Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნების შემდგომი ტენდენციები


ბოლო ათ დღეში დაიხურა საზოგადოებრივი მაუწყებლის საკვირაო გადაცემა „7 დღე“ და ტელეკომპანია „მზის“ საინფორმაციო პროგრამა „მზერა“.

ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი აცხადებს, რომ ფინანსური პოლიცია ზეწოლას ახდენს იმ კომპანიებზე, რომლებიც მათ ტელევიზიაში რეკლამას ათავსებენ. გურჯაანის გაზეთ „პროგრესის“ პასუხისმგებელი რედაქტორი ზვიად რუაძეც ამბობს, რომ ბოლო დღეებში ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელები თავის შეკავებას ურჩევენ იმ ბიზნესმენებს, რომლებიც მათ გაზეთში რეკლამას აქვეყნებენ. რამდენად ასახავს მედიაში მიმდინარე პროცესი არჩევნების შემდგომი პერიოდის ზოგად ტენდენციებს?

ვერ ვიტყვით, რომ ქართულ საზოგადოებაში ერთგვაროვანი განწყობაა გადაცემა „7 დღისა“ და პროგრამა „მზერის“ დახურვის გამო. მოქალაქეების ნაწილს მიაჩნია, რომ ის, რაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქართულ მედიაში ხდება, თავისუფალ სიტყვაზე ზეწოლის გაგრძელებაა. მეორე – უფრო პროტესტულად განწყობილი – ნაწილი კი ამბობს, რომ „7 დღესა“ და „მზერასთან“ ერთად „კურიერსაც“ თუ დახურავენ, მათი ნერვული სისტემა კიდევ მეტად დაიზოგება.

„7 დღეს“ და „მზერას“ ვერავინ დააბრალებს, რომ ხელისუფლებასთან დაპირისპირების გამო დაისაჯნენ. გაცილებით ლოგიკურია პირველივე წუთებში გავრცელებული ვერსია, რომელიც ერთნაირად ესადაგება ორივე გადაცემას: ფინანსები, რომლებიც მათ მომზადებას სჭირდებოდა, არჩევნების შემდეგ ზედმეტი ხარჯი აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის. მართალია, „მზე“ კერძო ტელეკომპანიაა და „7 დღესაც“ კერძო სტუდია „Geo TV“ აფინანსებდა, მაგრამ ორივე პროგრამის დამოუკიდებლობა ფორმალური იყო. ახლა, იმ გადაცემების კვალდაკვალ, რომლებსაც ხელისუფლებისთვის არც ზიანი მოჰქონდა და არც სარგებელი – და მაინც დაიხურა – საფრთხე დამოუკიდებელი მედიისთვის კიდევ მეტად იზრდება.

ასე რომ, თუ მოქალაქე იმ ათვლის წერტილიდან შეაფასებს „მზერის“ დახურვას, რომ ამ პროგრამის მიმართ მისი ნდობის ხარისხი მაღალი არ ყოფილა, ცხადია, მის დახურვას არ ინაღვლებს; ასევე, შეიძლება ვინმემ „7 დღის“ ჟურნალისტებსაც ჰკითხოს, მაშინ რატომ არ იფიქრეთ მოსალოდნელ საფრთხეზე, როცა ხელისუფლებამ „იმედი“ თქვენი ხელით დაანგრიაო.

მაგრამ არსებობს სხვა ათვლის წერტილიც, რომელიც გაცილებით ღრმაა და უფრო სრულად ითვალისწინებს არსებულ ვითარებას. იმ ათვლის წერტილიდან კარგად ჩანს, რომ 21 მაისის საღამოს 8 საათიდან, როდესაც საარჩევნო უბნები დაიხურა, საქართველომ ახალი ცხოვრება დაიწყო – ცხოვრება კრიზისის ზღვარზე.

2007 წლის 7 ნოემბერს ვერც ხალხმა აჯობა ხელისუფლებას და ვერც ხელისუფლებამ – ხალხს. პრეზიდენტის განცხადებამ, რომ ქვეყანაში რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა, ვითარება ერთგვარად განმუხტა. ამ განცხადების შემდეგ არა ქუჩაში, არამედ საარჩევნო ჯიხურში უნდა გადაწყვეტილიყო ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხი – ვის დარჩებოდა საბოლოო გამარჯვება ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი ძალიდან – ხალხს თუ ხელისუფლებას. აქვე უნდა ითქვას, რომ 7 ნოემბრის შემდეგ აზრს კარგავდა მსჯელობა იმის შესახებ, ხომ ვერ შეძლებდა ერთმანეთთან ცივილიზებულ დიალოგს და შეთანხმებას ეს ორი ძალა – საქართველოს მოსახლეობა და საქართველოს ხელისუფლება.

სწორედ ამ რეალობაში – ფაქტობრივად, საკუთარ ხალხთან გადამწყვეტ ბრძოლაში – ჩაატარა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. მომენტის მნიშვნელობა სრულებით ვერ გააცნობიერა ოპოზიციამ, რომელმაც გაუგონარი შეცდომები დაუშვა როგორც ერთი, ისე მეორე არჩევნების წინა პერიოდში.

21 მაისს საბოლოოდ გაირკვა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ შეინარჩუნა ხელისუფლება არა სათუოდ, არამედ ძალიან მყარად. ყველაფერი, რაც არჩევნების შემდეგ ხდება, უბრალოდ, გარეგნული გაფორმებაა იმ შინაარსისა, რომ ხელისუფლებამ თავდადებით იბრძოლა და თავის ხალხს გადამწყვეტი ბრძოლა მოუგო. ის ფაქტი, რომ არჩევნების შემდეგ უმოწყალოდ ნაცემია საარჩევნო პროცესში ჩართული 16 ადამიანი, რომელთაგან 14–მა ახსნა–განმარტება უკვე წერილობითი ფორმით გადასცა საქართველოს სახალხო დამცველს; ის ფაქტი, რომ არჩევნების მომდევნო დღეებშივე გარემოვაჭრეების წინააღმდეგ მორიგი უხეში იერიში მიიტანეს სამართალდამცავებმა; ის ფაქტიც, რომ ბიუჯეტის მორიგი ზრდა აქცენტს სოციალური სფეროდან ისევ თავდაცვის სფეროზე ანაცვლებს; ის ფაქტიც, რომ ხელისუფლება თავისი შეხედულებების მიხედვით ხურავს სატელევიზიო პროექტებს და ავიწროებს ბიზნესმენებს, რომლებიც ამა თუ იმ მედიასაშუალებაში რეკლამას ათავსებენ, სწორედ რომ უკვე მიღწეული გამარჯვების გამაფორმებელი დეტალებია.
XS
SM
MD
LG