Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატი მიემხრო მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას. ახლა ჯერი წარმომადგენელთა პალატაზეა


აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა საფინანსო კრიზისის მოსაგვარებლად შემუშავებულ გეგმას.

წუხელ გამართულ კენჭისყრაში მას 74 სენატორი მიემხრო, წინააღმდეგი იყო 24. მთავრობის მიერ შემუშავებული, 700 მილიარდი დოლარის მომცველი გეგმის ამ, გადამუშავებული პროექტის წარმატებამ ისევ გააღვივა იმედი, რომ აშშ-ის საკრედიტო და საბანკო ინსტიტუტები თავიდან აიცილებენ მორიგ ჩავარდნებს. თუმცა მსოფლიოს საფინანსო ბირჟების რეაქცია მაინც ფრთხილი ჩანს.

აშშ-ის სენატის მიერ მხარდაჭერილი გეგმა ოდნავ განსხვავდება წინა, წარმომადგენელთა პალატაში ორშაბათს ჩავარდნილი გეგმისგან: სიახლეა, მაგალითად, 110 მილიარდი დოლარის გამოყოფა ბიზნესისა და საშუალო ფენისთვის საგადასახადო შეღავათების დასაფინანსებლად. მაგრამ პროექტის პირველი ვარიანტის ძირითადი ნაწილი, ფაქტობრივად, არ შეუცვლიათ. ის ითვალისწინებს მთავრობის მიერ გამოყოფილი 700 მილიარდი დოლარით წამგებიანი ანგარიშების შესყიდვას ბანკებისა და საფინანსო ფირმებისაგან, რათა მათ ისევ შეძლონ კრედიტების გაცემა და თავიდან აიცილონ კოლაფსი.

როგორც სენატში გამართული კენჭისყრის შემდეგ განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა, დემოკრატმა ჰერი რეიდმა, დემოკრატები და რესპუბლიკელები გაერთიანებული ძალებით დაუპირისპირდნენ ერთ-ერთ უმწვავეს ეკონომიკურ კრიზისს შეერთებული შტატების ისტორიაში. [რეიდის ხმა] “ეს ნამდვილად არ არის სრულყოფილი კანონპროექტი. ეს ყველამ ვიცით. მაგრამ დიდად არის გაუმჯობესებული წინა ვარიანტთან შედარებით. და გაუმჯობესებულია იმიტომ, რომ ყველამ ერთად ვიმუშავეთ. ეს არ არის დემოკრატების კანონპროექტი და არც რესპუბლკიელების კანონპროექტი. ეს ჩვენი კანონპროექტია”.

სენატში კენჭისყრის შემდეგ განცხადებით გამოვიდა უმცირესობის ლიდერი, რესპუბლიკელი სენატორი მიტჩ მეკკონელიც. მისი თქმით, კენჭისყრის შედეგი მსოფლიოს აჩვენებს, რომ კანონმდებლები არ დაუშვებენ აშშ-ის ეკონომიკურ დაღმასვლას.

[მეკკონელის ხმა] “ეს არის მნიშვნელოვანი ამბავი ჩვენი ქვეყნისთვის. ნამდვილად გვაქვს სიამაყის საფუძველი. ეს ნაბიჯი მთელს პრობლემას ვერ მოაგვარებს, მაგრამ გვაყენებს გზაზე, რომელიც ამერიკის ეკონომიკის აღდგენამდე მიგვიყვანს - რაც საჭიროა, რომ ძალიან მალე მოხდეს”.

საფინანსო კრიზისის მოსაგვარებლად მთავრობის მიერ შემუშავებულ გეგმას მხარდაჭერა გამოუცხადა პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმაც - ჯონ მაკკეინმა და ბარაკ ობამამ. ორივე, როგორც ცნობილია, სენატორია.

ცნობა სენატში ანტიკრიზისული გეგმის მხარდაჭერის შესახებ გავრცელდა მაშინ, როცა აზიის საფონდო ბირჟებს უკვე დაწყებული ჰქონდათ დღევანდელი ვაჭრობა. და სიახლეს შეერთებული შტატებიდან რაიმე მკვეთრი რეაქცია არ მოჰყოლია. აქციების ფასების კლება არ შეჩერებულა იაპონიასა და სამხრეთ კორეაში. შეშფოთებამ გლობალური ეკონომიკური დაღმასვლის გამო დაჩრდილა ამერიკის ანტიკრიზისული გეგმის სენატში დამტკიცებით გაღვივებული ოპტიმიზმი.

სამაგიეროდ, ოპტიმიზმი უფრო ძლიერი აღმოჩნდა ევროპაში - აქციების ფასები გაიზარდა, ერთი მხრივ, აშშ-ის სენატში გამართული კენჭისყრის შედეგად, მეორე მხრივ კი იმის გამო, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი და სხვა წამყვანი ბანკები ნაღდი ფულით ეხმარებიან საკრედიტო ბაზარს.

თუმცა, ეს არ ნიშნავს, თითქოს დაძაბულობა განმუხტული იყოს და, მითუმეტეს, გამოკვეთილი იყოს შეერთებული შტატებიდან მთელს მსოფლიოს მოდებული საფინანსო კრიზისის მოგვარების ცალსახა პერსპექტივა. ევროკავშირის რამდენიმე, ეკონომიკურად წამყვანი ქვეყნის ლიდერები ამ კვირის მიწურულს შეიკრიბებიან კრიზისით მოცული ევროპული ბანკების შესაძლო დახმარებაზე მოსალაპარაკებლად.

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში კი პარასკევს უნდა გაიმართოს კენჭისყრა ანტიკრიზისული გეგმის იმ ვერსიაზე, რომელიც წუხელ სენატმა განიხილა და დაამტკიცა. წარმომადგენელთა პალატის მხარდაჭერის გარეშე, ანტიკრიზისულ გეგმას განხორციელება არ უწერია.
XS
SM
MD
LG