Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსალოდნელია თუ არა თბილისში სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის მასობრივი გაძვირება?


თბილისში რამდენიმე მიმართულებით მოძრავმა სამარშრუტო ტაქსებმა 1 ივლისიდან მგზავრობის გადასახადი 50-დან 70-თეთრამდე გაზარდეს.

ლეიბორისტული პარტიის აღმასრულებელი მდივანი პაატა ჯიბლაძე გამოთქვამს ეჭვს, რომ პროცესი გაგრძელდება და მალე გაძვირება ამ ტიპის ტრანსპორტის ყველა მგზავრს შეეხება. შრომის პარტიის წარმომადგენელი ყველაფერს დედაქალაქის მერიასა და საკრებულოს აბრალებს, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სექტორის მიერ დაწესებული ფასების რეგულირება მერიისა და საკრებულოს საქმე არ არის. რა ხდება სინამდვილეში, რას ფიქრობენ სამარშრუტო ტაქსების მძღოლები და მათი მგზავრები?

სამარშრუტო ტაქსი ბევრი თბილისელისთვის გადაადგილების ერთადერთი საშუალებაა და ასეთებმა მგზავრობის გაძვირებასთან დაკავშირებული ინფორმაცია გულთან ახლოს მიიტანეს:

(ქალის ხმა) ”მარშრუტკა რო გაძვირდეს, რით უნდა ვიარსებოთ... რა უნდა ვქნათ, ხალხნო... სადა მაქვს, სამუშაო არა მაქვს და არაფერი არა მაქვს და რა უნდა გავაკეთოთ, შვილო... ქუჩაში ვმუშაობ, მაგრამ ქუჩაში რა უნდა გავაკეთო ისეთი, რომ სახლში შევიტანო... პურის ფულს ვაკეთებ, მეტი არაფერი. ჯერ ხალხს სამუშაოები მისცენ და მერე გააძვირონ.” (სტილი დაცულია)

(კაცის ხმა) ”ცოდვაა ხალხი, დაიხრჩობა, რა... აი, ახლა ჩემი ოჯახის მაგალითზე რომ ავიღოთ, მართლა გაგვიჭირდება... იმიტომ რომ მუდმივი სამუშაოც არა მაქვს, მშენებლობაზე ვმუშაობ. ცოტა სახელმწიფომაც უნდა გაიღოს, რომ არ გაძვირდეს.” (სტილი დაცულია)

ინფორმაცია სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის საფასურის მასობრივი გაძვირების შესახებ ლეიბორისტმა ჯიბლაძემ 3 ივლისს მეტროსადგურ ”მარჯანიშვილის” მიმდებარე ტერიტორიაზე გაავრცელა. პაატა ჯიბლაძეს, რომელიც, პარტიული თანამებრძოლის გიორგი გუგავას ნაცვლად, ხვალ-ზეგ საკრებულოს წევრის მანდატით აღიჭურვება, დამნაშავეები და უდანაშაულოები უკვე მოძებნილი ჰყავს:

(პაატა ჯიბლაძის ხმა) ”არ არის დანაშაული ამ საკითხში მძღოლებისა... ეს არის მათ ზემოთ მდგომი ადამიანების და მერიასა და საკრებულოში დაკავშირებულ ადამიანებთან ინტერესებში, საერთო ინტერესებში, ალბათ... და, აი, უკვე, ფაქტიურად, დედაქალაქში გადაადგილება გახდება შეუძლებელი. მე მხედველობაში მაქვს საშუალოზე დაბალი ფენა, რომელიც ძირითადად მგზავრობს ამ ტრანსპორტით.” (სტილი დაცულია)

ბრალდების ერთ-ერთი ადრესატის - დედაქალაქის საკრებულოს - თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი ბრალმდებლებს შეახსენებს, რომ სამარშრუტო ტაქსების მიერ დაწესებული ფასების გადახედვის უფლება არავის აქვს:

(ზაალ სამადაშვილის ხმა) ”კერძო სექტორია ეს და ამიტომ ჩვენ იქ ფასებს არ ვადგენთ... ეს არის კერძო სექტორი და ბაზარი არეგულირებს ამას. მუნიციპალურ ტრანსპორტს რაც შეეხება, იქ ჩვენ ვართ, ასე ვთქვათ, დამდგენები, ეს იქნება ყვითელი ავტობუსი, ეს იქნება მეტროპოლიტენი, მაგრამ რაც შეეხება ახლა სამარშრუტო ტაქსებს, იქ არა. ” (სტილი დაცულია)

პასუხი არ აკმაყოფილებს პაატა ჯიბლაძეს, რომელიც ვარდების რევოლუციამდელ პრაქტიკას იხსენებს, როცა მგზავრობის საფასურს ჯერ საქალაქო მეურნეობის კომისია განიხილავდა, ხოლო შემდეგ საკრებულო ამტკიცებდა. მემარცხენე ჯიბლაძე საბაზრო კანონებს არ ითვალისწინებს:

(პაატა ჯიბლაძის ხმა) ”ბაზარი, რას ჰქვია, არეგულირებს... ბაზარი ბევრ რამეს არეგულირებს, მაგრამ, როდესაც ეს ეხება დედაქალაქს, დედაქალაქის ინტერესებს, ამ შემთხვევაში საკრებულოსთან შეთანხმების გარეშე ამ საკითხის გადაწყვეტა არ უნდა მომხდარიყო.” (სტილი დაცულია)

მაშინ, როცა ლეიბორისტები მგზავრებს გაძვირებისგან ასე აქტიურად იცავენ, აღმოჩნდა, რომ სამარშრუტო ტაქსების მძღოლების დიდი ნაწილი საფასურის გაზრდაზე არც კი ფიქრობს. მეტიც, მათ ასეთი პერსპექტივის თავად ეშინიათ:

(მძღოლების ხმები) ”არა,არ გააძვირებენ... ისევ 50 თეთრი ღირს. იმიტომ რომ აქ სხვა მაფია თამაშობს... რომ გააძვირონ ამათ, ამათ გაყრიან, ავტობუსებს შემოიყვანენ... გაიგე?! ”/ ”ჩემი პირადი აზრია, ჯერჯერობით, მე მგონი, ნაადრევია გაძვირება. კონკურენციას ვერ გავუწევთ ავტობუსებს. ეს მე ორმაგი ხაფანგი მგონია: ერთი ის, რომ გაძვირებით დავკარგავთ მგზავრს და მეორე ის, რომ, კულუარული ინფორმაციით, გაძვირებასთან დაკავშირებით მერია აპირებს ფასების გაზრდას, გადასახადების გაზრდას სამარშრუტო ტაქსებზე... ამასთან დაკავშირებით, ორი კურდღლის დაჭერა სურთ. ამიტომ გვიყიჟინებენ - გაძვირდა, გაძვირდა, გაძვირდა...” (სტილი დაცულია)

კომენტარში ნახსენებ ეგრეთ წოდებულ კულუარულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე. ზაალ სამადაშვილი ამბობს, რომ სამარშრუტო ტაქსებისთვის გადასახადების გაზრდას არავინ გეგმავს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG