Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თურქეთის პრემიერ-მინისტრი ეწვია


დღეს საქართველოს თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოანი ეწვია. თბილისის სტუმარმა შეშფოთება გამოხატა

საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო და ნაომარ ქვეყანას აღმშენებლობის პროცესში აქტიურ დახმარებას დაჰპირდა. პარალელურად, თურქეთის პრემიერ- მინისტრმა წამოაყენა წინადადება, რომლის მიხედვითაც რეგიონის უსაფრთხოების დაცვისთვის საგანგებო ორგანიზაცია უნდა შეიქმნას. როგორ აფასებენ პოლიტოლოგები თურქეთის მაღალი რანგის პოლიტიკოსის ვიზიტს საქართველოში?

14 აგვისტოს, დაშვებული შავლენტიანი დროშების ფონზე, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს კიდევ ერთ სტუმარს, თურქეთის პრემიერ-მინისტრს რეჯებ ტაიპ ერდოანს, და ერთობლივი სამომავლო გეგმები დააკონკრეტა:

(მიხეილ სააკაშვილის ხმა) ”ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ძალიან ინტენსიურ დიალოგს, ჯერ ერთი, იმისათვის, რომ ვიპოვოთ მშვიდობის აღსადგენად გამოსავალი, საქართველოს ოკუპაციის დასასრულებლად გამოსავალი... მეორე, ძალიან მადლობელი ვარ თურქეთის მხარისა იმისათვის, რომ თურქეთმა ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გამოგზავნა საქართველოში. ჩვენ გვინდა და ჩვენ ვთხოვთ თურქეთს, გააგრძელოს ჩვენი დახმარება და ჩვენ შევთანხმდით, რომ, მას შემდეგ, რაც დასრულდება საქართველოს ქალაქების ოკუპაცია, ჩვენ ერთად აღვადგენთ, თურქეთის დახმარებით, ქალაქ გორს და ვიმუშავებთ ასევე რამდენიმე სხვა ობიექტის აღდგენაზე.” (სტილი დაცულია)

მართალია, თურქეთის პრემიერ–მინისტრს უშუალოდ ”ოკუპაციაზე” არ უსაუბრია, მაგრამ მან გარკვევით თქვა, რომ არავის აქვს უფლება ხელყოს საერთაშორისო სამართლის ნორმებით განსაზღვრული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.

(ერდოანის ხმა)

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე გარკვევით თქვა, რომ სტაბილურობა და კეთილდღეობა საქართველოში მეტად მნიშვნელოვანია თურქეთისთვის, რომელსაც მეზობელ ქვეყანასთან ახლო მეგობრული ურთიერთობები აქვს, და რომ ანკარა მზად არის დაეხმაროს საქართველოს მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც ომმა ასე სასტიკად დააზარალა.

14 აგვისტოს თბილისში გამართულ ბრიფინგზე რეჯებ ტაიპ ერდოანმა გაახმოვანა ინიციატივა, რომელიც კავკასიის უსაფრთხოების დაცვას ისახავს მიზნად. კერძოდ, უნდა შეიქმნას ეუთოს პრინციპებზე დაფუძნებული სპეციფიკური რეგიონალური ორგანიზაცია. მთელ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის გარდა, ახალი ინიციატივის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, რეჯებ ტაიპ ერდოანის აზრით, ენერგეტიკული უსაფრთხოების დაცვაა. თურქეთის პრემიერ-მინისტრს სჯერა, რომ ამგვარი ორგანიზაციის ჩამოყალიბება კონფლიქტური სიტუაციების პრევენციასაც შეძლებს. აღსანიშნავია, რომ ეს ინიციატივა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა 13 აგვისტოს მოსკოვსაც გაუზიარა და კმაყოფილი დარჩა იმით, რომ კრემლმა ინტერესი გამოამჟღავნა ამ იდეის მიმართ.

მოდით, აქვე გავიხსენოთ, რომ 12 აგვისტოს, რუსეთის სამხედრო ავიაციის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად, დაზიანდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი. მანამდე დაიბომბა ფოთის ნავსადგური, სადაც საერთაშორისო ენერგეტიკული პროექტის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ელემენტებია განთავსებული.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, თბილისში ჩასვლამდე თურქეთის პრემიერ-მინისტრი შეეცადა ტელეფონით დაკავშირებოდა მოსკოვს, მაგრამ კრემლში მასთან საუბარი არ ისურვეს და ამბობენ იმასაც, რომ მას ყურმილი დაუკიდეს. პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე ფიქრობს, რომ რაგინდ დიდიც უნდა იყოს ანკარის განაწყენება, თურქეთი რუსეთთან ღია დაპირისპირებაზე ასე იოლად ვერ წავა. მაშინ რა ფორმით აპირებს ანკარა ჩაერთოს რუსეთ-საქართველოს უკიდურესად დაძაბულ ურთიერთობაში?

(თორნიკე შარაშენიძის ხმა) ”რუსეთთან ურთიერთობები აქვს საკმაოდ კარგი თურქეთს, ეკონომიკურ თანამშრომლობას ვგულისხმობ... განსხვავებით ამერიკისგან, განსხვავებით ბალტიისპირეთისგან, განსხვავებით პოლონეთისგან, ასე ვთქვათ, მას რუსეთთან შედარებით თბილი ურთიერთობები აქვს - დაახლოებით ისეთი, როგორიც აქვს, ალბათ, დიდ სახელმწიფოებს. თუ ჩაერთო საფრანგეთი აქტიურად, ეს იმიტომ, რომ ევროკავშირს უნდა ემოქმედა, ამიტომაც ამუშავდა სარკოზი. თურქეთი ევროკავშირის წევრი არ არის და ასე შემდეგ... ანუ თურქეთი ისევე ჩუმად იყო, როგორც იყო აქამდე ჩუმად გერმანია, პრინციპში, ან, სიტყვაზე, იტალია. განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ რადგან მასთან რეგიონში ახლოს ხდებოდა ეს ყველაფერი, ის მუშაობდა, ცხადია, ამ საკითხზე ამერიკასთან ერთად. ალბათ, ამერიკა უფრო მოქმედებდა. ახლა ისიც ჩაერთო... პრინციპში, გაკეთდა ის, რაც უნდა გაეკეთებინა.” (სტილი დაცულია)

თურქეთი, მართლაც, არ არის ევროკავშირის წევრი, თუმცა ის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, ნატოს, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წევრი სახელმწიფოა. სწორედ ამის გამო გაჩნდა საქართველოში აზრი, რომ რეჯებ ტაიპ ერდოანის ჩამოსვლა შესაძლოა უკავშირდებოდეს საქართველოს სვლის დაჩქარებას ნატოსკენ მიმავალ გზაზე. პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ ამაზე ფიქრი ჯერ ძალიან ნაადრევია:

(თორნიკე შარაშენიძის ხმა) ”ჯერჯერობით ამაზე საუბარი იმდენად არ მიდის, ალბათ. ჯერჯერობით საუბარი მიდის რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაზე. ანუ ”მაპზე” ჯერ საუბარი, ალბათ, არ იქნება. ჯერ უნდა გაირკვეს - ვინ სად რჩება. ჯერჯერობით რუსები, როგორც ვუყურებთ, საქართველოს ტერიტორიიდან არ გადიან. ამერიკელები შემოდიან, მაგრამ რა ფორმით - ჯერ კიდევ გაუგებარია. ვნახოთ, რა მოხდება, როგორ შემოვა... სადამდე დაიწევენ რუსები უკან. ჯერ მოქმედებების დინამიკა არის ძალიან ისეთი, ცვალებადი დინამიკაა. ამაზე ლაპარაკი ნაადრევია ძალიან, რა იქნება...” (სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG