Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ და სად ბრუნდებიან აგვისტოს ომის შედეგად დევნილი ადამიანები


მას შემდეგ, რაც 10 ოქტომბერს ეგრეთ წოდებული ბუფერული ზონებიდან რუსი ოკუპანტების გასვლის პირველი ეტაპი დასრულდა, შიდა ქართლში დევნილების უკან დაბრუნების პროცესი გააქტიურდა.

13 ოქტომბერს გორში საბოლოოდ დაიშალა კარვების ქალაქიც. რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დარეგისტრირებული 133 ათასი დევნილიდან უდიდესი ნაწილი უკვე დაუბრუნდა საკუთარ სოფლებს და ეს მიუხედავად იმისა, დაინგრა და დაზიანდა თუ არა მათი სახლები. შიდა ქართლის გუბერნატორის თქმით, მეზობლებსა და ნათესავებთან ჩასახლებული ადამიანები თავად მიიღებენ მონაწილეობას დანგრეული და დაზიანებული სახლების აღდგენაში. რამდენად დაცულია მათი უსაფრთხოება?

ტირძნისელი მარინა ადუაშვილი, 2 შვილთან ერთად, უკვე დაუბრუნდა საკუთარ სოფელს. მანამდე სამივე თბილისში ცხოვრობდა, დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში. ოჯახის მამა აქტიური სამხედრო მოქმედებების დასრულების შემდეგ, დაახლოებით ერთი თვის წინ, ნაღმზე აფეთქდა და, მძიმე მდგომარეობაში, ჯერ ისევ გორის საავადმყოფოში იმყოფება. მეუღლის უბედურებამ კიდევ უფრო გაამძაფრა მარინა ადუაშვილის შიში შვილების უსაფრთხოების გამო, მაგრამ თანდათან შიში მსუბუქდება:

(მარინა ადუაშვილი ხმა) ”ბევრნი არიან, დღედადღე შემოდიან, სოფელი ივსება და... მაინცდამაინც ისე არ მეშინია მე, მაგრამ ბავშვებს ეშინიათ... ბომბები ხო ფეთქდება აქ... დარჩენილი რაც არის, იმას აფეთქებენ და ისეთი საშინელი ხმებია, ბავშვებს ეშინიათ, ღამეც ეშინიათ, მაგრამ, რა ვუყო, აბა... აქ მირჩევნია მაინცა, ჩვენს სახლში, ბავშვების სახლში... პოლიცია დგას, გამნაღმველებიც არიან... დადის ჩვენი პოლიცია.” (სტილი დაცულია)

მარინა ადუაშვილს გაუმართლა. მის სახლს მხოლოდ ფანჯრები აქვს ჩამსხვრეული. თუმცა სოფელ ტირძნისში, ისევე როგორც გორის რაიონის სხვა სოფლებში, სახლების დიდი ნაწილი დანგრეული და დამწვარია. ზარალი ჯერ შეჯამებული არ არის, მაგრამ წინასწარვე ცხადია, რომ ზარალი მეტად მასშტაბურია. დაზიანებული, დანგრეული და დამწვარი შენობების აღრიცხვას, სოფელ-სოფელ და კარდაკარ ჩამოვლით, 5-კაციანი ჯგუფები აწარმოებენ. აღდგენითი სამუშაოები, რაც ზოგიერთ სოფელში უკვე დაიწყო კიდეც, ხელისუფლების დაპირების მიხედვით, ახალ წლამდე უნდა დასრულდეს. მშენებლობის პროცესში ჩართვა შეუძლია ადგილობრივ მოსახლეობასაც, რისთვისაც ისინი შესაბამის ანაზღაურებას მიიღებენ. სწორედ ამ მიზეზით, საკუთარ სოფლებს ის ადამიანებიც უბრუნდებიან, რომელთა სახლები თავიდან არის ასაშენებელი ანდა საფუძვლიან აღდგენას საჭიროებს:

(ვლადიმერ ვარძელაშვილის ხმა) ”გორის რაიონში - სოფელ ერგნეთის გარდა, თითქმის ყველა სოფელში - 90-95 პროცენტი მოსახლეობა დაბრუნდა. იგივეა ქარელის რაიონში... მათ შორის ის ადამიანებიც, ვისი სახლიც განადგურებულია, მაგრამ დროებით მეზობლებან განთავსდნენ ან ახლობლებთან და თითონვე მიიღებენ თავიანთი სახლის რეაბილიტაციაში მონაწილეობას.” (სტილი დაცულია)

ეს შიდა ქართლის გუბერნატორი ვლადიმერ ვარძელაშვილი გახლავთ. შეკითხვაზე - რამდენად დაცულია საკუთარ სოფლებში უკან დაბრუნებული ადამიანების უსაფრთხოება, ვარძელაშვილი პასუხობს, რომ გარემო სოფლებში ამჟამადაც დაახლოებით ისეთივე სარისკოა, როგორც ეს ბოლო წლებში იყო:

(ვლადიმერ ვარძელაშვილის ხმა) ”სანამ კონფლიქტი დაიწყებოდა, ზუსტად იგივე შეიძლებოდა ნებისმიერ წუთს მომხდარიყო. ეს რეგიონი არის კონფლიქტის ზონასთან ახლოს და რისკის ფაქტორი ყოველთვის შეიძლება იყოს - კონფლიქტის დაწყებამდეც და კონფლიქტის შემდეგაც... ამას ახლა წინასწარ ვერავინ იტყვის... მაგრამ რაც შეეხება უსაფრთხოებას, ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები არიან გორის რაიონის თითქმის ყველა სოფელში და მათ ხელთ არსებულ ყველა ღონეს მიმართავენ, რომ ადამიანებმა თავისუფლად იგრძნონ იქ თავი.” (სტილი დაცულია)

ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის კუთხით, დიდი როლი ენიჭებათ ევროკავშირის მისიის მეთვალყურეებს, რომლებიც, მართალია, შეიარაღებულები არ არიან და უშუალოდ მოსახლეობის დაცვის ფუნქცია არ ეკისრებათ, მაგრამ მათი ყოფნა რეგიონში პროვოკატორებისთვის ანგარიშგასაწევ ფაქტორად მიიჩნევა. თუმცა ამ ანგარიშგასაწევი ფაქტორის არსებობის მიუხედავად, უკან არ იხევს მოსკოვი. საჩხერის რაიონის სოფელ პერევს, ახალგორის რაიონს, დიდი და პატარა ლიახვის ხეობებისა და ფრონეს ხეობის სოფლებს ჯერ ისევ აკონტროლებენ რუსი სამხედროები თუ მათი მფარველობის ქვეშ მოქმედი სეპარატისტები. ევროკავშირისთვის ნათელია, რომ ორგანიზაციის მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის - საფრანგეთის - პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების მოთხოვნებს კრემლი მხოლოდ ნაწილობრივ ასრულებს. ამიტომ დევნილების სადავო ტერიტორიებზე დაბრუნება ევროკავშირმა შემდგომი მოლაპარაკებების დროს მისაღწევ მიზნად დაისახა. ამ საკითხების გარშემო ევროპელებს შორის აზრთა შეჯერების პროცესი დაიწყო 13 ოქტომბერს ლუქსემბურგში, რაც 15 ოქტომბერს ჟენევაში გაგრძელდება. როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა 10 ოქტომბერს გორში ყოფნისას განაცხადა, მიზნის მისაღწევად რამდენიმე სხდომის მოწვევა მაინც გახდება საჭირო.

მანამდე კი, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ხელახლა ითვლის იმ დევნილების საერთო რაოდენობას, რომლებიც კრემლის შემდგომ უკანდახევამდე ვერ დაუბრუნდებიან საკუთარ სახლ-კარს. სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ ამჟამად არსებული მონაცემი, დაზუსტების პროცესში, დაახლოებით 3 ათასით შემცირდება:

(გიორგი ვაშაძის ხმა) ”ამჟამად დევნილობაში რჩება დაახლოებით 20-22 ათასი ადამიანი. ეს ციფრი ახლა ზუსტდება, იმიტომ რომ ზოგიერთი მათგანი არის ორმაგი დევნილი, რომელიც ცხინვალში იყო მანამდე რეგისტრირებული, მაგრამ არ ცხოვრობდა იქ, კონფლიქტის ზონაში, და ცხოვრობდა გორში ან თბილისში... ჩვენ ვფიქრობთ, რომ 17-დან 20 ათასამდე იმერყევებს, საერთო ჯამში, დევნილთა რიცხვი. აქ იგულისხმება ახალგორი, დიდი და პატარა ლიახვის ხეობები, ფრონეს ხეობა და კოდორის ხეობა.” (სტილი დაცულია)

დევნილებისთვის, რომლებიც უახლოეს მომავალში ვერ დაუბრუნდებიან საკუთარ სახლ-კარს, კოტეჯები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შენდება. ამ კატეგორიის ადამიანები ასევე განთავსდებიან, შიდა ქართლის მასშტაბით, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების შენობებში. ხელისუფლება პირობას დებს, რომ მათი სოციალური პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდება. ბევრი დევნილი ამჟამად, რბილად რომ ვთქვათ, ჯერ ისევ გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG