Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება MAP-ის მიღების რეალურ შანსებზე საუბრობს


საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც ბუქარესტის სამიტის შემდეგ მოუკლო ნატოში გაწევრიანების შესახებ პროგნოზების კეთებას,

კვლავ აცხადებს, რომ დეკემბრისთვის ქვეყანა ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას მიიღებს. ამ გადაწყვეტილების წინაპირობა უნდა გახდეს დასკვნა, რომელსაც ნატოს შეფასების მისია ალიანსის სამხედრო ხელმძღვანელობას სექტემბერში წარუდგენს. მანამდე კი ნატოელი ექსპერტები მესამე დღეა საქართველოში კონსულტაციებს მართავენ იმასთან დაკავშირებით, თუ რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება დარჩენილ 6 თვეში ქვეყნის პოლიტიკურმა და სამხედრო ხელმძღვანელობამ.

საქართველოს ხელისუფლებას სულ ორი თვე დასჭირდა ნატოს ბუქარესტის სამიტის შემდეგ განელებული ოპტიმიზმის გასაღვივებლად. ”ნატოს მინისტერიალზე, რომელიც დეკემბერში გაიმართება, საქართველო ნატოში შესვლაზე საკუთარი ძალისხმევის შედეგს დაინახავს. საქართველოში გატარებული რეფორმების შედეგი ნათელი გახდება ალიანსისთვისაც”, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა 18 ივნისს ბრიუსელში, ნატოს გენერალურ მდივანთან, იააპ დე ჰოოპ სხეფერთან, შეხვედრის დროს.

საქართველოს რეფორმების პროგრესი ალიანსისათვის დასანახი უნდა გახადოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს გასვლითმა სხდომამ, რომელიც საქართველოში 3-4 სექტემბერს გაიმართება. მანამდე კი მოთელვის ჩასატარებლად კვირის დასაწყისში საქართველოში გენერალური მდივნის სპეციალური დელეგაცია ჩამოვიდა, რომელიც საკონსულტაციო ხასიათის სამუშაო შეხვედრებს ძირითადად სამხედრო უწყებაში მართავდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა გენერალმა ზაზა გოგავამ შეხვედრას ”უპრეცედენტო” უწოდა:

[ზაზა გოგავა] ”უპრეცედენტო ფაქტია. ალბათ, ყველა ხვდება იმას, თუ რა დიდი ყურადღებაა ჩვენი ქვეყნისადმი. იმიტომ რომ წელს უკვე მეორედ ხდება ასეთი კომისიის ჩამოსვლა. და ესეც ჩვეულებრივი ვიზიტია. აქ საუბარი იქნება ყველა იმ პრობლემაზე და ყველა იმ მიმართულებაზე, რაც გასავლელი გვაქვს ჩვენ ნატოს ძნელად სავალ გზაზე.”(სტილი დაცულია)

ნატოს ”ძნელად სავალ გზაზე” საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ყოველ შემთხვევაში, ყველა წინა შემფასებელთა მისია საქართველოდან მიდიოდა იმის აღნიშვნით, რომ რეფორმები წარმატებულია ყველა მიმართულებით. განსაკუთრებით ესმებოდა ხაზი სამხედრო მშენებლობას, რაშიც საქართველომ თითქმის ყველა პარამეტრით შეასრულა ”ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმით” ნაკისრი ვალდებულება. თუმცა მას შემდეგ, რაც საქართველოს უარი უთხრეს გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე, ბევრს ასეთი შეფასებები გულწრფელობას მოკლებულიც მოეჩვენა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი მუჩაიძე დარწმუნებულია, რომ ნატოელი ექსპერტები სიმართლეს ამბობდნენ:

[გიორგი მუჩაიძე] ”ეს ჩემი სიტყვები არ არის - ეს აღნიშნა ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა ”აი-პა-პის” სხდომაზე, მე ციტირებას ვახდენ, რომ ” საქართველო სამხედრო ტრანსფორმაციის კუთხით მზად არის გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე გადასასვლელად. და, რა თქმა უნდა, პოზიტიური შეფასება იქნა დადებული სხვა მიმართულებითაც - იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამართლებრივი.”(სტილი დაცულია)

თუმცა ჯერ კიდევ არსებობს ცალკეული მიმართულებები სამხედრო მშენებლობაში, რაშიც ნატოს ექსპერტებს სჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია, ხოლო საქართველოს სამხედრო სისტემას - მოქმედების ჰარმონიზება სრული თავსებადობის მისაღწევად. ამ მიზნით ნატოს დელეგაცია, სამხედრო პოლიტიკის დაგეგმარების დირექტორის ბრიუს ბახის მეთაურობით, კვლავ ჩამოვიდა საქართველოში.

[გიორგი მუჩაიძე] ”საუბარი იყო როგორც პერსონალის მენეჯმენტზე, ასევე რეზერვის ძალებთან და რეზერვის სისტემის მოწყობასთან დაკავშირებით. მოხდა გაცნობა მათი სისტემისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. გაგვიზიარეს თავიანთი გამოცდილება და ეს ყველაფერი ასახულია, ვალდებულებების სახით, IPAP-ისა (ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმისა) და PARP-ის (მშვიდობისათვის პარტნიორობის დაგეგმარებისა და მიმოხილვის პროცესის) დოკუმენტებში, რომლის შესრულების შესაბამისადაც მოხდება შეფასება ამა წლის სექტემბერში. ასე რომ, გვეხმარება იმ ვალდებულებების შესრულებაში, რომელიც აღებული გვაქვს.”(სტილი დაცულია)

საქართველოში დარწმუნებულნი არიან, რომ სექტემბერში გაკეთებული შეფასება საკმაო არგუმენტი იქნება ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებისათვის, რათა კვლავ დააყენონ დღის წესრიგში საქართველოსათვის ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიკუთვნების საკითხი. ბუქარესტის ნატოს სამიტის კომუნიკემ ამჯერად ის მაინც თქვა ცხადად, რომ ვერავითარი მესამე მხარე - იგულიხმება რუსეთი - ვერ მოახდენს გავლენას ალიანსის შემდგომ გადაწყვეტილებებზე საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით, თუკი ორივე ქვეყანა გამართული ნაბიჯებით ივლის დემოკრატიის მშენებლობის გზაზე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG