Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამ შეიძლება შეაჩეროს პუტინისა და მედვედევის რუსეთი


ბოლო დღეებში ბევრჯერ ითქვა, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულმა რუსეთის აგრესიამ შესაძლოა სერიოზულად დაძაბოს მისი ურთიერთობები ამერიკის





შეერთებულ შტატებსა და ევროპასთან. დაახლოებით ასეთი იყო იმ განცხადებათა შინაარსი, რომლებიც არაერმა უცხოელმა მაღალი რანგის პოლიტიკოსმა გააკეთა, მათ შორის ბევრი თავადაც სტუმრობდა თბილისს. ამერიკისა და ევროპის ლიდერთა მხრიდან საქართველოს მისამართით გამოხატული უპრეცედენტო მხარდაჭერის მიუხედავად, მედვედევისა და პუტინის რუსეთი არ ჩქარობს შეასრულოს ხელმოწერილი შეთანხმება და გაიყვანოს ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან. რა სადამსჯელო სანქციები შეიძლება დაუპირისპირდეს რუსეთის ამგვარ აგრესიულ პოლიტიკას? რამ შეიძლება შეაჩეროს რუსეთი?

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი, რომელიც 19 აგვისტოს ბრიუსელში შედგა, ევროპელი და ამერიკელი მაღალი რანგის პოლიტიკოსების პირველი მასშტაბური თავყრილობა იყო მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს ომი გამოუცხადა. სპეციალისტების ნაწილი რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ პირველ რეალურ სადამსჯელო სანქციად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ შექმნილ ვითარებაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ იწვევს ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომას და 2002 წელს საგანგებოდ შექმნილი ამ ფორუმის მუშაობა პრაქტიკულად დროებით შეჩერებულია. 19 აგვისტოს ბრიუსელში ისიც აღინიშნა, რომ ნატოს შემდგომი ნაბიჯების სიმკაცრე დამოკიდებული იქნება რუსეთის შემდგომ მოქმედებებზე.

პოლიტიკური რისკების მკვლევარი ბაკურ კვაშილავა ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე ყველაზე ეფექტიანად შეიძლება ჩაითვალოს სანქციები, რომლებიც რუსეთს გამოსწორებისთვის გარკვეულ ვადას მისცემს. კვაშილავას მაგალითად მოჰყავს შეერთებული შტატების სენატის მიერ ინიცირებული წინადადება, რომელიც 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის რუსეთიდან სხვა ქვეყანაში გადატანას ისახავს მიზნად:

(ბაკურ კვაშილავას ხმა) ”სწორედ კანონპროექტი, რომელიც შესულია ამერიკის სენატში და რომელიც უნდა განიხილონ სექტემბერში, არის ერთ-ერთი ამგვარი სახის არაფორმალური სანქცია იმ გაგებით, რომ რუსეთს აქვს საშუალება, აჩვენოს მსოფლიოს, რომ ის ისევ ცივილიზებული და დემოკრატიული ღირებულებების პატივისმცემელი ქვეყანაა.” (სტილი დაცულია)

როდესაც რუსეთისთვის, გამოსწორების კუთხით, დროის მიცემაზე ვსაუბრობთ, ბაკურ კვაშილავას აზრით, არ უნდა შევშინდეთ, რადგანაც აქ ხანგრძლივი ვადები არ იგულისხმება:

(ბაკურ კვაშილავას ხმა) ”მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საქართველოში ვართ და ჩვენზე ყველაზე ცუდად აისახება რუსეთის აგრესიული ოკუპაცია, იმავდროულად, ევროპა მთლიანად იაზრებს ამ შემთხვევაში, რომ ეს არის დაპირისპირება არა საქართველოსა და რუსეთს შორის, არამედ დასავლეთსა და რუსეთს შორის. ანუ, ამ შემთხვევაში, მთავარი მოთამაშე არის უკვე არა საქართველო-რუსეთი, არამედ - რუსეთი-დასავლეთი და, სწორედ აქედან გამომდინარე, ძნელად მოსალოდნელია, ვიფიქროთ, რომ ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები რაიმე გრძელვადიან კომპრომისზე არიან წამსვლელი რუსეთთან.” (სტილი დაცულია)

თუმცა ექსპერტებს შორის განსხვავებული აზრიც არსებობს. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ თუკი რუსეთს სასწრაფოდ არ დაუპირისპირებენ რეალურ სადამსჯელო სანქციებს, პუტინისა და მედვედევის ქვეყნის შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. ამგვარი სანქციების ნუსხას გასულ კვირაში მკითხველს ”ვაშინგტონ პოსტიც” სთავაზობდა. სტატიის ავტორი ჩარლზ კრაუტჰამერი ნომერ პირველ ამოცანად ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობის შეჩერებას ასახელებს, რასაც უნდა მოჰყვეს რუსეთის გზის გადაკეტვა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისკენ. შემდეგ უნდა დაიშალოს ”დიდი რვიანი” და, აღდგენისას, რუსეთი ამ სივრცეში თამაშგარე მდგომარეობაში უნდა აღმოჩნდეს. პარალელურად, ევროპამ და ამერიკამ ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს სოჭის ოლიმპიადას.

მსჯელობა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დასაჯოს მსოფლიომ გათავხედებული რუსეთი, ბოლო დღეების მანძილზე კიდევ უფრო გააქტიურდა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შესაძლებელია საერთაშორისო ანგარიშების გაყინვა და ვიზების გაცემის შეწყვეტა რუსეთის მოქალაქეებისთვის, რაც განსაკუთრებით ეგრეთ წოდებულ ახალ რუსებს აღაშფოთებს. ამასთან, უნდა გადაიხედოს ახლო პერსპექტივა იმ ენერგეტიკული პროექტებისა, რომლებიც რუსეთს ევროპასთან აკავშირებს. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლადო პაპავა მიიჩნევს, რომ საქმე აქამდე არ მივა და რუსეთი უკან დაიხევს. ეკონომიკის საკითხების ექსპერტი ამ ეტაპზე დასაწესებელ სადამსჯელო სანქციებს ასეთი თანმიმდევრობით ალაგებს:

(ლადო პაპავას ხმა) ”პირველი გახლავთ ”დიდი რვიანის” ფორმატიდან რუსეთის გაყვანა და ისევ დაბრუნება ”დიდი შვიდიანის” ფორმატზე, რაც იმას ნიშნავს, რომ სამომავლოდ გლობალური პრობლემების - მათ შორის, ეკონომიკური პრობლემების - გარშემო შეთანხმებების მიღწევის დროს რუსეთის აზრი აღარ იქნება მოსმენილი და გათვალისწინებული. მეორე გახლავთ ის, რომ დაბლოკონ გარკვეული ვადით რუსეთის მიღება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, ანუ ვადით, სანამ რუსეთთან არ გახდება შესაძლებელი ურთიერთობის დამყარება, ისეთი ურთიერთობისა, როგორიც მიღებული არის ცივილიზებულ სამყაროში.” (სტილი დაცულია)

ლადო პაპავას ჩამონათვალში მესამე სადამსჯელო სანქცია სოჭის ოლიმპიადის ჩაშლას უკავშირდება. ექსპერტის აზრით, თუკი ევროპის წამყვანი ქვეყნებისა და ამერიკის ძალისხმევით, 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადას ახალი მასპინძელი ქვეყანა გამოუჩნდება, ეს ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას. რადგანაც მთელი რუსული ბიზნესი დღეს მხოლოდ იმის მცდელობაშია, რომ როგორმე მიიღოს სახელმწიფო დაკვეთები სოჭის ოლიმპიური თამაშების ობიექტების მშენებლობის დაფინანსების კუთხით. გარდა ეკონომიკურისა, მოსკოვისთვის ეს საკმაოდ დიდი მორალური დარტყმაც იქნება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG