Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის მმართველი პარტია აკრძალვას გადაურჩა


თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უარყო მოთხოვნა ქვეყნის მმართველი პარტიის აკრძალვის შესახებ.

ამდენად, პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის “სამართლიანობისა და განვითარების პარტია”, რომლის საქმიანობაც, ზოგის შეფასებით, ძირს უთხრის თურქეთის სეკულარულ სისტემას, ფრიად უსიამოვნო მდგომარეობაში ჩავარდნას გადაურჩა. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლომ მაინც საჭიროდ მიიჩნია მმართველი პარტიის “გაფრთხილება”... თუ როგორ, ამაზე მოგვიანებით.

გადაწყვეტილება თურქეთის მმართველი პარტიის აკრძალვის მოთხოვნით შეტანილ სარჩელზე, ანკარაში სამდღიანი განხილვის შემდეგ გამოაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ჰაშიმ კილიჩმა: [კილიჩის ხმა] “სარჩელს სამართლიანობისა და განვითარების პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მოჰყვა გადაწყვეტილება, პარტია არ აიკრძალოს”.

მაშ ასე, თურქეთის მმართველი პარტია აკრძალვას გადაურჩა - ძლივს გადაურჩა. საკონსტიტუციო სასამართლოს 11 მოსამართლიდან 7-ის ხმა იყო საჭირო აკრძალვის მხარდასაჭერად. მოგროვდა 6 - ანუ საქმე ერთადერთმა ხმამ გადაწყვიტა. მეორე მხრივ, პარტიამ ვერ აიცილა ფინანსური სანქცია: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართლიანობისა და განვითარების პარტიას ერთი წლით გუნახევრდება ფინანსური დახმარება, რომელსაც სახელმწიფოსაგან იღებს. [კილიჩის ხმა] ამ შინაარსის განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ დასძინა, რომ დახმარების განახევრება “სერიოზული გაფრთხილებაა” და რომ მმართველ პარტიას მართებს, მთელის სერიოზულობით მოეკიდოს ამ მითითებას.

ანკარაში ოთხშაბათს მიღებულმა გადაწყვეტილებამ ბოლო მოუღო რამდენიმეთვიან გაურკვევლობას, რომელმაც უარყოფითი გავლენა იქონია თურქეთის საფინანსო ბაზრებზე შეშფოთების გამო, რომ დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვებული პარტიის აკრძალვასთან ერთად, შეჩერდებოდა პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები.

უნდა ითქვას, რომ სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ ერთი წლის წინანდელ საპარლამენტო არჩევნებში ელექტორატის ხმების 47 პროცენტი მოიპოვა - თან ირწმუნება, რომ ისლამური საფუძვლების მიუხედავად, არ გააჩნია ისლამთან დაკავშირებული პოლიტიკური მიზნები.

მაგრამ ასე არ ფიქრობენ ოპონენტები, მათ შორის კი სამხედრო სფეროს გავლენიანი წარმომადგენლებიც არიან - ხალხი, ვინც თავს თურქული სეკულარიზმის დამცველად მიიჩნევს და შიშობს, რომ ამჟამინდელი მმართველი პარტია ისლამური სახელმწიფოს შექმნისაკენ მიისწრაფვის.

გენერალურმა პროკურორმა აბდურრაჰმან იალჩინკაიამ პარტიის აკრძალვა მოითხოვა, მეტიც: პოლიტიკური საქმიანობის 5-წლიანი აკრძალვა მმართველი პარტიის ხელმძღვანელობის 71 წარმომადგენელისთვის. მათ შორის თურქეთის პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი არიან...

ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო აკრძალვას რომ მიმხრობოდა, მთავრობა დაიშლებოდა და თურქეთს მწვავე პოლიტიკური კრიზისი მოიცავდა. ლოგიკური იქნებოდა უარყოფითი ზეგავლენა ეკონომიკასა და საგარეო პოლიტიკაზეც.

ახლა, კრიზისის თავიდან აცილების შემდეგ, თურქეთში ბევრმა შვებით ამოისუნთქა. მათ შორის უდავოდ არის პარლამენტის თავმჯდომარე კოკსალ ტოპტანი, რომელიც ოთხშაბათსვე მიესალმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა კი პირობა დადო, რომ “სამართლიანობისა და განვითარების პარტია” კვლავაც უერთგულებს თურქეთის სეკულარულ პრინციპებს.
XS
SM
MD
LG