Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მასმედია დასავლეთში განაგრძობს საქართველოსა <br>და საქართველოს გარშემო შექმნილი ვითარების დაწვრილებით


მასმედია დასავლეთში განაგრძობს საქართველოსა და საქართველოს გარშემო შექმნილი ვითარების დაწვრილებით გაშუქებას.

წამყვანი ტელე- და რადიოკომპანიები, ინტერნეტსაიტები, პრესა, შეიძლება ითქვას, რომ გადავსებულია რუსეთსა და საქართველოს, რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირების თემისადმი მიძღვნილი მასალებით.

მიმოხილვას დავიწყებთ გერმანიის წამყვან კონსერვატიულ “ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუგნში” დაბეჭდილი სტატიით, რომელიც დაწვრილებით ასახავს ომის წინაისტორიისა და თვით ომის ეტაპებს. შესაბამისად, სტატია ვრცელია და ამ მიმოხილვაში სტატიის მხოლოდ მცირე ნაწილს უნდა დავჯერდეთ.
ორივე მხარე (იგულისხმება საქართველო და რუსეთი) ირწმუნება, რომ თვითონ გახდა თავდასხმის ობიექტიო, წერს “ფრანკფურტერ ალგეიმაინე ცაიტუნგში” დაბეჭდილი სტატიის ავტორი რაინჰარდ ვეზერი და განაგრძობს: “მხარეები ერთმანეთს ბრალად სდებენ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიზანმიმართულ მოქმედებას, მათს განდევნასა და ეთნიკურ წმენდას. ამ, მსხვილი მორალური კალიბრით წარმოებული დაპირისპირების ცენტრში დგას შეკითხვა - ვის რა შედეგებს მოუტანს ეს ომი? რუსეთისთვის საკითხავია, მოუტანს თუ არა მას სწრაფი სამხედრო გამარჯვება პოლიტიკურ გამარჯვებასაც, საქართველოსთვის საქმე ეხება თავის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს გადარჩენას, ევროკავშირი და ნატო კი დგანან შეკითხვის წინაშე, რა პრინციპებით განსაზღვრონ ახალი ურთიერთობა რუსეთთან”, -ვკითხულობთ “ფრანკფურტერ ალგემაინეში”, რომელიც მარტო დღევანდელ ნომერში რამდენიმე წერილს უძღვნის საქართველოში ომთან დაკავშირებულ საკითხებს.

ასევე, რამდენიმე მასალაა დაბეჭდილი ბრიტანეთის ყოველდღიურ მემარცხენე-ლიბერალურ “გარდიანში”. ერთ-ერთი სტატიის ავტორმა, ლუკ ჰარდინგმა სამი კვირა დაჰყო საქართველოში. ის წერს: “ცხინვალზე 7-8 აგვისტოს ღამით საქართველოს იერიშის დაწყებამდე სამხრეთი ოსეთი იყო მომცრო, მაგრამ მრავალფეროვანი რეგიონი, შთამბეჭდავი სილამაზის ქართული და ოსური სოფლებით. საქართველოს მთავრობა მათს მესამედს აკონტროლებდა. მეორე მესამედი, ძირითადად ცხინვალის გარშემო, სეპარატისტებისა და მათი მმართველების - რუსეთის უშიშროების სააგენტოების წარმომადგენელთა - ხელში იყო, მესამე მესამედს კი არავინ აკონტროლებდა. კონფლიქტის დაწყებიდან ერთ კვირაში მანქანით ჩავედი ახალგორში, რომელიც თბილისიდან (...) 41 კილომეტრში მდებარეობს. ოსების გასამხედროებულ ჯგუფებს, დაღესტნიდან ჩასულ რუს ჯარისკაცებთან ერთად, ის წინა საღამოს დაეპყროთ. მოსახლეობის უმრავლეობა უკვე გაქცეული იყო. ავტობუსის გაჩერებასთან ქალები დავინახე. ახალგორში ეთნიკური დაპირისპირება არ ყოფილაო, მითხრეს. მოსახლეობა შერეული იყო. ახლა თითქმის ყველა ქართვლეი გაიქცაო. მე ოსების გასამხედროებული ჯგუფის ლიდერს, კაპიტან ელრუსს ვკითხე - მოაწყეს თუ არა მისმა მებრძოლებმა ეთნიკური წმენდა ქართულ სოფლებში ცხინვალსა და გორს შორის. “დიახ, განვახორციელეთ წმენდის ოეპაროციაო”, - აღიარა მან.”

ამ სცენას გაზეთ “გარდიანში” აღწერს ჟურნალისტი ლუკ ჰარდინგი, რომელიც აუცილებლად მიიჩნევს ევროკავშირმა გააცნობიეროს - რუსეთს ცვლილებები შეაქვს არა მარტო ევროპის რუკაზე, არამედ ეთნიკურ გეოგრაფიაშიც.

ასევე ბრიტანეთის პრესაში, კერძოდ, კვირის გამოცემა “ობსერვერში” დაიბეჭდა სტატია, რომლის ავტორიცაა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი. “ოცი წლის წინ, როცა ბერლინის კედელი დაეცა”, - ასე იწყებს თავის წერილს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი - “ხალხმა იფიქრა, რომ ბოლო მოეღო მტრულ დამოკიდებულებას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და აღმოცენდა ახალი, საერთო ფასეულობებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი. ამ პროცესის ნაწილი იყო აღმოსავლეთ ევროპის ათი სახელმწიფოს გაწევრიანება ნატოში და მათი სულ უფრო ინტენსიური თანამშრომლობა ევროპასთან - მათი მაგალითის მიბაძვას სხვებიც აპირებდნენ. მაგრამ რუსეთის მტრული მოქმედება საქართველოს მიმართ გვაფიქრებინებს, რომ ის ვერ შეეგუა ამ ახალ რეალობას. რუსეთის აგრესია ჩვენს წინაშე ორ შეკითხვას წამოჭრის: როგორ შევუწყოთ ხელი საქართველოს სტაბილიზაციას ახლა და როგორ გავაგებინოთ რუსეთს, რომ მისი ცალმხრივი მიდგომა სახიფათო და მიუღებელია,” -
წერს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სტატიაში, რომელსაც ყოველკვირეული გამოცემა “ობსერვერი” აქვეყნებს.

ხოლო ასევე ყოველკვირეული “ნიუსვიკი” - ოღონდ შეერთებულ შტატებში გამომავალი ჟურნალი - ბეჭდავს სტატიას, რომლის ავტორის, ფარიდ ზაკარიას შეფასებით, საქართველოზე თავდასხმა უნდა მივიჩნიოთ არა “ახალი ეპოქის გარიჟრაჟად” მოსკოვის პოლიტიკაში, არამედ დიდ სტრატეგიულ შეცდომად. აი, ფარიდ ზაკარიას განმარტებით, რატომ: “რუსეთმა სულელურად დააშინა მეზობელი სახელმწიფოები, წააქეზა ისინი დასავლეთთან შეკავშირებისაკენ. თითქმის ორი წელი პოლონეთი ფეხს ითრევდა ამერიკელების მიერ შეთავაზებული ანტისარაკეტო გადამტაცების განთავსებაზე. რუსეთის თავდასხმიდან რამდენიმე დღეში ვარშავა დაყაბულდა მათს განთავსებას. უკრაინაში დიდი ხანი სუფევდა აზრთა სხვაობა დასავლეთთან დაახლოების საკითხზე. ის კი არა, რამდენიმე წლის წინ, მოსახლეობის 60 პროცენტს სურდა რუსეთთან რაღაც სახის ფედერაციაში ყოფნა. ახლა კიევი უყოყმანოდ ითხოვს ნატოში გაწევრიანების გზაზე დაყენებას. ვლადიმირ პუტინმა მეტი გააკეთა ტრანსატლანტიკური ერთიანობისთვის ვიდრე ოდესმე შეძლებდა პრეზიდენტი ბარაკ ობამაო” , ვკითხულოთ ნიუსუიკში.

დაბოლოს, ერთ ტელეინტერვიუზე, რომელიც გუშინ, ანუ ბრიუსელში ევროკავშირის საგანგებო შეხვედრამდე ერთი დღით ადრე აჩვენა ჩეხეთის ტელევიზიამ. ეს იყო საუბარი კომუნისტური პერიოდის წამყვან დისიდენტთან, ჩეხეთის რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტ, ვაცლავ ჰაველთან. მისი შეფასებით, ევროკავშირმა რუსეთი ცალსახად, აგრესორად უნდა დაასახელოს.
XS
SM
MD
LG