Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლო რეფორმის ახალი ეტაპი და მისი საკვანძო ღონისძიებები


საქართველოში რომ დემოკრატიული რეფორმების ახალი ტალღა იწყება, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა 16 სექტემბერს განაცხადა,

პარლამენტის წინაშე ყოველწლიური საანგარიშო მოხსენებით წარდგომისას. ახალი და გადაუდებელი დემოკრატიული რეფორმების გასატარებელი ინსტიტუტების ნუსხაში აღმოჩნდა სასამართლოც, რომლისადმი ნდობის მაჩვენებელი უკანასკნელ წლებში მკვეთრი ვარდნით ხასიათდება. სასამართლოს რეფორმირება, პრეზიდენტის ინიციატივის თანახმად, სამი მიმართულებით განხორციელდება: იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შევა ოპოზიციის წარმომადგენელიც, ამოქმედდება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის სისტემა და ნაფიც მსაჯულთა მართლმსაჯულების საშუალებით დამკვიდრდება ეგრეთ წოდებული პირდაპირი მართლმსაჯულება. რეფორმების ახალ ტალღას 25 სექტემბერს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი.

სიახლეები, რომლებიც უახლოეს მომავალში განხორციელდება მართლმსაჯულებაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის შეფასებით, აბსოლუტურად შეცვლის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებას. რეფორმების ახალი ტალღა, მისი თქმით, უპირველესად გულისხმობს ხალხის მონაწილეობას მართლმსაჯულებაში ნაფიც მსაჯულთა სისტემის მეშვეობით ისე, რომ ნაფიც მსაჯულთა გამამართლებელი ვერდიქტი არ გასაჩივრდება. მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იქნება შეჯიბრებითობის პრინციპი და ბრალდებისა და დაცვის მხარის სრული თანასწორობა. ზოგიერთ შემთხვევაში კი უფრო მეტიც, დაცვის პოზიციის გაძლიერება და ბრალდების მიმართ უპირატესობა. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ქართულ მართლმსაჯულებაში 2009 წლიდან დამკვიდრდება. მისი მთავარი უპირატესობა სახელმწიფო მართლმსაჯულების განხორციელებაში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართულობა იქნება. ნაფიც მსაჯულთა რაოდენობა 12 კაცით განისაზღვრება.

[კოტე კუბლაშვილის ხმა]“სასამართლოსადმი ნდობას სწორედ ეს გაზრდის, რომ თვითონ მოქალაქეები მიიღებენ მონაწილეობას და ახლოდან შეხედავენ რა ხდება სასამართლოში და როგორ მიმდინარეობს პროცესები. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მათგანი იძულებული, ვალდებული გახდება, რომ აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და არა შორიდან შეხედოს მოსამართლის გადაწყვეტილებას და შემდეგ მასზე რაღაც სუბიექტური აზრი გამოთქვას. აი, ეს არის ყველაზე მთავარი, რაც იმოქმედებს როგორც მოსახლეობის განწყობაზე სასამართლოს მიმართ, ასევე მათი ნდობის ამაღლებაზე, ჩემი აზრით.“(სტილი დაცულია)

გვითხრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა. მისი გათვლებით, 2010 წლისათვის პრაქტიკულად დასრულებული იქნება სასამართლოს რეფორმირების პროცესი. რაც შეეხება კონკრეტულად ახალი ტალღის ინიციატივებს, მათი ძალაში შესვლა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საკანონმდებლო პროცედურების დასრულებისა და ადგილზე შესაბამისი სამუშაოების გატარების შემდეგ, 2009 წლიდან დაიწყება. აქვე შევნიშნავთ, რომ დემოკრატიული რეფორმების ახალი ტალღის იმ ნაწილში, რომელიც სასამართლოს ეხება, ახალი, ფაქტობრივად, არაფერია. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღებაზე დისკუსიები რამდენიმე წელია გრძელდება და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პროექტის პირველი მოსმენა პარლამენტში გაზაფხულზე შედგა. პარლამენტმა უკვე იმსჯელა, ასევე, ოპოზიციიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის შეყვანის საკითხზე და, ბოლოს, რაც შეეხება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას: მიუხედავად იმისა, რომ საკითხი საპარლამენტო განხილვის საგანი ჯერ არ გამხდარა, ინიცირებული იყო რამდენიმე თვით ადრე - მანამ, ვიდრე იგი დემოკრატიის ახალი ტალღის რეფორმათა ნუსხაში მოხვდებოდა. ამ დეტალების მიუხედავად, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე გიორგი ჩხეიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტისა და, შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან სასამართლოს დამოუკიდებლობის თემის აქცენტირება უკვე ნიშნავს იმის აღიარებას, რომ ამ სფეროში პრობლემები არსებობს. გასაკეთებელი კი, მისი აზრით, უკვე დეკლარირებულ ამოცანებზე გაცილებით მეტია:

[გიორგი ჩხეიძის ხმა]“ მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი. პირველი, კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს და მოსამართლის დისკრეცია სასჯელებთან და სანქციებთან მიმართებაში აღდგეს, რაც ადრე არსებობდა. მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი, ის ინსტიტუციური ზეწოლა, რაც სასამართლოზე, სამწუხაროა, მაგრამ ხორციელდება აღმასრულებელი ხელისუფლების, პროკურატურის მხრიდან, აღმოიფხვრას. ნდობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, მე ვფიქრობ, რომ გადაიხედოს ის გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც აიკრძალა კამერების არსებობა და ჩანაწერები სასამართლო დარბაზში.“(სტილი დაცულია)

ამბობს გიორგი ჩხეიძე, რომლის აზრითაც, სასამართლოს დამოუკიდებლობის სისუსტე ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის წამახალისებელი და განმაპირობებელი ფაქტორია. მისი ოპონირება ამ საკითხში პრაქტიკულად შეუძლებელია. კოტე კუბლაშვილი, მაგალითად, მიიჩნევს, რომ, უკვე დაგეგმილი რეფორმების ფარგლებში, ქვეყანა მიუკერძოებელ და სამართლიან მართლმსაჯულებას მიიღებს:

[კოტე კუბლაშვილის ხმა]“ ძალიან კარგი სასამართლო გვექნება და მთავარია, რომ ჩვენ ეს ყველაფერი დავანახვოთ მოსახლეობას უფრო ხშირად და უფრო აქტიურად. იმიტომ რომ აქამდე მე ვიცი, - ჩვენი კვლევების შესაბამისად, მაქვს ინფორმაცია, - რომ მოსახლეობას არა აქვს სრული ინფორმაცია იმაზე, რაც ხდება სასამართლო სისტემაში და ისინი მსჯელობენ მხოლოდ კონკრეტული სიუჟეტების მიხედვით.“(სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG