Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთსა და აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას შორის ურთიერთობის შემდგომი გაღრმავება საზღვაო მიმოსვლის აღდგენასაც გულისხმობს


რუსეთსა და აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას შორის ურთიერთობის შემდგომი გაღრმავება საზღვაო მიმოსვლის აღდგენასაც გულისხმობს...

გავრცელებული ცნობებით, რუსეთსა და საქართველოს ამბოხებულ, არაკონტროლირებად რეგიონს შორის საზღვაო მიმოსვლა 1 ივლისიდან უნდა აღდგეს.. საქართველოს ხელისუფლებაში იტოვებენ იმედს, რომ ასეთ გეგმაზე ლაპარაკს საქმე არ მოჰყვება, რომ რუსეთი თავს შეიკავებს მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიის მიმართულებით მორიგი შეუთანხმებელი ნაბიჯის გადადგმისგან.. გარდა ამისა, თბილისში იმედოვნებენ აგრეთვე, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალების მიერ აფხაზეთის საზღვაო აკვატორიის გაკონტროლებაც დე ფაქტო პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის, განუხორციელებელ სურვილად დარჩება... რას ეფუძნება ეს იმედები?


იმედი საქართველოს მიმართ დასავლეთის მხარდაჭერას ეფუძნება... იმ მკაცრი შეფასებების შემდეგ, რაც აფხაზეთის მიმართულებით რუსეთის ცალმხრივ აგრესიულ ნაბიჯებს მოჰყვა, საქართველოს ხელისუფლებაში იტოვებენ იმედს, რომ ახლო მომავალში რუსეთი მორიგი დაუფარავი ქმედებების განხორციელებას მოერიდება. საქართველო ჯერჯერობით არ ასრულებს აფხაზეთში მდგარი რუსეთის სამშვიდობო ჯარისთვის საოკუპაციო ჯარის სტატუსის მინიჭების მუქარას და არ ასრულებს სწორედ იმის მედით, რომ დასავლეთის აქტიური მხარდაჭერით მოახერხებს შეცვალოს საკუთარი ამბოხებული რეგიონებისადმი რუსეთის პოლიტიკა.. იმედი გადაწურული არ არის, თუმცა საქართველოს ხელისუფლებაში არც მოვლენების საპირისპირო მიმართულებით განვითარებას გამორიცხავენ.

პოლიტიკის შეცვლის ნიშანი იქნება ისიც, განახორციელებს თუ არა რუსეთი აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასთან საზღვაო მიმოსვლის აღდგენის გეგმას. გავრცელებული ცნობებით, მიმოსვლა 1 ივლისიდან უნდა განახლდეს და რეისები სოჭიდან გაგრამდე დღეში ოთხჯერ უნდა შესრულდეს. თუ ლაპარაკს საქმეც მოჰყვა, საქართველო ამ ფაქტს საზღვაო საერთაშორისო ორგანიზაციაში გააპროტესტებს. ცნობილი გარემოების გამო აფხაზეთის ყველა ნავსადგური დახურულად არის გამოცხადებული და არც ერთ ქვეყანას არა აქვს უფლება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიასთან რეგულარული საზღვაო რეისები განახორციელოს.. ” ნებისმიერი ხომალდი, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საქართველოს თანხმობის გარეშე შევა, აგრესორად იქნება მიჩნეული”, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ რურუა:


[ნიკოლოზ რურუას ხმა] ”საზღვაო მიმოსვლის აღდგენა ცენტრალური ხელისუფლების ნებართვის გარეშე იქნება კიდევ ერთი უხეში დარღვევა არსებული ხელშეკრულების და შეიძლება უკანასკნელი წვეთიც იმისთვის, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალებმა აფხაზეთში ამოწურონ თავისი მანდატი, რასაც ბოროტად იყენებენ ამდენი ხანია. ”

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ფიქრობს, რომ რუსეთი მორიგ გაუგებარ და აუხსნელ ქმედებაზე არ წავა, თუმცა ვნახოთ... საქართველოს არაერთი საპროტესტო განცხადების მიუხედავად, რომელთაც თან ერთვოდა აფხაზეთში რუსეთის ცალმხრივი ქმედებების დაგმობა დასავლეთის მხრიდან, რუსეთს აფხაზეთიდან არც უკანონოდ შეყვანილი სარკინიგზო ჯარების ქვედანაყოფი გაუყვანია და არც სამშვიდობო ძალების დამატებითი შემადგენლობა. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ აფხაზი სეპარატისტები რუსეთთან საზღვაო მიმოსვლის აღდგენას იოლად მოახერხებენ.. ”ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს მისცემს სრულ საბაბს იჩივლოს საერთაშორისო ორგანიზაციებში, თუმცა შედეგი მინიმალური იქნება. რუსეთს ამისთვის ვერ დასჯიან და არც დასჯიან, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც საქართველო, ისე გაერო რუსეთს აღიარებს სამშვიდობო პროცესის მონაწილედ”, -აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი...
მაგრამ საქართველოს ხელისუფლება თავის მთავარ პრიორიტეტად სამშვიდობო პროცესის ფორმატის შეცვლას სახავს. ფორმულა შემდეგია: პროცესი უნდა მოექცეს უკვე ეუთოს ქოლგის ქვეშ და ქართველებსა და აფხაზებს შორის რუსი ჯარისკაცების ნაცვლად საერთაშორისო ინსტრუქტორების მიერ გაწვრთნილი ადგილობრივი საპოლიციო ძალები უნდა ჩადგნენ.. სოხუმში არსებული ფორმატის შენარჩუნებას უჭერენ მხარს, თანაც დე ფაქტო პრეზიდენტი უკვე რუსეთის სამშვიდობო ძალების მიერ საზღვაო აკვატორიის გაკონტროლებას ითხოვს. საგულისხმოა, რომ ამ მოთხოვნაზე საუბრისას სეპარატისტები მოსკოვის შეთანხმებას ახსენებენ და განმარტავენ, რომ სამშვიდობო ძალების მიერ გასაკონტროლებელი უსაფრთხოების ზონა, ხმელეთის გარდა, ზღვასაც გულისხმობს.. ნიკოლოზ რურუას კომენტარი:

[ნიკოლოზ რურუას ხმა] ”არ მოიცავს ეს ხელშეკრულება ზღვასა და ჰაერს.. მათ ამის უფლება არა აქვთ. იქ მკაცრად არის განსაზღვრული რაოდენობა ცოცხალი ძალისა, რაც სამშვიდობო ძალებს შეიძლება ჰყავდეთ, და ტექნიკა. იქ არც საზღვაო და არც საჰაერო ძალები გათვალისწინებული არ არის. ”(სტილი დაცულია)

განმარტებიდან გამომდინარე, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშილი ფიქრობს, რომ ბაღაფშის სურვილი რუსეთის სამშვიდობო ძალებმა გააკონტროლონ აფხაზეთის საზღვაო აკვატორია მისსავე აუხდენელ სურვილად დარჩება.



XS
SM
MD
LG