Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა იქნება კონფლიქტის ზონაში ”გერმანული გეგმის” შემდეგ


აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების ”გერმანული გეგმა,” რომელიც მოკონფლიქტე მხარეებს პირადად გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააცნო, ყველა მხრიდან წინააღმდეგობას წააწყდა.

რუსეთის და აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობები უნისონში იმეორებენ, რომ სამეტაპიანი გეგმის რეალიზების მთავარ პირობად ზემო აფხაზეთიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაყვანა და ძალის გამოუყენებლობის თაობაზე შეთანხმება უნდა გახდეს. საქართველოს ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ასეთი შეთანხმება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მყარი გარანტიის შემთხვევაში გაფორმდება. ეს კ იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში კვლავ გაგრძელდება ”არც ომის და არც მშვიდობის” სიტუაცია.


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის გეგმა რუსულ და აფხაზურ ”ბარიერს” წააწყდა. აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 19 ივლისს განაცხადა, რომ ნებისმიერი გეგმის განხილვის სანაცვლოდ საქართველოსგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს - ხელისუფლებამ თავდაუსხმელობის პირობა უნდა დადოს. ძალის გამოუყენებლობის იდეას, სოხუმის გარდა, უპირობოდ ემხრობა მოსკოვის ხელისუფლებაც.

[სერგეი შამბა] ”პირველ ყოვლისა, უნდა დაისვას საკითხი, რომ საქართველომ შეასრულოს დაკისრებული ვალდებულება და გაიყვანოს ჯარები კოდორის ხეობიდან. შემდეგ უნდა მოეწეროს ხელი დოკუმენტს, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ - ეს არის ომის განუახლებლობისა და უსაფრთხოების გარანტიები.”

საქართველოს ხელისუფლება, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ზემო აფხაზეთში, იმავე კოდორის ხეობაში, მხოლოდ პოლიციური ქვედანაყოფი ჰყავს. რაც შეეხება ძალის გამოუყენებლობას, თბილისი შესაძლებლად მიიჩნევს ასეთ ხელშეკრულებაზე ხელმოწერას, ოღონდ, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, საქართველოს ხელიუსფლებას ამ საკითხისადმი საკუთარი პრინციპული მიდგომა აქვს:


[დავით ბაქრაძის ხმა]“ჩვენ არ გვაქვს არაფერი საწინააღმდეგო ძალის არგამოყენების პრინციპის მიმართ, მაგრამ არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. პირველი: ნებისმიერი შეთანხმება კონფლიქტის მოგვარების თაობაზე აუცილებლად უნდა ასახავდეს დევნილების დაბრუნების აუცილებლობას და ვერანაირი კონფლიქტის მოგვარება, მათ შორის მშვიდობიანი გზით, ვერ შედგება, თუ არ მოხდა დევნილების დაბრუნება. დავაფიქსიროთ შეთანხმებაში, დოკუმენტში, რომ ეს კეთდება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და მაშინ ჩვენ ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე პრობლემა არ გვექნება. მაგრამ, ისევ ვიმეორებ, რუსეთის მიერ შემოთავაზებული ფორმით, რაც გულისხმობს ირიბ აღიარებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, ბუნებრივია, ასეთი ფორმა ჩვენთვის მიუღებელია.”(სტილი დაცულია)

ასეთი დამოკიდებულება - როდესაც ორივე მხარეს საკუთარი სიმართლე და საკუთარი პირობები აქვს - ჩიხში აყენებს დიალოგის განახლებას გეგმაზე, რომელიც საქართველოს, მეგობართა ჯგუფის სახელით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩამოუტანა. ბევრი ანალიტიკოსი შიშობს, რომ ჩიხში ექცევა საქართველოს ხელისუფლება. ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში არჩილ გეგეშიძემ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ დასავლეთი ჯერჯერობით თავისი რესურსით ვერ ახერხებს რუსეთის დამანგრეველი ზემოქმედების განეიტრალებას:

[არჩილ გეგეშიძე] ”მოთმინების რა რესურსი დარჩა ქართულ მხარეს? - ასე უნდა დავსვათ შეკითხვა. გარკვეულ რესურსს ამ მოთმინებისას ავსებს ის, რომ დასავლეთი გვიჩიჩინებს - აი, კიდევ ცოტა მოითმინეთო და რაღაცნაირად თავი შეიკავეთ პროვოკაციებისგანო. მაგრამ ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს და მიმაჩნია, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ეს მოთმინების რესურსი ამოიწუროს და ძალიან არასასურველი განვითარება პოვოს მოვლენებმა.” (სტილი დაცულია)

მოვლენები საკმაოდ არასასიამოვნოდ ვითარდება. მიმდინარე კვირის დასაწისში რუსეთის არმიამ ჩრდილოეთ კავკასიაში წამოიწყო ორკვირიანი სწავლება, რომლის ლეგენდა სეპარატისტული რეჟიმების სამხედრო დახმარებას და მოსალოდნელი ქართული აგრესიის აღკვეთას ითვალისწინებს. მაგრამ საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ მას მოთმინების დიდი რესურსი აქვს და არ აჰყვება პროვოკაციას. რაც შეეხება მსგავსი ხასიათის სწავლებას, მე შესაძლებლობა მქონდა ერაყში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ ზაზა გოგავასგან მომესმინა რუსული საფრთხის შეფასება:

[ზაზა გოგავა] ”ამ ბოლო დროს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი პატარა ქვეყნის, თავისი მეზობლის, საქართველოს მიმართ დაშინების პოლიტიკას მიმართავს. მე პირდაპირ მინდა განგიცხადოთ, რომ აღარ არის ის საქართველო, რომელსც ასეთი გამოწვევების ეშინია, ან ასეთ თამაშებზე წამოეგოს და შემდეგ დათმოს თავისი ინტერესები.”(სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG