Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორი განწყობაა ოპოზიციურ ფლანგში 4 ოქტომბერს დაგეგმილი ორი არჩევნების მიმართ


ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, ვაკისა და დიდუბის საარჩევნო ოლქებში შუალედური მაჟორიტარული არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება.

ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს, თუ ვინ მიიღებს სადეპუტატო მანდატებს, რომლებზეც, 21 მაისის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, უარი თქვეს ახალმა მემარჯვენეებმა დავით გამყრელიძემ და დავით საგანელიძემ. ასევე 4 ოქტომბერს გაიმართება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. რას აპირებს ოპოზიციური ფლანგი? ვინ და როგორ ემზადება ამ ორ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად?

ოპოზიციის ის ნაწილი, რომელმაც ერთხელ უკვე თქვა უარი საქართველოს პარლამენტში შესვლაზე, მკვეთრად უარყოფითად უყურებს თბილისის ორ საარჩევნო ოლქში არჩევნების ხელმეორედ ჩატარებას. ამ საკითხზე საუბარიც კი ზედმეტად მიაჩნიათ გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალ პოლიტიკურ ძალებს და მათაც, ვინც ამ გაერთიანებაში არ შედის. ლეიბორისტები რეპრესიების დაწყებაზე აკეთებენ აქცენტს და აცხადებენ, რომ ვიდრე ქვეყანაში ასეთი განუკითხაობაა, მონაწილეობის მიღება არანაირ არჩევნებში არ ღირს. შუალედურ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ რესპუბლიკელებიც.

21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე ვაკისა და დიდუბის საარჩევნო ოლქების ორივე გამარჯვებული (დავით გამყრელიძე და დავით საგანელიძე), რომლებმაც უარი თქვეს დეპუტატობაზე, ახალი მემარჯვენეების რიგებიდან იყო. შესაბამისად, პარლამენტში მუშაობასთან დაკავშირებით პარტიის პოზიცია არც ამჯერად შეცვლილა. ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ, წინასწარვე იცის, თუ როგორ მოიქცევა ”ჭეშმარიტი ოპოზიცია”:

(ფიქრია ჩიხრაძის ხმა) ”ვინც ჭეშმარიტ ოპოზიციად და რეალურ ოპოზიციად მიიჩნევს თავს, ალბათ, ამ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს... ის, ვინც მონაწილეობას მიიღებს, დარწმუნებული ვართ, შეასრულებს იმავე ფუნქციას, რა ფუნქციასაც ასრულებს დღეს პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიცია.” (სტილი დაცულია)

პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიციის მისამართით პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიციის უარყოფითი დამოკიდებულება უკვე კარგა ხანია ცნობილია. თუმცა პარლამენტში წარმოდგენილ ოპოზიციას - მაგალითად, ”ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას” - თავის ერთ-ერთ ფუნქციად სწორედ არჩევნებში მონაწილეობა მიაჩნია. გიორგი თარგამაძის პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენელი, დეპუტატი ლევან ვეფხვაძე, ამბობს, რომ ქრისტიან-დემოკრატები აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას თბილისის ორი საარჩევნო ოლქის შუალედურ არჩევნებში და არამხოლოდ:

(ლევან ვეფხვაძის ხმა) ”ჩვენ ყველანაირ არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას, რომელიც ამ ქვეყანაში ჩატარდება, რადგანაც მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის არჩევნები არის ერთადერთი ბრძოლის ფორმა იმისათვის, რომ შენ შენს ამომრჩეველს დაუმტკიცო შენი სიმართლე და შესთავაზო კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, მეტი და განსხვავებული სხვა პოლიტიკური ჯგუფებისგან.” (სტილი დაცულია)

ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ ნიადაგი უკვე მოამზადა მონაწილეობის მისაღებად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში. თბილისის 2 ოლქის შუალედური არჩევნებისგან განსხვავებით, აჭარაში ქრისტიან-დემოკრატებს, როგორც ჩანს, არაერთი კონკურენტი გამოუჩნდება. რადგანაც განაცხადის შეტანის საბოლოო ვადა სამიოდე დღეში იწურება, შესაბამის საარჩევნო კომისიაში განაცხადის შეტანას აუცილებლად იჩქარებენ რესპუბლიკელები, თუმცა, როგორც პარტიის თავმჯდომარე ამბობს, 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობა რამდენიმე საკითხის გარკვევის შემდეგ გადაწყდება. დავით უსუფაშვილი პოლიტიკურ რეპრესიებსაც ახსენებს:

(დავით უსუფაშვილის ხმა) ”პირველ რიგში, ეს არის პროპორციული სისტემით მანდატების განაწილების წესში სიცხადის შეტანის აუცილებლობა. ამ თემაზე არის სერიოზული პრობლემები... მეორე, ჩვენ ვთვლით, რომ უნდა შეწყდეს ის პოლიტიკური რეპრესიები, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო ხელისუფლებამ, რაც გამოიხატა ზოგიერთი პარტიისთვის დაფინანსების წართმევაში, ხოლო ბოლო ხანებში ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლების მიმართ რეპრესიებში, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ჯანსაღ პოლიტიკურ ცხოვრებასთან.” (სტილი დაცულია)

ამ ორი უმთავრესი საკითხის გარკვევას რესპუბლიკური პარტია, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევით, არჩევნებისთვის მზადების პარალელურად შეეცდება და თუკი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, პარტია ნებისმიერ ეტაპზე გამოეთიშება წინასაარჩევნო კამპანიას. უსუფაშვილის თქმით, კანონის მოთხოვნას, რომელიც მანდატების პროპორციული წესით განაწილებას განსაზღვრავს, ხელისუფლება თავის სასარგებლოდ კითხულობს და სათავისო ინტერპრეტაციით განიხილავს. ამ საკითხში სიცხადის შეტანა კი აუცილებელია იმისთვისაც, რომ ამა თუ იმ პარტიამ გადაწყვიტოს რა უღირს - არჩევნებზე დამოუკიდებლად მოქმედება თუ რომელიმე სხვა ძალასთან გაერთიანება. რესპუბლიკური პარტია კონსულტაციებს რამდენიმე დღეში დაიწყებს. დავით უსუფაშვილი გამორიცხავს თანამშრომლობას საპარლამენტო ოპოზიციასთან:

(დავით უსუფაშვილის ხმა) ”თუ საბოლოოდ გადაწყდა ჩვენი მონაწილეობა აჭარის არჩევნებში, მაშინ ჩვენი პოზიცია იქნება მაქსიმალური კოორდინაცია არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან და ამ მიზნით ჩვენ მზად ვიქნებით კონსულტაციებისთვის ყველა მათგანთან... მაგრამ, ხაზს ვუსვამ, არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში.” (სტილი დაცულია)

რესპუბლიკურ პარტიასთან თანამშრომლობის მომხრედ რჩებიან ახალი მემარჯვენეები, თუმცა, როგორც ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, მის პარტიას ჯერჯერობით არ აქვს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება აჭარაში დაგეგმილ არჩევნებთან მიმართებით. და მაინც, თუკი ბოიკოტის თემა დღის წესრიგიდან მოიხსნა, ჩიხრაძისთვის სასურველი იქნება, არასაპარლამენტო ოპოზიციამ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის კანდიდატურები ერთობლივად შეაჯეროს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG