Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მოვიდა სუამი საქართველოს სამიტამდე


საერთაშორისო ორგანიზაცია სუამი, რომელიც ანალოგიური სახელწოდების რეგიონალური ორგანიზაციის ბაზაზე 2 წლის წინ კიევში ჩამოყალიბდა, ჯერჯერობით კვლავ საერთო მიზნის ძიებაშია

და დანაკარგები უფრო მეტი აქვს, ვიდრე წარმატებები. ამის მიზეზი ერთადერთია - სუამის მიმართ რუსეთის ანტაგონისტური დამოკიდებულება, რუსეთისა, რომელიც ცდილობს ახალი საერთაშორისო ორგანიზაცია ”მათრახისა და თაფლაკვერის” პოლიტიკით კიდევ უფრო დაასუსტოს.

2006 წლის 22 მაისს, როდესაც კიევში სუამის საერთაშორისო ორგანიზაცია ფუძნდებოდა, ვლადიმირ ვორონინი რუსეთს აკრიტიკებდა, ქართველ კოლეგაზეც კი ხმამაღლა, მოლდოვური ღვინის გამოდევნისა და დნესტრისპირელი სეპარატისტებისადმი აშკარა მხარდაჭერის გამო. ”პოლიტიკაში უფროსი ძმების პერიოდი დამთავრდა,”- ბატონ ვორონინის მიერ მოსკოვის მისამართით ნათქვამი ეს ფრაზა 2 წლის წინ ლამის სამიტის ფრაზად იქცა. თუმცა სუამის ბათუმის სამიტის მთავარი ინტრიგა ისაა, რომ მოლდოვეთის პრეზიდენტი ვლადიმირ ვორონინი მას არ დაესწრება. ანალიტიკოსების უმეტესობას უკვე აღარც აინტერესებს ჩამოუსვლელობის მიზეზი. ყველა იმაზე საუბრობს, დაადგება თუ არა მოლდავეთი უზბეკეთის გზას - უზბეკეთისა, რომელმაც სუამის რიგები 2000 წელს დატოვა. თუკი ასე მოხდა, რა თქმა უნდა, ეს იქნება მოსკოვის მორიგი გამარჯვება: მოსკოვი ხომ ყველა საშუალებით ცდილობდა მის დაუკითხავად აღმოცენებული ამ ახალი ორგანიზაციის დაკნინებასა და დასუსტებას. კრემლის ერთ-ერთმა მთავარმა იდეოლოგმა, მოდესტ კოლეროვმა, ორი წლის წინ სუამს ”ღატაკთა კავშირი” უწოდა.
მაგრამ ყველას ესმის, რომ სუამის ეკონომიკური შემადგენელი სწორედაც რომ ხელწამოსაკრავი არ არის. ბოლოს და ბოლოს მის შემადგენლობაში შედის ნავთობით მდიდარი აზერბაიჯანი, დიდი საექსპორტო პოტენციალის უკრაინა და ეკონომიკურად მზარდი საქართველო. მაგრამ სუამის ბუნებრივი სისუსტე იმაში მდგომარეობს, რომ ოთხი სახელმწიფოსგან შემდგარმა გაერთიანებამ სტარტზევე მკაცრად შეზღუდა საკუთარი თავი და დაკარგა მთავარი იდეა, რითაც სუამი იწყებოდა. 2006 წლის მაისში სუამის ლიდერებმა ახალი ალიანსის მთავარ იდეად სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები წამოაყენეს და უარი თქვეს თანამშრომლობაზე უსაფრთხოების სფეროში. მივიწყებას მიეცა ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრისა და ერთობლივი ქართულ-აზერბაიჯანულ-უკრაინული სამშვიდობო ბატალიონის იდეა. 1998-2003 წლებში თავდაცვის მინისტრის დავით თევზაძის თქმით, ჯერ კიდევ 7-8 წლის წინ იყო შემუშავებული სამშვიდობო ბატალიონის საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურა, მართვის სისტემა და ტერიტორიაც კი, სადაც ქვედანაყოფს უნდა დაედო ბინა.

[დავით თევზაძის ხმა] ”ასეთი ბატალიონის საშტატო გეგმა გაწერილი იყო, თუ რა შემადგენლობისა იქნებოდა. გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა უკვე გამზადებული დისლოკაციის ადგილი, სადაც აბ ბატალიონის მართვა განლაგდებოდა. ეს უნდა ყოფილიყო, რა თქმა უნდა, უკრაინა - უფრო ყირიმისკენ.”(სტილი დაცულია)

სუამის შიგნით ერთობლივი სამშვიდობო ბატალიონის პროექტი, ცხადია, არსად დაკარგულა, თუმცა თაროდან მას, ალბათ, არავინ ჩამოიღებს. სუამის შიგნით სამხედრო შემადგენელი იმთავითვე არ ხიბლავდა მოლდოვეთს, რომელსაც ნეიტრალიტეტი ოფიციალურად აქვს გამოცხადებული. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილხამ ალიევიც სავაჭრო კავშირურთიერთობებში ხედავს სუამის მომავალს, თუმცა აქაც ცოტა უცნაურად იქცევა და საქმე საქმეზე რომ მიდგება, საბრძოლო იარაღსა და ტექნიკას რუსეთისგან ყიდულობს და არა მოკავშირე უკრაინისაგან. სრული ჰარმონია ყველა საკითხში ჯერჯერობით მხოლოდ უკრაინასა და საქართველოს აქვთ, რომლებიც, არაერთი შიდა წინააღმდეგობისა და ნაკლები არგუმენტების მიუხედავად, მესამე წელია ჯიუტად ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ”სუამი ევროპის აღმოსავლეთს აერთიანებს.”


  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG