემ იკადრა ის უნდა დაისაჯოს.


№ 3, საარჩევნო ბლოკი ”მემარჯვენე ალიანსი, თოფაძე - მრეწველები (მ.გ.ს. ერთობა, ე.დ.პ)”
ზურაბ ტყემალაძე:
მოდით, ორი კუთხით განვიხილოთ სასამართლო სისტემის მოწესრიგების საკითხი: პირველი - საკანონმდებლო, მეორე - აღსრულებითი კუთხით. სასამართლო უნდა გავათავისუფლოთ ყოველგვარი წნეხისგან. მოსამართლე უნდა ინიშნებოდეს მუდმივად და არა 5 და 10 წლის განმავლობაში. თუ მას ექნება რაიმე გადაცდომები, არსებობს იუსტიციის საბჭო და ის განიხილავს მისი გამოწვევის საკითხს. და მეორე - მოსამართლე განთავისუფლებული უნდა იყოს ყოველგვარი ზეწოლისგან. მოსამართლეები დღეს ნოტარიუსებად გადაიქცნენ და ნებისმიერი გამომძიებლის და პროკურორის მიტანილ საქმეს ადასტურებენ ისე, როგორც მათ მიაქვთ. რა უშლით მათ ხელს, რომ იყვნენ თავისუფალი? სწორედ შიშის სინდრომი, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში. პარლამენტი ვერ გააკონტროლებს სასამართლოს, რადგან არ არის მისი საქმე. პარლამენტის საქმეა გააკონტროლოს აღმასრულებელი ხელისუფლება და ქვეყანაში იქნება წესრიგი. მნიშვნელოვანია პატიოსანი კადრების მოყვანა სასამართლოში.

№ 4. ”შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია”
ნესტან კირთაძე და კახაბერ ძაგანია:
დღეს სასამართლო არის უსამართლო, არის პოლიტიკური სასამართლო და პრაქტიკულად მხოლოდ პროკურატურის გადაწყვეტილებების გამამართლებელია. ჩვენთან მოღვაწეობს კვალიფიციურ იურისტთა ჯგუფი, ჩვენი პარტიის ლიდერიც იურისტია. ორი სიტყვით მათი ნამუშევრის გადმოცემა მე არ შემიძლია, მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, იურისტების კვალიფიციური ჯგუფი უკვე კარგა ხნის მანძილზე ზის და რეფორმების პაკეტს ამუშავებენ.

№5, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის”
დავით დარჩიაშვილი:
ჩემი აზრით, საკმაოდ არის სასამართლო დამოუკიდებლობის იურიდიულ-სამართლებრივი ფუნდამენტი შექმნილი. განსაკუთრებით, 2006 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების მერე, როდესაც ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან მოყოლებული ეს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო - იუსტიციის უმაღლესი საბჭო გახდა დამოუკიდებელი. აბსურდი იყო მართლაც. როგორ შეიძლება სასამართლო ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო. შეიძლება უამრავი სხვა დეტალი იყოს დასახვეწი, მაგრამ საბოლოო ჯამში დავდივართ კონკრეტულ ინდივიდებამდე, მოსამართლეებამდე, მათ, ასე ვთქვათ, შინაგან ინტეგრირებულობამდე, შინაგან პატიოსნებამდე და პროფესიონალიზმამდე. თუ ადამიანს ეჭვი ეპარება საკუთარ პროფესიონალიზმში, იგი აუცილებლად რაღაც გავლენების ქვეშ მოექცევა. ამას ვერანაირი პოლიტიკური სისტემა ვერ შეაჩერებს, იქნება ეს სამართალდამცავი ორგანოებისგან, თუ ორგანიზებული დამნაშავეებისგან, დანაშაულის სამყაროსაგან, თუ რაღაცა კორუფციული გარიგებებისაგან. შევარდნაძისდროინდელ სასამართლოზე ვინც საუბრობს, რომ ის იყო დამოუკიდებლობის უფრო დიდი ხარისხის მქონე, ვიდრე ეხლაა, ძალიან სცოდავს საკუთარი სინდისის წინაშე, ან ცოდნა არა აქვს უბრალოდ. ეს, ჩემის აზრით იყო ბირჟა, სადაც ვინ რას გადაიხდიდა, იმის მიხედვით წყდებოდა საქმე.

№ 6 . პოლიტიკური გაერთიანება ”საქართველოს სპორტსმენთა კავშირი”
ედიშერ მაჩაიძე:
.
ჯერჯერობით ქვეყანაში, სადაც სახალხო დამცველს პრობლემები ექმნება იურიდიულ საკითხებში და უჭირს, რომ მისი დაყენებული საკითხი სწორად გაიგონ ან გადაწყვიტონ, იქ მოსახლეობას ნდობა ეკარგება. თუ ჩემი უფლებების დამცველს ვუყურებ და ის ვერ იცავს თავის უფლებებს, მიჩნდება შიში. - მე როგორ დავიცავ? ჩვენ მეტი ნდობა უნდა გამოვიჩინოთ სახალხო დამცველის მიმართ და თუ ეს ნდობა იქნება მაქსიმალური, მაშინ სასამართლო სისტემაც იქნება ობიექტური. ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ სასამართლო ხელისფლება იყოს ობიექტური და იყოს ცალკე. თუ სახალხო დამცველი შესძლებს საკითხების დაყენებას და გადაჭრას, შესაბამისად ქმედება გამოიწვევს უკუქმედებას და სასამართლო სისტემა გახდება ობიექტური და დემოკრატიული.


№7, საარჩევნო ბლოკი ”გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)”
მანანა ნაჭყებია:
სასამართლოს გათავისუფლება ჩვენი ერთ-ერთი პირველი პრიორიტეტია. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ სასამართლო არის ყურმოჭრილი მონა პირველ რიგში ”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური გუნდისა და მეორე რიგში ის არის პროკურატურის ყურმოჭრილი მონა. პროკურატურამ, სახელმწიფომ, ხელისუფლებამ სასამართლო და ადამიანების უბედურება (ადამიანების დაპატიმრება) გაიხადა ფულის შოვნის წყაროდ. რა თქმა უნდა, ჩვენ პირველ რიგში გავაკეთებთ იმას, რომ სასამართლო გახდეს დამოუკიდებელი და ეს მიიღწევა რამდენიმე ნაბიჯით: საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პირველ რიგში შევცვლით იუსტიციის სამინისტროში არსებული მოსამართლეთა დისციპლინური დევნის საბჭოს დაკომპლექტების წესს და ის ძირითადად დაკომპლექტებული იქნება თვითონ მოქმედი მოსამართლეების შემადგენლობიდან. არ შეიძლება ამ საბჭოში იყვნენ პრეზიდენტის პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ ცხრილავენ მოსამართლეებს (კარგად გახსოვთ გახმაურებული ფაქტი უზენაესი სასამართლოს 4 მოსამართლის გაგდებისა ისე, რომ მათ არ მიეცათ კონსტიტუციით გარანტირებული უფლების გამოყენების საშუალება - მოსულიყვნენ პარლამენტში და ეთქვათ რა ზეწოლები ხორციელდებოდა მათზე) და მეორე ნაბიჯი ეს არის საპროცესო შეთანხმების გაუქმება და მისი დაშვება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც საუბარი გვაქვს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სახელმწიფო ქონების დატაცებასთან, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთან. საპროცესო შეთანხმების გაუქმება იქნება ერთ-ერთი ნაბიჯი იმისკენ, სასამართლოები იყვნენ დამოუკიდებელი პროკურატურისგან.

№ 8 . ”სრულიად საქართველოს რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალური პარტია”
იგორ შამათავა:
სამართლო ხელისუფლებასთან ჩვენს პარტიას რადიკალური მიდგომა აქვს. საქართველოში შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასამართლო რეფორმა ფაქტობრივად არ ჩატარებულა. მარტო მოსამართლეების გამოცდით, ტესტების ჩატარებით სასამართლო რეფორმა არ ხდება. ხშირ შემთხვევაში მოსამართლეები სუბიექტურ გადაწყვეტილებებს იღებენ. რეფორმა უნდა მოხდეს თავად სამართალში, ცვლილება უნდა შევიდეს კანონმდებლობაში, რომელიც განუსაზღვრავს მოსამართლეს როგორ უნდა მოიქცეს ამა თუ შემთხვევაში და როგორი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. დღეს მოსამართლე არ არის პასუხისმგებელი თავის მიღებული გადაწყვეტილებებისათვის - თუ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო ის არ დაისჯება. სამართალი უნდა იყოს კონკრეტული, რომელიც მიუთითებს მოსამართლეს, რა კონკრეტულ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს და რა კონკრეტული განჩინება უნდა გამოიტანოს. მოსამართლეს უნდა დავუტოვოთ რაღაც თავისუფლება, რომ საკუთარი გადაწყვეტილებაც გამოიტანოს, მაგრამ მხოლოდ ერთი კუთხით - შემსუბუქების მხრივ. მოსამართლეს არ უნდა ჰქონდეს უფლება რომ განაჩენი დაამძიმოს.

№9, პოლიტიკური გაერთიანება ”ქრისტიანულ-დემოკრატიული ალიანსი (ქდა)”
დავით თარხან-მოურავი:
უნდა გაკეთდეს რამდენიმე რამე: პირველი - უნდა შეიქმნას სახალხო დამცველის პატრული. ეს არის ჩვენი იდეა. რა არის სახალხო დამცველის პატრული? აი, როგორც დადის საპატრულო პოლიცია, ასეთივე რაოდენობის ივლის სახალხო დამცველის პატრული. დანაშაულის ადგილზე რომ გამოიძახებენ საპატრულო პოლიციას, უნდა მივიდეს სახალხო დამცველის პატრულის მანქანაც. ეს არის ერთადერთი საშუალება, რომ ადგილზე დავიცვათ ადამიანის უფლებები იმ ქვეყანაში, სადაც ყველამ იცის უკვე, რომ ეს უფლებები ყველანაირად ირღვევა. ეს იქნება ძალიან ეფექტური მექანიზმი და მისი გაკეთება არის ძალიან ადვილი და შეიძლება სწრაფად; მეორე - შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა დაიშალოს და საერთოდ გაუქმდეს. უნდა დარჩეს მხოლოდ საპარტულო პოლიცია, კრიმინალური პოლიცია. რა უნდა დაზვერვას შინაგან საქმეთა სამინისტროში? უნდა დარჩეს კონტრდაზვერვა ცალკე, საზღვრის დაცვის პოლიცია და მორჩა. ესენი უნდა იყოს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორგანიზაციები და ამიტომ სამინისტროს ცენტრალური აპარატი საჭირო აღარ არის. ჩვენ ვამბობთ, რომ აუცილებლად უნდა გაუქმდეს პროკურატურა იმიტომ, რომ პროკურორი არის მოსამართლეც, გამომძიებელიც და ბრალმდებელიც. უნდა შეიქმნას ცალკე საგამოძიებო სამსახური და ცალკე უნდა იყოს სახელმწიფო ბრალმდებელი. სახელმწიფო ბრალმდებელი გამოძიების სამსახურთან ისევე უნდა ურთიერთობდეს, როგორც ადვოკატი. ერთნაირ პირობებში უნდა იყვნენ, ერთნაირად ღებულობდნენ ინფორმაციას, ერთდროულად და ერთი პირობით და არავითარი გავლენის საშუალება არ უნდა ჰქონდეს სახელმწიფო ბრალმდებელს გამოძიებაზე. ეს ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს რამდენიმე თვეში და ეს ათჯერ გაზრდის დემოკრატიის ხარისხს.

№ 10. ”გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატები”
მაგდა ანიკაშვილი:
სასამართლო სისტემის არსებობა არის გარანტი იმისა რომ ყველა სფეროში შეიძლება სამართლის პოვნა და სამართლიანობის დაცვა. ამის გარეშე ვერ ვილაპარაკებთ ვერც ეკონომიკაში პროექტების განხორციელებაში, ვერც სოფლის მეურნეობაზე. აქ მთავარი პრობლემა არის კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი. დღეს თანამდებობაზე ერთი პირისადმი ერთგულების ნიშნით ხვდებიან - ეს არის მთავარი პრობლემა. ისეთი ადამიანი უნდა იყოს მოსამართლე, ვისაც ვერავინ დაურეკავს და ეტყვის, რა გააკეთოს. მიმაჩნია, რომ მოსამართლეები არჩევითი წესით უნდა მოვიდნენ ამ თანამდებობებზე. თუ არ ვცდები, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ასე ხდება.


№11. საარჩევნო ბლოკი ”ტრადიციონალისტები - ჩვენი საქართველო და ქალთა პარტია”
გუგული მაღრაძე:
ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელსაც მხოლოდ ხელისუფლის ნება სჭირდება. სამართლიანობის აღდგენას და დამოუკიდებელ სასამართლოს სხვა შემაფერხებელი არ აქვს. თუკი უმაღლეს ხელისუფალს უნდა ქვეყანაში იყოს სამართლიანობა, ხვალვე შეიძლება ჩვენ დავიწყოთ სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრება. ამასთან, ვერ ვიტყვი, რომ კვალიფიციურობის მიხედვით ჩვენი მოსამართლეები ვინმეზე ნაკლები არიან. მათ არ აქვთ თავისუფალი მოქმედების უფლება არც შინაგანად, არც გარეგნულად. როგორც კი მოსამართლე გადაწყვეტს, რომ იყოს დამოუკიდებელი, მას მაშინვე ემუქრება, სულ მცირე, სამსახურის დატოვება. ამას გარდა, უმაღლესი ხელისუფლების პოლიტიკური ნების გამოვლინება იქნება ის, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ჰქონდეთ ზუსტად რეგლამენტირებული უფლებები. თუ არ იქნება გადაჭარბებები მათ უფლებებში, თუ არ იქნება ეს წახალისებული უმაღლესი ხელისუფლების მიერ და სასამართლო პასუხს აგებს თავის გადაწყვეტილებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის არაკვალიფიციური გადაწყვეტილება იქნება (და არა იმის მიხედვით პოლიტიკურ კონიუნქტურას შეესაბამება, თუ არა), დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ჩვენ გვექნება დამოუკიდებელი სასამართლო ქვეყანაში.

№12 . საქართველოს პოლიტიკური პარტია ”ჩვენი ქვეყანა”
ელბერდ ბატიაშვილი:
პირველი, რაც ახალმა პარლამენტა უნდა გააკეთოს არის ის, რომ შექმნას რეფორმების კორექტირების კომიტეტი. პრობლემის არსი შემდეგშია - სასამართლო ხელისუფლებაში ისევე, როგორც ბევრ სხვა სფეროში, მრავალი რეფორმა ჩატარდა. რეფორმის არსი ისაა, რომ ის სფერო უკეთესი გახადოს, სადაც ტარდება. ჩვენთან კი პირიქით მოხდა. ყოველი მორიგი რეფორმის შემდეგ საქმე წინ კი არ მიდის, უკან მიდის. კორექტირებაც ამიტომაა საჭირო. მე არ ვლაპარაკობ რაიმე რადიკალურ ნაბიჯებზე, რევოლუციურ ტალღაზე. საჭიროა საქმის ჭკვიანურად გაგრძელება. რეფორმების კორექტირების კომისიის შექმნა. აუცილეებლია, რადგან კოსმოსში რომ უშვებენ რაკეტას, იციან, რომ დროდადრო მის კურსს კორექტირებაა დასჭირდება. ყველაფერს სჭირდება კორექტირება, მით უფრო სახელმწიფოს მშენებლობას.
ჩვეულებითი სამართალი საოცარი სამართალია. ინგლისს, მაგალითად კონსტიტუცია სულ არა აქვს, მაგრამ იღებენ მოსამართლეები იქ გადაწყვეტილებას. ჩვენი სამოქალაქო კოდექსი, რომელიც გერმანულიდან და ფრანგულიდანაა გადმოწერილი, სამი ათასზე მეტი მუხლისგან შედგება. რომელმა მოსამართლემ შეიძლება გაიკვლიოს აქ გზა? ილიას სიტყვებით რომ ვთქვათ, სასამართლო უნდა იყოს სწრაფი და იაფი. მარტივად უნდა გადაწყდეს საქმე. ილიას საოცარი ფორმულა აქვს ამ სფეროში - ჩვეულებითი სამართალი უფრო მისაღებია ხალხისათვის იმიტომ, რომ შექმნილია თავად ხალხისაგან.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG