Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტმა მორიგი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა


მესამე საპარლამენტო არჩევნები სამად-სამი წლის მანძილზე - უკრაინაში საარჩევნო მარათონი გრძელდება.

პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ, პარლამენტის დათხოვნის შემდეგ, რიგგარეშე არჩევნები დანიშნა.

პრეზიდენტის სატელევიზიო მიმართვაში, ოთხშაბათს საღამოს, უკრაინელებმა ნაცნობი სიტყვები მოისმინეს:
[იუშჩენკოს ხმა] “უკრაინის კონსტიტუციის შესაბამისად, დათხოვნილად ვაცხადებ მეექვსე მოწვევის ვერხოვნა რადას და ვნიშნავ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს”.

კენჭისყრა 7 დეკემბრისთვის დაინიშნა. საქმე ეხება უკრაინაში მესამე საპარლამენტო არჩევნებს ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ. ჯერ იყო 2006 წლის მარტის არჩევნები, რასაც მოჰყვა რიგგარეშე არჩევნები 2007 წლის სექტემბერში, პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის გაჭიანურებული დაპირისპირების შემდეგ.

რაც შეეხება ამჟამინდელი კრიზისის მიზეზს, რასაც პრეზიდენტმა მორიგი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნით უპასუხა, იუშჩენკო აცხადებს: [იუშჩენკოს ხმა] “ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დემოკრატიული კოალიცია დაანგრია ერთმა რამემ - ადამიანის ამბიციამ, ერთადერთი პიროვნების ამბიციამ, ხელისუფლებას დახარბებამ, ფასეულობების განსხვავებულობამ და იმან, რომ პიროვნულმა ინტერესებმა სძლია ეროვნულს”.

ასეთია პრეზიდენტ იუშჩენკოს ბრალდება აშკარად პრემიერ-მინისტრ იუოლია ტიმოშენკოს მისამართით. მანამდე ამ ორმა ლიდერმა, როგორც იუწყებიან, სცადა, მაგრამ უშედეგოდ, ერთსულოვნების მიღწევა ე.წ. “ნარინჯისფერი საპარლამენტო კოალიციის” შენარჩუნებაზე. კოალიცია აერთიანებდა იულია ტიმოშენკოს ბლოკს და იუშჩენკოს ბლოკს “ჩვენი ურაინა-სახალხო თავდაცვა”. ის 3 სექტემბერს დაიშალა - მას შემდეგ, რაც ტიმოშენკოს ბლოკი კოალიციურ პარტნიორს გაემიჯნა და ოპოზიციასთან ერთად მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ასუსტებს პრეზიდენტის უფლებამოსილებას - მთავრობის პოზიციების გაძლიერების ხარჯზე.

იუშჩენკოს გადაწყვეტილებას პარლამენტის დათხოვნისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ პოლიტიკური ოპონენტების მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. როგორც ჩვენი რადიოს უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში თქვა ტიმოშენკოს საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ივან კირილენკომ, ბლოკი არჩევნების კატეგორიული წინააღმდეგია. [კირილენკოს ხმა] “ორი თვე არჩევნები. ორი თვე გასაჩივრება და ხმების დათვლა. მერე, ერთი თვის შემდეგ - კოალიციის შექმნა. ორი თვის შემდეგ - მთავრობის ფორმირება. გამოდის, 7 თვე იქნება უკრაინა ამ კოალიციის შექმნის პროცესში”.

ხშირი არჩევნების გარდა, უკრაინელი ამომრჩეველი ბოლო წლებში პრემიერ-მინისტრის პოსტზე ხშირი ცვლილებების მოწმეც გახდა. 2005 წლიდან მოყოლებული, ტიმოშენკო ორჯერ იყო პრემიერ-მინისტრი, თითო-თითოჯერ ეს პოსტი პრორუსული ძალების ლიდერ ვიქტორ იანუკოვიჩს და იუშჩენკოს მოკავშირე იური იეხანუროვს ერგოთ.

რა გასაკვირია, რომ ამდენი ცვლილების ფონზე, უკრაინელი ამომრჩევლების ნაწილში იკლო ენთუზიაზმა ნარინჯისფერი რევოლუციის შემდგომი პოლიტიკური პროცესის მიმართ. აი, როგორ უპასუხა საინფორმაციო სააგენტო “როიტერის” შეკითხვას, აპირებს თუ არა 7 დეკემბერს არაჩევნებზე წასვლას, კიეველმა პენსიონერმა ნატალიამ: [ნატალიას ხმა]
“არჩევნებზე არ წავალ! რამდენჯერ უნდა წავიდე? აზრი არა აქვს. არჩევნები იმართება, გაუმჯობესება კი არ ჩანს, შედეგი არ ჩანს. მე ასე ვიტყოდი, რომ მათ ჩვენი ქვეყანა დაანგრიეს”.

თუმცა, ოპტიმისტური განწყობა, ცხადია ყველას არ დაუკარგავს... [კიეველი მამაკაცის ხმა] “რასაკვირველია, წავალ არჩევნებზე, აუცილებლად წავალ! ხმას ვის მივცემ და, რასაკვირველია, იულიას - ერთადერთი ადამიანია, ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელიც ხალხისთვის რაღაცას აკეთებს”.

სხვათა შორის, იულია ტიმოშენკო, რომლისთვის ხმის მიცემასაც ეს კიეველი მამაკაცი აპირებს, გეგმავს გაასაჩივროს უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება პარლამენტის დათხოვნისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ.
XS
SM
MD
LG