Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯორჯ ბუში ლონდონში გორდონ ბრაუნს შეხვდა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დღეს ლონდონში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ გორდონ ბრაუნთან გამართა შეხვედრა.

ორი ქვეყნის ლიდერებმა, უწინარესად, ირანის და ერაყის შესახებ იმსჯელეს. ამ ვიზიტით ჯორჯ ბუში პრეზიდენტის რანგში ევროპაში გამართულ უკანასკნელ ტურნეს ამთავრებს.

ევროპის ქვეყნებში გამართულ შეხვედრებზე ჯორჯ ბუში ყველაზე ხშირად ირანის ატომური კრიზისის მიმართ სანქციების გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობდა.

გამონაკლისი არც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ გორდონ ბრაუნთან ორშაბათს გამართული შეხვედრა იყო. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ბრაუნმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბრიტანეთი ირანის მიმართ სანქციების გამკაცრებას მყარად უჭერს მხარს:

[ბრაუნი]
”თუ ირანი კვლავაც გააგრძელებს გაეროს რეზოლუციების ჩვენ მიერ შეთავაზებული პარტნიორობის იგნორირებას, სანქციების ინტენსიფიკაციის გარდა, გამოსავალი არ გვრჩება. ამდენად, დღეს ბრიტანეთი ამ მოწოდებით მიმართავს ევროპას და ირანის მიმართ სანქციების გამკაცრებას ევროპაც დასთანხმდება. მოქმედებას დღესვე დავიწყებთ და ირანის უდიდეს ბანკს, მელის, გავუყინავთ უცხოეთში დაბანდებულ კაპიტალს. ამასთან, ნავთობსა და გაზზე სანქციების ახალ ფაზაზე მუშაობაც დღეს დაიწყება.”

კვირას ირანმა გამორიცხა ურანის გამდიდრების შეწყვეტა, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრმა ქვეყნებმა და გერმანიამ მას, ურანის გამდიდრების შეწყვეტის სანაცვლოდ, სამოქალაქო ატომურ პროგრამაში დახმარების გაწევა კიდევ ერთხელ შესთავაზა.
ირანისთვის სანქციების გამკაცრების თაობაზე ჯორჯ ბუშის ინიციატივას შეერთებული შტატების პრეზიდენტის ევროპული ტურნეს მსვლელობისას უკვე დაუჭირეს მხარი იტალიის პრემიერ- მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა. ევროპის ეს პოლიტიკური ლიდერები აცხადებენ, რომ იზიარებენ ვაშინგტონის გდაწყვეტილებას, არ დაუშვას ირანის მიერ ატომური იარაღის მოპოვება.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ჯორჯ ბუშმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან დღევანდელ შეხვედრაზე განიხილა, ერაყის საკითხია.

ბრიტანეთში გამომავალი გაზეთ ”ობსერვერის” კვირის ნომერში ბუშმა ლონდონს მიმართა თხოვნით, არ გამოიყვანოს ჯარი სამხრეთ ერაყიდან იმ დრომდე, სანამ იქ, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ვითარება არ გაუმჯობესდება.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ბუშმა განაცხადა, რომ ერაყში გასულ წელს დამატებით მივლენილ 30,000 ამერიკელ ჯარისკაცს მომავალ თვეში უკან გაიწვევს. დარჩენილი ძალების გაყვანა კი, ბუშის თქმით, ერაყში შექმნილ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული:

[ბუში]
”ერაყელებს წვრთნები უტარდებათ, მათ მეტი პასუხისმგელობის აღება შეუძლიათ, ერაყში კლებულობს უსაფრთხოების დარღვევის საშიშროება, ეკონომიკა გაუმჯობესების გზაზეა, პოლიტიკური შერიგება მიმდინარეობს - ამ ფონზე, ჩვენ შეგვიძლია ჯარისკაცების შინ დაბრუნება. სტრატეგიის მთავარი მიზანი სწირედ ის არის, რომ ერაყელებს მეტი პასუხისმგებლობა დაეკისროთ, თავად უპატრონონ თავიანთი ქვეყნის უსაფრთხოებას და მთავრობას. და სწორედ ეს ხდება ახლა.”



ბრიტანეთს ერაყის სამხრეთში დაახლოებით 4,200 ჯარისკაცი ჰყავს წარგზავნილი. წარსულში ოფიციალურმა ლონდონმა რამდენჯერმე მიანიშნა, რომ ფიქრობს ეს ძალები მიმდინარე წლის ბოლომდე გაიწვიოს. მაგრამ ორშაბათის პრესკონფერენციაზე გორდონ ბრაუნმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების მხრივ ერაყში ვითარების გაუმჯობესებამდე ჯარის გაყვანას არ იჩქარებს და არც რაიმე დროში გაწერილ გეგმას შეიმუშავებს ჯარის გაყვანის თაობაზე.

ერაყში წარმოებული სამხედრო კამპანიის ფარგლებში ბრიტანეთი შეერთებული შტატების ყველაზე ახლო მოკავშირეა. ქვეყანამ აქტიური მონაწილეობა მიიღო სადამ ჰუსეინის ჩამოსაგდებად 2003 წელს გამართულ ოპერაციაში და მას შემდეგ ერაყის სამხრეთში სტაბილიზაციის მიღწევას არაერთი სიცოცხლე და მნიშვნელოვანი ფინანსური სახსრები შესწირა. ერაყში ბრიტანეთის ჯარი უკვე 5 წელია იმყოფება. ბრიტანეთის მოსახლეობაში ამასთან დაკავშირებით უკმაყოფილება სულ უფრო მეტად იზრდება - შესაბამისად, გორდონ ბრაუნისთვის ჯარის გაყვანა პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხს წარმოადგენს.

ჯორჯ ბუშის ლონდონში ვიზიტის პირველ დღეს, 15 ივნისს, ქალაქის ქუჩებში ათასობით ომის მოწინააღმდეგე გავიდა და საპროტესტო აქცია მოაწყო. აქტივისტებს და პოლიციას შორის შეტაკებაც მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, დაშავდა 10 ოფიცერი, 25 აქტივისტი დააკავეს.

ორშაბათის შეხვედრაზე ჯორჯ ბუშმა და გორდონ ბრაუნმა ავღანეთის შესახებაც იმსჯელეს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ლონდონი იქ სამხედრო კონტინგენტს კიდევ უფრო გაზრდის. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რამდენი ჯარისკაცით გაიზრდება ის 7,800 ჯარისკაციანი კონტინგენტი, რომელიც ბრიტანეთს უკვე მივლენილი ჰყავს ავღანეთში, ძირითადად, ჰელმანდის პროვინციაში.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG