Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიმდინარე კვირის მიმოხილვა


მიმდინარე კვირის უმთავრესი მოვლენები

საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებს უკავშირდება. აფეთქებებისა და თავდასხმების ფაქტებმა ვითარება დაძაბა როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში. თბილისი სეპარატისტული რეგიონების ლიდერებს ადანაშაულებს, ხოლო სეპარატისტები თბილისისკენ იშვერენ თითს და დასახმარებლად მოსკოვს მიმართავენ. მინდა მიმდინარე კვირის უმთავრეს მოვლენათა დეტალები შეგახსენოთ.

მიმდინარე კვირის დასაწყისში ყურადღების ცენტრში კვლავ მოექცა აფხაზეთი, სადაც აფეთქებათა სერია გაგრძელდა. გავრცელებული ცნობით, 29-30 ივნისს გაგრასა და სოხუმში მომხდარი 4 აფეთქების შედეგადაც დაახლოებით 10 ადამიანი დაშავდა. ცნობას 6 დაღუპულის შესახებ სოხუმის საინფორმაციო წყაროები არ ადასტურებენ. აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება დამნაშავეებს თბილისში ეძებს. მისი ვერსიით, ქართული მხარე აფხაზეთში ტურისტების დაშინებით, საკურორტო სეზონის ჩაშლითა და, შესაბამისად, იქაურებისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროს მოსპობით არის დაინტერესებული. დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა მომხდარს მაშინვე ტერორისტული აქტები უწოდა და შემსრულებლად ქართული სპეცსამსახურები დაასახელა.

ბრალდებებს სიცრუესა და აბსურდს უწოდებენ თბილისში. საქართველოს ხელისუფლებას სულ სხვა ვერსიის სჯერა და ეს თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის კომენტარიდანაც კარგად ჩანს:

(დავით კეზერაშვილის ხმა) ”პირველ რიგში, ჩვენ ამას დიდი ხანია ვამბობთ, რომ ეს არის უკონტროლო ტერიტორია, სადაც არ არსებობს არანაირი კონტროლი, სადაც თარეშობს ძალიან ბევრი შეიარაღებული კრიმინალური ბანდა, რომელიც პერიოდულად ერთმანეთს ეტაკება ხოლმე და, როგორც ჩანს, ახლა გვაქვს საქმე ზუსტად ასეთ კრიმინალურ ბანდიტურ გარჩევასთან, რომლის დროსაც ერთმანეთს რაღაცეებს უდებენ... ეს მათი საქმეა... ზოგადად, ბუნებრივია, მსოფლიომ, დემოკრატიულმა თანამეგობრობამ უნდა დაიწყოს უფრო აქტიურად ზრუნვა იმის შესახებ, თუ როგორ გახდეს აღნიშნული ტერიტორიები კონტროლირებადი იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი სისხლისღვრა, მსგავსი ინციდენტები.” (სტილი დაცულია)

აფეთქებების შემდეგ სოხუმმა იზოლაცია გადაწყვიტა და საქართველოსთან პირობითი საზღვარი ჩაკეტა. დე ფაქტო ხელისუფლების უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, საზღვარი ჩაიკეტა სამოქალაქო პირებისთვის და მათი სატრანსპორტო საშუალებებისთვის. გამონაკლისი დაშვებული იყო მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის და რუსი ცისფერჩაფხუტიანებისთვის. ადამიანები, რომლებსაც ჩაკეტილი პირობითი საზღვრის გადალახვა სურდათ, ათასნაირ დაუძლეველ ბარიერს წააწყდნენ და სასტიკად გაწამდნენ. სოხუმის სეპარატისტული ხელისუფლების გადაწყვეტილებას თბილისში ადამიანის ფუნდამენტური უფლებებების შელახვა უწოდეს. ”სეპარატისტთა უკანონო რეჟიმი ადამიანების იზოლაციასა და კარჩაკეტილობას ეფუძნება,” - ვკითხულობთ საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებაში.

ჯერჯერობით არ არსებობს პასუხი კითხვაზე - როდის განახლდება თავისუფალი მიმოსვლა. დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა, რადიო ”თავისუფლებასთან” მხოლოდ იმას ამბობს, რომ ღონისძიება სამუდამო არ არის:

(სერგეი შამბას ხმა) ”სიტუაციაზეა დამოკიდებული. თუ სიმშვიდე იქნება, ეს ღონისძიება მოიხსნება. ის დროებითი ხასიათისაა.”

სეპარატისტული სოხუმისადმი ერთგულების დემონსტრირებას მიმდინარე კვირაში ისევ აქტიურად ცდილობდა მოსკოვი. სწორედ მიმდინარე კვირაში აღდგა საზღვაო მიმოსვლა სოჭი-გაგრა-სოჭის მარშრუტზე. კატარღა ”ჰერმესი” დღეში 4 რეისს შეასრულებს და თითოეულ რეისზე 250 ადამიანს გადაიყვანს, თუმცა მოსკოვში და სეპარატისტულ სოხუმში ამას მხოლოდ პირველ ნაბიჯებად მიიჩნევენ.

აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები კვირის მეორე ნახევარში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან გავრცელებული კიდევ უფრო მწვავე ამბებით გაგრძელდა. 3 ივლისს ერედვი-ხეითის შემოვლით გზაზე, წვერიახოს მთასთან, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევის კორტეჟის ავტომობილი ოსი სეპარატისტების მიერ დამონტაჟებულ ნაღმზე აფეთქდა. დაიჭრა 3 ადამიანი. მთავარი სამიზნე - დიმიტრი სანაკოევი - არ დაშავებულა. დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მასზე განხორციელებულ თავდასხმას კონფლიქტის ზონაში კრიმინალური ელემენტების საქმიანობას უკავშირებს. თბილისისთვის ყველაფერი ნათელია. მაგალითად, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ რურუა მიიჩნევს, რომ მომხდარი ვითარების დაძაბვას და სამშვიდობო პროცესის ჩაშლას ისახავს მიზნად:

(ნიკოლოზ რურუას ხმა) ”ეს არის ჩვეულებრივი ტერაქტი, რომელსაც მიზნად აქვს მოკლას, ლიკვიდაცია გაუკეთოს ადამიანებს, ვინც არის რეალური იმედი არსებული სიტუაციიდან გამოსვლისა და ცოცხალი სიმბოლო ქართველებსა და ოსებს შორის აღდგენილი ნდობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის. ამას ვერც ერთი აქტი, ვერც ერთი ტერორისტული ქმედება ვერ შეაჩერებს.” (სტილი დაცულია)

სანაკოევზე განხორციელებულ თავდასხმას წინ რამდენიმე საათით უსწრებდა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების დმენისის მილიციის განყოფილების უფროსის ნოდარ ბიბილოვის მკვლელობა. გამთენიისას ის საკუთარი სახლის ეზოში მომხდარი 2 აფეთქების შედეგად დაიღუპა. იმავე ღამით ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ორმხრივი სროლა გაჩაღდა, რომელიც დილამდე გრძელდებოდა. თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ ცეცხლი თავდაპირველად სეპარატისტების მხრიდან გაიხსნა და სამიზნეს ქართული სოფლები ეგნეთი, ნიქოზი და ერედვი წარმოადგენდა. გამოყენებული იყო არაერთი დასახელების საბრძოლო იარაღი. ქართულ მხარეს არავინ დაშავებულა. ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის ინფორმაციით, დაიღუპა 2 და დაიჭრა 6 ადამიანი. თუმცა პარალელურად ვრცელდება ცნობები 3 დაღუპულისა და 11 დაჭრილის შესახებ. 4 ივლისს სეპარატისტულმა ცხინვალმა საყოველთაო სამხედრო მობილიზაციის განკარგულება გასცა, თუმცა რამდენიმე საათში მისი აღსრულების პროცესი შეაჩერა. ქართული სამშვიდობო ძალების სარდალი დარწმუნებულია, რომ სეპარატისტულ ხელისუფლებას ლიახვის ხეობის იზოლირება ჰქონდა განზრახული. მამუკა ყურაშვილის თქმით, თუ ეს ერთხელ კიდევ განმეორდა, სეპარატისტები საკადრის პასუხს მიიღებენ:

(მამუკა ყურაშვილის ხმა) ”ეს იქნება საბედისწერო შეცდომა კოკოითის. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, არაფრის დათმობას არ ვაპირებთ...” (სტილი დაცულია)

ერთგვარი რჩევები, თავის მხრივ, ცხინვალის დე ფაქტო ლიდერსაც აქვს. ედუარდ კოკოითი აქცენტს საკუთარ სიმამაცეზეც აკეთებს:

(ედუარდ კოკოითის ხმა) ”საკუთარ მოვალეობად მივიჩნევ, კიდევ ერთხელ გავაფრთხილო საქართველოს ხელისუფლება, გონს მოეგოს და მშვიდობიან დიალოგზე გადავიდეს. ნუ გამოგვიწვევენ და ნუ დაგვაწყებინებენ შეუქცევად მოქმედებებს აგრესორის გასანადგურებლად. ვიცი, რომ, ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების შემთხვევაში, ოსეთი ნამდვილად არ წააგებს, კიდევ ერთხელ ვაძლევ შესაძლებლობას ქართულ მხარეს, გონს მოვიდეს. ხოლო თუ ქართული მხარე ყურს არ ათხოვებს გონების ხმას, მე მზად ვარ სათავეში ჩავუდგე ჩემს ხალხს, როგორც უწინაც გამიკეთებია... და უკანასკნელ გადამწყვეტ ბრძოლაში გავუძღვე მას. ვიცი, რომ ამ ბრძოლაში ჩვენ გავიმარჯვებთ.”

მაშინ, როცა ედუარდ კოკოითი ამ სიტყვებს წარმოთქვამდა, ცხინვალში იმყოფებოდა მოლდავეთის სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის, დე ფაქტო პრეზიდენტი იგორ სმირნოვი. მართალია, აფეთქებებისა და სროლის შედეგად, დაძაბულ ფონზე, ცხინვალში ვეღარ მოხერხდა დნესტრისპირეთის წლის დაწყებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების რიგიანად ჩატარება, მაგრამ, სამაგიეროდ, კოკოითიმ სმირნოვისგან სამხედრო თვალსაზრისით მხარში ამოდგომის დაპირება კიდევ ერთხელ მიიღო. მსგავი მხარდაჭერის არაერთი განცხადება გაკეთდა სეპარატისტულ სოხუმშიც. ამგვარი დახმარების საჭიროებას კოკოითი ჯერ ვერ ხედავს, თუმცა მან მაინც მიმართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს დმიტრი მედვედევს, რომ კონფლიქტის ზონაში ჯარები შეიყვანოს.

4 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოს ხელისუფლება პროვოკაციულ ქმედებებში დაადანაშაულა და კიდევ ერთხელ მოუწოდა მას, რომ ხელი მოაწეროს დოკუმენტს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ძალის გამოუყენებლობის შესახებ. თბილისში აცხადებენ, რომ ამგვარ შეთანხმებას უკვე ხელმოწერილი დოკუმენტებიც ითვალიწინებს. რაიმე ახლის შექმნაზე საუბარი კი მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის გარანტიების ფონზე იქნება შესაძლებელი.



































  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG