Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოჭის ოლიმპიადის ფაქტორი და საქართველოს უსაფრთხოება


საქართველოს კონფლიქტურ რეგიონზე, აფხაზეთზე, საუბრისას პოლიტოლოგები ხშირად მოიხსენიებენ ზამთრის ოლიმპიადას, რომელიც 2014 წელს რუსეთის ქალაქ სოჭში უნდა ჩატარდეს.

თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა ბოლო პერიოდში, რაც აფხაზეთში ვითარება დაიძაბა და ამ პროცესში რუსეთის როლი კიდევ უფრო აშკარად გამოიკვეთა. აფხაზეთში აღრიცხული ძალადობის ფაქტები სოჭის ოლიმპიადისთვის ერთობ არასახარბიელო ფონად შეაფასა თბილისში მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა. ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა, ასევე თბილისის სტუმარმა, პეტერ სემნებიმ სოჭის ოლიმპიადა რუსეთ-საქართველოს ინტერესების ერთგვარ თანხვედრად მოიხსენია. პრეზიდენტმა სააკაშვილმა კი მოსკოვს თანამშრომლობისკენ მოუწოდა. რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს სოჭის ოლიმპიადის ფაქტორმა უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე საქართველოსა და მთელ რეგიონში?

ზოგი ფიქრობს, რომ სოჭის ზამთრის ოლიმპიადამდე, 2014 წლამდე, ჯერ ძალიან დიდი დროა და პროცესების შეფასება ჯერ საკმაოდ ნაადრევია. თუმცა, მეთვალყურეები სწორედ ამ დარჩენილ 6 წელიწადს აღიქვამენ უმნიშვნელოვანეს პროცესად, როცა ძალიან ბევრი რამ უნდა გადაწყდეს. მით უმეტეს, რომ სოჭის ოლიმპიადისთვის მზადება რუსეთს უკვე კარგა ხნის დაწყებული აქვს და 11 მილიარდი დოლარის დახარჯვასაც გეგმავს.

ბევრისთვის მოულოდნელი აღ მოჩნდა, რომ ოლიმპიადის მასპინძლობისთვის ბრძოლაში რუსეთის სოჭმა აჯობა დანარჩენ ორ კანდიდატს - ბევრად უკეთ მომზადებულ ავსტრიის ქალაქ ზალცბურგსა და სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანს. ამიტომ მეთვალყურეთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ მაშინ, როცა რუსეთის ქალაქი სოჭი ზამთრის ოლიმპიადის მასპინძელ ქვეყნად გამოცხადდა, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ერთგვარი პოლიტიკურად წინდახედული სვლა გააკეთა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთს შეუქმნა მოტივაცია, რომ ის უფრო კარგად დაფიქრდეს მშვიდობისა და სტაბილურობის აუცილებლობაზე რეგიონში.

შესაბამის შედეგებზე ჯერჯერობით სულაც არ მეტყველებს მეზობელ საქართველოში განვითარებული მოვლენები, სადაც მოსკოვის ხელწერა უკვე ვაშინგტონმაც შენიშნა. სოჭის ოლიმპიადის კონტექსტში დასმულ შეკითხვას 10 ივლისს თბილისში მყოფმა კონდოლიზა რაისმა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ძალადობაზე საუბრით უპასუხა:

(კონდოლიზა რაისის ხმა) ”უპირველეს ყოვლისა, მე მინდა ვილაპარაკო ძალადობაზე. ძალადობა უნდა შეწყდეს, ვინც უნდა იყოს დამნაშავე, და მე ეს პრეზიდენტთანაც ვახსენე. არ უნდა იყოს ძალადობა, არ უნდა იღუპებოდნენ უდანაშაულო ადამიანები... ”

კონდოლიზა რაისის ამ კომენტარამდე ერთი დღით ადრე აფხაზეთთან მიმართებით სოჭის ოლიმპიადა ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა პეტერ სემნებიმაც ახსენა. 9 ივლისს თბილისში მან ერთგვარი იმედი გამოთქვა, რომ სოჭის ოლიმპიადის ფონზე რუსეთისა და საქართველოს ინტერესების შეჯერება მოხერხდება:

(პეტერ სემნების ხმა) ”რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის ინტერესებს, სრულიად აშკარაა, რომ თბილისისა და მოსკოვის პოზიციებს შორის შეუთავსებლობაა. თუმცა ისიც მჯე რა, რომ ამ შეუთავსებლობისა და განსხვავებების მიღმა არსებობს დონე, რომელზეც შევძლებდით საერთო ინტერესების მოძებნას. საბოლოოდ, სტაბილურობა ამ რეგიონში უნდა იყოს როგორც საქართველოს, ისე რუსეთის ინტერესებში. მაგალითად, ვიტყოდი, რომ სოჭის ოლიმპიადამ, რომელიც ვინმეს შეიძლება შორეულად ეჩვენებოდეს, - ფაქტია, რომ მისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს, - კიდევ უფრო უნდა გამოკვეთოს რუსეთისა და საქართველოს საერთო ინტერესი სტაბილურობის მიმართ.”

საერთო ინტერესები მოსკოვს საქართველოს პრეზიდენტმაც შეახსენა. 10 ივლისს, კონდოლიზა რაისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, მიხეილ სააკაშვილმა რუსეთისთვის ადრე ერთხელ უკვე შეთავაზებული წინადადების შინაარსი გაიმეორა:

(მიხეილ სააკაშვილის ხმა) ”რა თქმა უნდა, ეს დაკავშირებულია რეგიონის უსაფრთხოებასთან. ეს ერთიანი რეგიონია... და ჩვენ ვიქნებით მეტად მოხარული, თუკი შეიქმნება ერთიანი კომიტეტი რუსეთის ფედერაციასთან, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო და წარმატებულ გარემოს სოჭის ოლიმპიადის ჩასატარებლად. ეს მოიცავს ეკონომიკურ საკითხებს, თანამშრომლობის საკითხებს, სასაზღვრო საკითხებს, მიგრაციის საკითხებს, ხალხის გადაადგილების საკითხებს და ყველაფერს, რაც უკავშირდება სოჭის ოლიმპიადას. ჩვენ ადრეც წამოვაყენეთ წინადადება და ხელმეორედ გავაკეთებთ ოფიციალურ შეთავაზებას, რომ შეიქმნას ასეთი კომიტეტი რუსეთის მთავრობასთან ერთად, რათა ხელი შევუწყოთ ოლიმპიური თამაშების ჩატარებას და თავიდან ავიცილოთ ყველა შესაძლო პრობლემა... პრობლემები არსებობს და ამის უარყოფა შეუძლებელია. ჩვენ მტკიცედ ვუჭერდით მხარს ოლიმპიადის სოჭში ჩატარებას და ვფიქრობთ, რომ ეს ძალზე კარგი შანსია მშვიდობისთვის რეგიონში.”

პოლიტოლოგებისთვის ადვილი მისახვედრია, რომ რუსეთს ამ საკითხში საქართველოსთან თანამშრომლობა არ აწყობს. ამიტომ არავის უკვირს, რომ მოსკოვმა სოჭის ოლიმპიადის ობიექტების მშენებლობისთვის აფხაზეთის სანაპირო ზოლიდან ქვიშისა და ღორღის აღება თბილისისგან დაუკითხავად დაიწყო. თანაც იმ ოდენობით, რომ საქართველო სულ მალე, შესაძლოა, ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს.

პოლიტიკური რისკების მკვლევარი ბაკურ კვაშილავა დარწმუნებულია, რომ რუსეთი ჩქარობს და სოჭის ოლიმპიადამდე ვითარების სათავისოდ გამოყენებას ცდილობს - მათ შორის, აფხაზეთთან მიმართებითაც:

(ბაკურ კვაშილავას ხმა) ”რაც შეიძლება ადრე, სოჭის ოლიმპიადამდე, გადაწყვიტოს ეს საკითხი ისე, რომ უკვე ჩამოყალიბდეს 2014 წლისთვის - უფრო სწორად, ალბათ, სადღაც 2012 წლისთვის - შედარებით სტაბილური სიტუაცია. საქართველოს მიერ ამ მოვლენის გამოყენების შესაძლებლობა გაიზრდება, რაც უფრო მივუახლოვდებით 2014 წელს.” (სტილი დაცულია)

თუმცა აფხაზეთთან მიმართებით ლოდინს არც საქართველო აპირებს და ცდილობს საერთაშორისო ძალისხმევით შეაჩეროს რუსეთი, რომლის პოლიტიკური ამბიციები ოლიმპიადის მოლოდინმა ჯერჯერობით ვერ მოთოკა.


  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG