Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბაქოს სტუმრობს; ანკარა კავკასიის სტაბილურობის ხელშეკრულების გაფორმებაზე ფიქრობს


თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოანი დღეს ბაქოში ჩავიდა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს დახურულ კარს მიღმა შეხვდა.

ექსპერტთა ვარაუდით, შეხვედრის მთავარი თემა კავკასიის სტაბილურობის ხელშეკრულების დადების პერსპექტივა იყო. ამ ხელშეკრულების დადების იდეა ანკარას საქართველოში შექმნილი კრიზისის შედეგად გაუჩნდა, ვინაიდან ამ კრიზისმა საფრთხე შეუქმნა ენერგეტიკის ტრანსპორტირების იმ პროექტებს, რომლებშიც თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო მონაწილეობენ.

თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოანი ოთხშაბათს ბაქოში მოკლე ვიზიტით ჩავიდა და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან, გამართა შეხვედრა. ერდოანმა და ალიევმა დახურულ კარს მიღმა ისაუბრეს - შეხვედრას არც ერთობლივი პრესკონფერენცია მოჰყოლია. ექსპერტების ვარაუდით, მათ საქართველოში შექმნილი კრიტიკული ვითარება განიხილეს და აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების გზებზე იმსჯელეს. ამ თანამშრომლობის მთავარ ელემენტს, მოგეხსენებათ, კასპიის ზღვიდან ენერგეტიკის თურქეთში გადაქაჩვა წარმოადგენს.

საქართველოში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ერდოანის და ალიევის ერთ-ერთ მთავარ საზრუნავს ახლა კასპიის აუზიდან ევროპამდე გამავალი ენერგეტიკის ექსპორტის გზების უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს.

ორივე ლიდერის სურვილია რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს ნავთობის ექსპორტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით. 6 აგვისტოს თურქეთის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შემდეგ ეს ნავთობსადენი არ მუშაობს. თურქეთში ნავთობსადენის შეკეთებაზე მუშაობენ და, როგორც ვარაუდობენ, მისი ამუშავება უკვე რამდენიმე დღეში იქნება შესაძლებელი. მაგრამ მას შემდეგ, რაც საქართველომ რუსეთი ნავთობსადენის დაბომბვის მცდელობაში დაადანაშაულა, დამატებითი პრობლემები შეიქმნა სამომავლო უსაფრთხოების პერსპექტივის თვალსაზრისით.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გარდა, გაჩერებული რჩება ბაქო-სუფსის ნავთობსადენი და სარკინიგზო ხაზიც. ეჭვგარეშეა, რომ ალიევის და ერდოანის შეშფოთებას ესეც იწვევს.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა შეხვედრები გასულ კვირაში მოსკოვშიც გამართა და თბილისშიც. ანკარა კავკასიის რეგიონალური სტაბილურობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების დადების იდეით გამოდის, რათა მომავალში მაინც მოხერხდეს კონფლიქტების თავიდან აცილება. ერდოანმა ამ იდეაზე მოსკოვსა და თბილისში ვიზიტებისას უკვე ისაუბრა და, სავარაუდოდ, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემაც სწორედ ეს იყო.

საქართველოში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, აზერბაიჯანისთვის თურქეთის მხარდაჭერის მოპოვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება. საქართველოსა და რუსეთის კონფლიქტზე ბაქო ღია განცხადებებით არ გამოსულა, მაგრამ ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ეს მოვლენები აზერბაიჯანის ღრმა შეშფოთებას იწვევს. ბაქო ახლა განსაკუთრებით არის დაინტერესებული თურქეთთან კავშირების გაღრმავებით - ნატოს წევრ თურქეთს აზერბაიჯანისთვის უსაფრთხოების ბევრად უფრო მყარი გარანტიების მიცემა შეუძლია.

როგორც თურქეთისათვის, ისე აზერბაიჯანისთვის ახლა საკმაოდ მნიშვნელოვანი და დაძაბული ვითარებაა შექმნილი. ეს ორი სახელმწიფო ხომ საკუთარ მომავალს დიდწილად ენერგეტიკის ტრანსპორტირების პროექტებს უკავშირებს. ანკარა და ბაქო იმედოვნებენ, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი მხოლოდ დასაწყისია იმ ბევრი პროექტისა, რომლებიც მომავალ ათწლეულში განხორციელდება და კასპიის ნავთობისა და გაზის ევროპაში გატანას უზრუნველყოფს. ეს კი აზერბაიჯანსაც და თურქეთსაც მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოგებას მოუტანს.

მაგრამ საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი პოტენციურ ინვესტორებში, სავარაუდოდ, გააჩენს შიშს, რომ მომავალში კიდევ შეიძლება ასეთი პროცესები დაიწყოს კავკასიაში. ეს კი, თავის მხრივ, შესაძლოა უარყოფითად აისახოს შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის გეგმებზე გაზსადენ ”ნაბუქოს” აშენების შესახებ, რომელიც სრულად 2020 წლისთვის უნდა ამოქმედდეს და ევროპას დამატებით 31 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდოს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG